ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
არსებობენ კინოგმირები, რომლებიც კონკრეტული მსახიობების გამო რჩებიან მახსოვრობის ბარათზე. ასეთი ლიკა ქავჟარაძის მარიტა - ეფემერული, ზღაპრული და ბროლივით საფრთხილო... სადღაც ამოვიკითხე, გადაღებიდან სახლში დაბრუნებული ლიკა, მარიტას კაბას არ იხდიდა, თურმე. ამ თითქოს უმნიშვნელო ჟესტით ხვდები, რაოდენ შეთვისებული და შესრუტული ჰყავდა პერსონაჟი, რომელიც მასში ჩასახლდა და არასდროს დაუტოვებია იგი.

“ძალიან დიდხანს ვეძებდით მარიტას, ყველაზე მიყრუებული სოფლების სკოლებშიც კი. ერთ მშვენიერ დღეს თენგიზ აბულაძე სტუდიაში შემოვიდა, ამწუთას ეზოში მარიტა და გედია ვნახეო. ლიკა და სოსო რეზო გაბრიაძის ფილმის გამო სტუდიაში ყოფილან და შემთხვევით გადაყრიან მას.
მომაჯადოებელი იყო, თან – სადა, არაპრანჭია. იყო ძალიან მოწესრიგებული, მხიარული, გულღია. ხანდახან მთავარი გმირები წარმოიდგენენ ხოლმე, რომ ტახტრევანზე სხედან და… მაგრამ ლიკა ისეთი ოჯახის შვილი იყო, შეუძლებელია, ასეთი სასაცილო რამეები დამართოდა” – იხსენებს ნანა ჯანელიძე.

ასმათ ტყაბლაძე ჩვენთან ინტერვიუში იმ მომენტს იხსენებს, პირველად სიღნაღში ჩასულმა ლიკა რომ ნახა.
ასმათ ტყაბლაძე: – მახსოვს, “ნატვრის ხის” გადასაღებ მოედანზე ანგელოზი რომ დავინახე… ულამაზესი იყო, შველი! მითხრეს, ეს გოგო ითამაშებს მარიტას როლსო.
16 წლის იქნებოდა. ძალიან ნორჩი იყო. გაშტერებული ვუყურებდი. თხელი, ლამაზი, ღიმილიანი… საოცარი გოგო.
დედა და ბებია თან დაჰყვებოდნენ. სიღნაღში, ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით.
ისეთი საყვარელი იყო გადაღების დროს, მართლა დაშტერებული ვუყურებდით.
მახსოვს, სესიალიას ნათქვამი, “კაკაია ანა აჩერავაწელნაია”. გენიალური, უშუალო და არაჩვეულებრივი ბუნების გოგოაო. კმაყოფილი იყო სესილია. ეს რა გადასარევი შვილიშვილი მაჩუქეთ, საკუთარივით მივიღეო.

გემრიელი ბავშვი იყო. იმდენად სუფთა იყო, რომ ბიჭებიც ვერ “კადრებდნენ”, მიყვარხარო. ბუნებითაც სუფთა იყო…
“ნატვრის ხეს” რომ ვუყურებ, საოცარი ემოცია მაქვს. ჯერ ერთი იქ ჩემი მეგობრები, სესილია თაყაიშვილი (მარადია), სოფიკო ჭიაურელი (ფუფალა), მზია მახვილაძე (ნინოლა) - თენგიზ აბულაძის ცოლი თამაშობდნენ.
ერთ დღეს მე და ბორია წიფურია მივდიოდით გადასაღებ მოედანზე. ბორია უნდა გადაეღოთ იმ სცენაში, ლიკას რომ ეუბნება, “ერთი აქეთ მოიხედე, გოგო, მარადიას შვილიშვილი არა ხარ შენა?”
გომბორით მივდიოდით, ბორიას მანქანა გზაში გაგვიფუჭდა. გაგიჟდა, აგინებს მანქანას, მე ვკვდები სიცილით. აზრზე არ ხარ, რომ დამეხმაროო, ბრაზობდა. ბოლოს ჩავუსწარით გადაღებას. ბორიას დაგვიანება არ უყვარდა და მე მითხრა, მიდი, შენ მოჰყევი, რატომ დაგვაგვიანდაო.

ასე იხსენებდა ლიკას მსახიობი ბერტა ხაფავა.
ბერტა ხაფავა: – ნაღდი ბავშვი იყო. თავს ევლებოდნენ, სულს უბერავდნენ. ულამაზესი ხომ იყო და არაჩვეულებრივად იყო აღზრდილი.
არისტოკრატი და დიდებული გეიდარ ფალავანდიშვილის დისშვილი იყო. გადასაღებ მოედანზე ხან დედა ჰყავდა გვერდით, ხან – ბებია. არ ტოვებდნენ. ისეთი ბავშვი იყო, ვინ დატოვებდა.
ჩვენი ბიჭები, შეთეც და გედიაც, ორივე მასზე იყო შეყვარებული. არ შეიძლებოდა გენახა და არ გყვარებოდა. ყველანი შეყვარებულები ვიყავით.
სიღნაღის სოფლებში ვიღებდით. ვირზე რომ ზის და ტალახს ვესვრით, ამ სცენებს გაზაფხულზე ვიღებდით. წვიმიანი დღეები იყო. ციოდა, თან მე მცივანა ვარ. მციოდა, თან სველიც ვიყავი.
ლიკასთვის ტალახის სროლა ყველას გვიჭირდა. სოფლის ქალები მეკითხებოდნენ, ასეთი ანგელოზი როგორ გაიმეტე ტალახის სასროლადო…
06/12/2026