ჩემი ქალაქი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ჩვენს დედაქალაქს, განსაკუთრებულ ხიბლს, ბევრი ლამაზი შენობა სძენს. ერთ-ერთი, მათ შორის, რუსთაველის გამზირის 37 ნომერშია, ელბაქიძის დაღმართზე. ულამაზესი, ძველი შენობა "აზარიანცის სახლის" სახელითაა ცნობილი. ამ “შემოსავლიანი სახლის” ისტორიაზე საუბრისას, მის მფლობელზე ორიოდ სიტყვით ამბობენ, რომ იყო "პირველი გილდიის ვაჭარი, კომერსანტი და დიდი ქველმოქმედი."
და მაინც ვინ იყო ალექსანდრე მელიქ-აზარიანცი, XIX საუკუნის მსხვილი ბიზნესმენი და მეწარმე?
აზარიანცის იდუმალებით მოცული ბიოგრაფია უამრავ ლეგენდას მოითვლის და მარკეტერის ეს სტატია, გიამბოთ უცნობ ისტორიებს ბიზნესმენის შესახებ.
ალექსანდრე სომხური წარმოშობის იყო (კერძოდ, ყარაბახიდან), იქაური წოდების თანახმად, თავადი უნდა ყოფილიყო. მელიქები ხშირად ინიშნებოდნენ ქალაქის თავად. ტიტულის გარდა, რომელიც მემკვიდრეობით ექნებოდა მიღებული, აზარიანცს საკმაო ქონებაც უნდა დარჩენოდა. ალექსანდრემ უმაღლესი განათლება პეტერბურგში მიიღო. პროფესიით გეოლოგმა ცოდნა არაერთხელ გამოიყენა, როგორც საქმეში – სპილენძისა და ნავთობის მოპოვება-გადამუშავება, ისე “შემოსავლიანი სახლის” მშენებლობისას.

მელიქ-აზარიანცმა ცოლად თაქუი ოვსეპიანი ითხოვა. მალე გოგონაც შეეძინათ, რომელსაც დედის სახელი – თაქუი დაარქვეს, რაც სომხურად “დედოფალს” ნიშნავს. სამწუხაროდ, გოგონა ავადმყოფობის გამო, ახალგაზრდა დაიღუპა. მათი შთამომავლის, ნატალია კალანტეროვას მონათხრობიდან ირკვევა, რომ აზარიანცებს მეორე ქალიშვილიც შეეძინათ, სახელად სოფია, რომელიც თბილისში, მამის ნაჩუქარ სახლში ცხოვრობდა. სახლი ლერმონტოვის 14-ში ახლაც დგას.
როდესაც ვამბობთ, რომ ალექსანდრე მელიქ-აზარიანცი პირველი გილდიის ვაჭარი იყო, ვგულისხმობთ, რომ ის იყო მისი დროის მსხვილი ბიზნესმენი, რომელსაც ჰქონდა სპილენძის საბადოები და გადამამუშავებელი ქარხნები სომხეთში (ქარხანას ფლობდა თბილისშიც), ნავთობის საბადოები ბაქოში, ქვის სამტეხლოები, პირველი სატელეფონო ქსელი თბილისში, შემოსავლიანი სახლი ოლგას ქუჩაზე (ახლანდელი რუსთაველის გამზ. #37), ორი სახლი – სულხან საბას და ლერმონტოვის ქუჩებზე და ა.შ.
აზარიანცმა ათწლეულებით გაუსწრო არსებულ სტანდარტულ ინფრასტრუქტურას და განიზრახა აეგო სრულიად განსხვავებული კონცეფციის “შემოსავლიანი სახლი” – ეს იყო მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელსაც ჰქონდა საკუთარი წყალმომარაგება (იმ დროის თბილისში წყალსადენი მოქმედებდა, თუმცა, სამზარეულომდე და სააბაზანომდე მიყვანილი წყალი თბილისელებისთვის ეგზოტიკას წარმოადგენდა), ცენტრალური გათბობა, საკუთარი სატელეფონო სადგური, კინოთეატრი, ფოტოსალონი, ბავშვთა პანსიონი, სამხატვრო გალერეა, ეგზოტიკური მცენარეებითა და შადრევნით გაშენებული ეზო. სახლი ძირითადად რუს საჯარო მოხელეებს ჰქონდათ ნაქირავები და ასეთი კომფორტის მიუხედავად, აზარიანცი მაინც არ აფასებდა ძვირად.

