საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ეს არის ლეგენდარული ბებიაქალის ისტორია, რომელმაც საკუთარი 24 შვილი დაკრძალა და 45 წლიდან, 57 წლის მანძილზე, ათასზე მეტ დედას, შვილის უსაფრთხოდ გაჩენაში დაეხმარა. დადიოდა ფეხით, ცხენით და ხალხური მედიცინის უნარებით, ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვილი უვნებლად ჩაებარებინა მშობიარე ქალისთვის. ამაში ერთ გროშს არ ითხოვდა...
ამ სიმძიმის ჯვარი ზიდო, არ გაბოროტდე და ცხოვრების მეორე ნახევარში, ასეთი მადლიანი საქმის კეთებით მიხვიდე 102 წლამდე, წარმოუდგენლად ამაღელვებელი ისტორიაა...
ეს "დეიდა ორლინის" გაუგონარი ისტორიაა...

***
ვირჯინიის ქედის მთებში, მომცრო ვაკე ადგილას, პატარა საფლავების რიგია. ოცი უბრალო ქვა, ერთმანეთის მიყოლებით დაწყობილი, ერთმანეთისგან მხოლოდ სამი ფუტის დაშორებით. ქვებზე არც სახელებია ამოტვიფრული, არც- თარიღები. აქ ჩვილები განისვენებენ - ორლინ ჰოუკს პაკეტის შვილები.


ორლინი, დაახლოებით, 1844 წელს დაიბადა, ჩრდილოეთ კაროლინაში. მან მცირეოდენი განათლება მიიღო, სანამ, თექვსმეტი წლის ასაკში, ჯონ პაკეტზე დაქორწინდებოდა. ისინი ერთად დასახლდნენ გრაუნდჰოგის მთის მახლობლად, აპალაჩის მკაცრ უდაბნოში და ვირჯინიის ველურ მთებში დაიწყეს ცხოვრება.

1861 წელს წყვილს პირველი შვილი შეეძინა, ქალიშვილი, სახელად ჯული - ენი. რამდენიმე დაუვიწყარი თვის განმავლობაში, მშობლები საოცარ აღმაფრენას განიცდიდნენ.მაგრამ, ორლინს არ დასცალდა, დიდი ხნით, დედობის სიხარული- მისი შვილი დიფტერიამ იმსხვერპლა. მწუხარება აუტანელი იყო. ორლინი და ჯონი არ კარგავდნენ იმედს, რომ ბოლოსდაბოლოს, ისეთ ოჯახს შექმნიდნენ, როგორზეც ოცნებობდნენ...
ცოტა ხანში, ორლინი ისევ დაფეხმძიმდა, მაგრამ ჩვილი დაბადებისთანავე გარდაიცვალა. ასე გრძელდებოდა ისევ და ისევ. ქორწინების განმავლობაში ორლინი ოცდაოთხჯერ იყო ორსულად. ვერცერთი ბავშვი ვერ გასცდა ჩვილობის ასაკს: ზოგი მკვდრადშობილი იყო, ზოგმა მხოლოდ რამდენიმე საათი იცოცხლა, ზოგმა - რამდენიმე დღე. ვერავინ შეძლო მისთვის „დედა“ დაეძახა.

დღეს ჩვენ ვიცით, რომ ორლინი, სავარაუდოდ, ნაყოფის ჰემოლიზური დაავადებით იტანჯებოდა, მდგომარეობა, რომლის დროსაც დედის სისხლი შეუთავსებელია ბავშვის სისხლთან. მე-19 საუკუნეში არავინ იცოდა ეს. ორლინს მხოლოდ, ერთიმეორის მიყოლებით, შვილების დაკრძალვა ხვდა წილად, რამაც ოცი პატარა საფლავის რიგი შექმნა გრაუნდჰოგის მთაზე.
ადამიანების უმეტესობას ასეთი მწუხარება გაანადგურებდა. ზოგი თავის თავში ჩაიკეტებოდა, ზოგი საერთოდ ვერ აიტანდა სხვების შვილების ხილვას.
ორლინ ჰოუკს პაკეტს სულ სხვა გზის გავლა არგუნა განგებამ. 1889 წელს, როდესაც ის უკვე თითქმის ორმოცდახუთი წლისა იყო, მეზობელმა, სახელად ბაირამ ბოუმენმა, მის კარზე დააკაკუნა. კაცის ცოლი მშობიარობდა. ექიმი ახლომახლო არსად იყო, არც ბებიაქალი. და ორლინიც სასწრაფოდ გაემზადა მშობიარეს დასახმარებლად. სწორედ ამ მომენტში, ყველა თავისი შვილის დაკარგვის შემდეგ, ორლინ ჰოუკს პაკეტმა აღმოაჩინა თავისი მოწოდება. ის ბებიაქალი გახდა.
მომდევნო ორმოცდაჩვიდმეტი წლის განმავლობაში, ორლინი ვირჯინიის მთებში მოგზაურობდა. ზოგჯერ, ფეხით ან ცხენით, ოც მილს გადიოდა, მშობიარე ქალთან მისასვლელად. დახმარებისთვის ქალი ერთ ცენტსაც კი არ ითხოვდა... არადროს!.. ის პრიმიტიულ ქოხებში მუშაობდა, რომლებსაც მიწის იატაკი ჰქონდათ. მას არ ქონდა საავადმყოფოს შენობა, თანამედროვე აღჭურვილობა და ანტიბიოტიკები. მხოლოდ საკუთარი ხელები, გამოცდილება და ურყევი გადაწყვეტილება, გაეკეთებინა ყველაფერი, რაც კი შესაძლებელი იყო ბავშვის გადასარჩენად. მისი მეთოდები აერთიანებდა პრაქტიკულ უნარებსა და აპალაჩის ხალხურ მედიცინას.

