სპორტი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ქართული ფეხბურთის წარმატებების სერია ევროპაში გრძელდება. ამჯერად მთავარი გმირი ზურიკო დავითაშვილია. ქართველი ფეხბურთელი საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, რაც ქართული ფეხბურთისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა.
პრესტიჟული ჯილდო დავითაშვილს საფრანგეთის პროფესიონალი ფეხბურთელების ეროვნული კავშირის UNFP-ის დაჯილდოებაზე გადაეცა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გამარჯვებულს თავად ფეხბურთელები ირჩევენ და ამიტომ ტიტულს საფრანგეთში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ფრანგული მედია წერს, რომ ზურიკო დავითაშვილი მიმდინარე სეზონში „სენტ-ეტიენის“ ნამდვილი ლიდერი გახდა და ხშირად მატჩების ბედს, სწორედ მისი ინდივიდუალური კლასი წყვეტდა.
სპორტული გამოცემა Get French Football News აღნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი უკვე რამდენიმე ევროპულ კლუბს აქვს და მას „ლიგა 2-ის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შემტევ მოთამაშედ“ მოიხსენიებს. ფრანგი ჟურნალისტები განსაკუთრებით გამოყოფენ დავითაშვილის ტექნიკას, სწრაფ დრიბლინგს, თამაშის ხედვასა და არასტანდარტულ მოქმედებებს. ერთ-ერთ მიმოხილვაში კი პირდაპირ წერენ: „ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ისთვის ზედმეტად მაღალი დონის ფეხბურთელად გამოიყურება.“
დავითაშვილი სეზონის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მისი წარმატება ერთჯერადი აფეთქება არ ყოფილა. ფეხბურთელი მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილურად მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებდა...
ფრანგულ საფეხბურთო სივრცეში ბევრს საუბრობენ იმაზეც, რომ ქართველ ფეხბურთელებზე მოთხოვნა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ხვიჩა კვარაცხელიას ევროპული წარმატების შემდეგ, საფრანგეთშიც განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან ქართველ მოთამაშეებს და ზურიკოს სეზონმა ეს ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა.
05/12/2026