1918 წლის გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" პირველ გვერდზე წერია, რომ იხსნება სასტუმრო მელიკ-აზარიანცის ბაღში, ვერის დაღმართზე, ზემელის აფთიქის პირდაპირ.
აღსანიშნავია, რომ აზარიანცის სახლის ადგილას ნაგავსაყრელი და ბარაკები იყო და ქალაქის თავმა, ხატისოვმა ალექსანდრეს სწორედ ეს ადგილი შესთავაზა სამშენებლოდ. ბუნებრივია, აზარიანცი გაბრაზდა ამგვარ შეურაცხყოფაზე, თუმცა, დანებების ნაცვლად, მიიღო გამოწვევა და ნაგავსაყრელის გაწმენდას შეუდგა, ხოლო მეზობლად მცხოვრები ოჯახებისგან, მათი ბარაკები 300-300 ოქროდ იყიდა.
როგორც აღმოჩნდა, საძირკვლის ტრადიციული მეთოდით ამოყვანა, გრუნტის წყლების გამო, შეუძლებელი იყო. განათლებით გეოლოგმა ეს გამოწვევაც უდრეკად მიიღო და გონივრული გამოსავალი იპოვნა – საძირკველი მთლიანად ტყვიაში ჩასვა, ხოლო სამშენებლოდ სპეციალური ხერხით გამომწვარი აგური გამოიყენა.
რაკი “შემოსავლიანი სახლი” გამორჩეულად დიდი შენობა იყო, საძირკველიც დიდი სჭირდებოდა, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც სახლს მიწისქვეშ 3-4 სართული და გვირაბების დიდი ქსელი აქვს, თუმცა, არ გამოვრიცხავთ, რომ იდუმალებით მოცულ მეპატრონეს ეს სივრცე სხვა დანიშნულებითაც სჭირდებოდა.
მშენებლობის პროცესში, ხატისოვს წყალი შეუწყვიტავს მისთვის და მის გამოშვებას მხოლოდ გაძვირებული ტარიფის სანაცვლოდ დაჰპირებია. ქალაქის თავის ვერაგობას აზარიანცმა ჯიუტი მოხერხებულობით უპასუხა – დიდი რაოდენობით შეისყიდა ღვინო, რომელიც წყალზე ბევრად იაფი ჯდებოდა და ის მოიხმარა სამშენებლოდ.
ამბობენ, სახლის მშენებლობისას მდიდარი მეგობრები საძირკველში ძვირფასეულობებს ყრიდნენ, იღბალს მოუტანს აზარიანცსო...

ქალიშვილის, თაქუის გარდაცვალების თარიღად ბევრი 1904 წელს ასახელებს და ამბობს, რომ აზარიანცმა სახლის მშენებლობა მას მიუძღვნა, თუმცა სხვები ირწმუნებიან, რომ თაქუი მშენებლობის დასრულების პერიოდში გარდაიცვალა, ხოლო ყვავილების გვირგვინები და ცრემლების ფორმის ფანჯრები, ალექსანდრეს სავარაუდო აპარტამენტებთან, ბიზნესმენის გარდაცვლილი ქალიშვილის სახელზე დაემატა პროექტს.

ზოგიერთი წყაროს თანახმად, როდესაც ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოვიდნენ, მელიქ-აზარიანცს “შემოსავლიანი სახლის” გაყიდვა და საზღვარგარეთ წასვლა განუზრახავს. ამ მიზნით ფრანგ მყიდველთანაც ჰქონია მოლაპარაკება. ცოლი საფრანგეთში გამგზავრებულა, სადაც მეუღლის ჩასვლას უნდა დალოდებოდა, თუმცა ალექსანდრეს ქვეყანა ვეღარ დაუტოვებია.
ბოლშევიკებმა აზარიანცს ლეგენდარული “შემოსავლიანი სახლი” ჩამოართვეს და საცხოვებლად იმავე სახლის სადარბაზოში, ერთ-ერთი კიბის ქვეშ მიუჩინეს ადგილი, სადაც ალექსანდრემ სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა (სხვა ვერსიის მიხედვით, კიბის ნაცვლად, ეს იყო დარაჯის ჯიხური). ასე გარდაიცვალა იდუმალებით მოცული ბიზნესმენი 1923 წელს, უკიდურეს სიღატაკეში. მეგობრებმა შეგროვილი ფულით დაკრძალეს. ვერის ძველ სასაფლაოზე, დიდ აკლდამებს შორის, ოდესღაც თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და შეძლებული მოქალაქის მოკრძალებულ საფლავს დღესაც წააწყდებით, წარწერით, “მშვიდობა შენდა, ღირსეულო მამაო!”.
წყარო: მარკეტერი
01/30/2026