საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ეკა ბესელიამ "ზმნასთან" შვილებზე ისაუბრა. უმცროსი ქალიშვილი, ლიზა გუბელაძე დიზაინერის პროფესიას ეუფლება. სწავლობს ორ ქვეყანაში - საფრანგეთსა და საქართველოში. როგორც ქვეყნის ცნობილი იურისტი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ არა მისი პროფესია, აუცილებლად ხელოვნებაში იქნებოდა...
ეკა ბესელია: ლიზა ახლა 21 წლისაა, რატი - 33 წლის. ჩვენ მეგობრები ვართ. არ ვარ მკაცრი დედა. თავისუფლება აქვთ, დემოკრატი დედა ვარ. ვეუბნები, შენ როგორც გინდა, ისე გააკეთე, მაგრამ ასე უკეთესი იქნებოდა. ეგოისტი დედა არ ვარ. მათ პირად ცხოვრებაში არ ვერევი, უბრალოდ ვეხმარები. შვილზე ძვირფასი ხომ არავინ ჰყავს დედას, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ის ჩვენი საკუთრება არ არის.
რატი 19 წლისამ გავაჩინე. ეს ძალიან პატარა ასაკია. ამ დროს დედის როლი, გაცნობიერებული არ არის. მის ნაცვლად ბევრ რამეს ჩემს თავზე ვიღებდი. მერე ხვდები, რომ ეს კარგი არ არის. მე იმიტომ ვარ ასეთი ძლიერი, რომ სირთულეების გადალახვა თვითონ დავიწყე. რაც უფრო ადვილად გაუშვებ, უკეთესია. არადა, დედას ჰგონია, რომ შეეხიდება, ან შვილის ნაცვლად აკეთებს რამეს - კარგია.

ახლა მეუბნება რატი, რომ მეტად მკაცრად უნდა მომქცეოდი და მიგეშვი, რომ სირთულეები მარტოს მომეგვარებინაო. ლიზა სულ გრძნობს, რომ მის ზურგს უკან ვარ, საყრდენად, თუმცა დამოუკიდებლად დგამს ნაბიჯებს.
ლიზამ ის გზა აირჩია, რასაც მე ავირჩევდი იურისტი რომ არ ვყოფილიყავი. მას მამაც იურისტი ჰყავს, მაგრამ გადაუხვია ოჯახის ტრადიციას და ხელოვნებას გაჰყვა. ერთდროულად ამთავრებს პარიზის დიზაინის აკადემიას და თბილისში ხელოვნებათმცდონეობის ფაკულტეტს. რთულია, თუმცა ძალიან ნიჭიერია და ახერხებს ერთდროულად ბევრი რამის კეთებას. ხატავს, იღებს, ფოტოხელოვნებით არის დაკავებულია. მოდის დიზაინს აკეთებს. საუკეთესო ფრანგი და სხვადასხვა ეროვნების ექსპერტები ასწავლიან, ესკიზებს აკეთებს. თან შეყვარებულია. მიზიარებს ემოციებს. რჩეული მალევე გამაცნო. მომწონს მისი არჩევანი.
- ანუ მალე, შესაძლოა, სიდედრი გახდეთ?
- აი, მაგ ნაწილში ცოტა მიჭირს. რატის მეუღლე იოლად მივიღე, მაგრამ ლიზას გათხოვების თემაზე რომ ვფიქრობ, ამის გააზრება მიჭირს და იქნებ გვიან მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ვეუბნები, 25 წლამდე არ გათხოვდე-მეთქი. ღიმილით მეთანხმება, თუმცა რას იზამს, არ ვიცი.
- ჯერ ბებია არ ხართ...
- არა, ჯერ რატის შვილი არ ჰყავს. რძალი შვილივით მიყვარს. ძალიან მინდა ბებიობის განცდა. მაინტერესებს.
02/20/2026