ერთხელ, განსაკუთრებით რთული და გახანგრძლივებული მშობიარობის დროს, მან ექიმს ჰკითხა: „არ ფიქრობთ, რომ დროა, „ოპერაცია“ ჩავატაროთ?“ ექიმმა ვერ გაიგო, რაზე საუბრობდა ორლინი. უცებ მან ჩანთიდან ბატის ფრთა ამოიღო და ცეცხლის ალზე დაიჭირა, შემდეგ კი კვამლიანი ფრთა ქალს ცხვირთან მიუტანა. ქალს კვამლისგან ძლიერი ხველა და ცემინება აუვარდა და... ბავშვიც მაშინვე დაიბადა.
ბებიაქალად მუშაობის პერიოდში, ორლინ ჰოკს პაკეტი ათასზე მეტ მშობიარობას დაესწრო. მის ხელში არასდროს, არც ერთი დედა არ გარდაცვლილა...
და, არც ერთი შვილი...

ათასი მშობიარობა... ათასი ჯანმრთელი ბავშვი... ათასი ქალი, რომლებიც გადარჩნენ იმ ეპოქაში, როდესაც მშობიარობის დროს სიკვდილი საშინლად გავრცელებული იყო... დავფიქრდეთ ამაზე. იმ დროს, როდესაც მშობიარობა ქალების სიკვდილიანობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენდა, იზოლირებულ აპალაჩის მთებში, სადაც საავადმყოფოები და ექიმები თითქმის არ არსებობდნენ, ქალმა, რომელმაც ყველა შვილი დაკარგა, ათასი ბავშვი გააჩინა, ერთი დანაკარგის გარეშე! ეს ქალი, რომელმაც მწუხარება ყველაზე ღრმად გაითავისა, გახდა ის, ვინც სხვა ოჯახებს ასეთი მწუხარებისგან გმირულად იცავდა.
ხალხმა მას "დეიდა ორლინი" შეარქვა. ის მთელ რეგიონში ლეგენდად იქცა - არა მხოლოდ თავისი ოსტატობის, არამედ უზომო სიკეთის გამო.
მის ქოხთან გამვლელი მოგზაურები ამბობდნენ, რომ ორლინი დაჟინებით სთხოვდა მათ, რომ მოესვენათ და მასთან ერთად ეჭამათ, შეეძლო ბოლო ლუკმაც კი გაეზიარებინა.

ერთხელ, როდესაც მთის ბილიკები ყინულით დაიფარა, ორლინმა ჩექმების ძირებში ლურსმნები ჩაარჭო, რათა არ ესრიალათ და მშობიარე ქალებამდე მიეღწია. ის მშობიარეთა მიღებას ოთხმოცდაათ წლამდე აგრძელებდა.
1939 წელს ფედერალურმა მთავრობამ დაიწყო „ბლუ რიჯ პარკვეის“ მშენებლობა. გზა პირდაპირ ორლინის მიწაზე გადიოდა. საყვარელ მთებში ათწლეულების განმავლობაში ცხოვრების შემდეგ, ორლინი იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა. სამი კვირის შემდეგ ის გარდაიცვალა. 1939 წლის 21 ოქტომბერს, სახლში, სადაც ის ცხოვრობდა, სარკეები ქსოვილით იყო დაფარული. ეს ამბავი სწრაფად მოედო მთელ არემარეს. ხალხი, პატივის მისაგებად, უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა. თითქმის ყველა მათგანს შეეძლო ეთქვა: „ორლინ პაკეტმა მომიყვანა ამქვეყნად“.

დღეს, ბლუ რიჯ პარკვეის მილის ნიშნულთან პატარა ქოხი დგას. ეროვნული პარკის სამსახურმა ის ორლინის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მემორიალად შეინარჩუნა. მოლაშქრეები იქ ხშირად ჩერდებიან და დაფაზე კითხულობენ იმ ქალის ისტორიას, რომელსაც ეს მემორიალი ეძღვნება.
მაგრამ ხშირად, ადამიანები ბოლომდე ვერ ითავისებენ ორლინ ჰოუკის ქცევის სიდიადეს. ამ ქალმა წარმოუდგენლად დიდი ტკივილი ადამიანებისთვის გაცემულ უდიდეს საჩუქრად აქცია. მან ვერ შეძლო საკუთარი შვილების გადარჩენა. მაგრამ მან სხვების შვილები გადაარჩინა.
ორლინ ჰოუკს პაკეტის სახელობის ინსტიტუტი აშვილში, ჩრდილოეთ კაროლინაში, დღესაც აგრძელებს თავის საქმიანობას, ბავშვების, მშობლებისა და ოჯახების განვითარების ცენტრის მხარდაჭერით. მისი ისტორია აპალაჩის მთების ქალების სიძლიერის და სხვებისთვის მსახურების დიდი უნარის დასტურია, მაშინაც კი, როდესაც საკუთარი ცხოვრება ტკივილითა და დანაკარგებით არის აღსავსე.


ყველა ადამიანმა, ვინც დაისახა მიზნად ან მოახერხა თავისი ტკივილის გარდაქმნა საქმედ, ასეთი ტკივილისგან ეხსნა სხვები, უნდა იცოდეს ორლინ ჰოუკს პაკეტის შესახებ. მან ოცდაოთხი ბავშვი დაკრძალა. შემდეგ კი კიდევ ათასი გააჩინა. მას არ შეეძლო საკუთარი გულის განკურნება. მაგრამ მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ათასი სხვა გული არასოდეს გატეხილიყო.
ეს არის სიყვარული, რომელიც სხვების მსახურებით მარადიულობად იქცევა. ეს დეიდა ორლინის მემკვიდრეობაა...

05/06/2026