Logo

რელიგია

ლომისობა - წმინდა გიორგის ხატის ისტორია და საყელურიანი ჯაჭვის ლეგენდა

ლომისობა - წმინდა გიორგის ხატის ისტორია და საყელურიანი ჯაჭვის ლეგენდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

დღეს, 3 ივნისს ლომისობაა. აღდგომიდან მეშვიდე კვირას, როცა ოთხშაბათი თენდება, სოფელი მლეთა მომლოცველებით ივსება. "დიდება დიდ ლომისას", - ილოცებიან ამ დღეს არაგვის ხეობის სტუმარ-მასპინძელნი...

ოთხსაათიანი გზის გავლის შემდეგ, ზღვის დონიდან 2 186 მეტრზე მდებარე ტაძართან ადიხარ...

ლომისობა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია ქართველებისთვის. ტრადიციულად ჩატარდა ღამისთევის სადღესასწაულო ლიტურგია. მსახურება იღუმენმა მამა კახაბერმა (გოგალაძე) აღავლინა.

ლომისობა

მრევლმა ღამე თავის საყვარელ წმინდა ადგილას გაათია, ილოცა, ლომისას წმინდა გიორგის კი - თავი და სამშობლო შეავედრა... გვერდზე "არაგველი" ვრცელდება დილით გადაღებული ვიდეო.

დღესასწაულის დაარსებას ასეთი ლეგენდა აქვს:

თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ საქართველო დასუსტდა, სულთანმა ჯალალ-ედ-დინმა ჩვენი ქვეყანა ააოხრა. ღვთის რისხვად ხვარაზმელები მოგვევლინნენ. მათი ლაშქარი ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერი „აღაოხრებდეს საქართველოსა, არბევდეს და ტყვე-ჰყოფდეს და სრულად ხოცდეს და არავინ იყო ნუგეშინისმცემელი მათი... გაგრძელდა ესევითარი ჭირი და ზეგარდამომავალი რისხვა ხუთისა წლისა ჟამთა.“

არაგვის ხეობიდან 7000 არაგველი ტყვედ წაიყვანა. გადმოცემის მიხედვით, მათ მთიულეთის მთავარი სიწმინდე – გზოვანის წმინდა გიორგის ხატიც წაიღეს. ხატმა მტრის ქვეყანა გააუბედურა – აღარც მოსავალი მოდიოდა და აღარც საქონელი და ადამიანები იყო კარგ დღეში, რის გამოც სულთანმა მკითხავები დაიბარა. მათი თქმით, უბედურების მთავარი მიზეზი გურჯისტანის ხატი იყო.

სულთანმა მისი საკირეში ჩაგდება ბრძანა, მაგრამ ხატი საკირიდან უვნებელი ამოფრინდა და იქვე მყოფი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანდა. ხარი და ხატი მანამდე არ წავიდნენ, სანამ სულთანმა ყველა ტყვე არ გაათავისუფლა. აღმოჩნდა, რომ ტყვეთა შორის არ იმყოფებოდა კოჭლი დედაკაცი, რომელიც ერთ-ერთ ხორასნელს მოახლედ ჰყავდა წაყვანილი. საბოლოოდ ის ქალიც მოძებნეს და ხარი ხატის თანხლებით და 7000 არაგველით საქართველოსკენ გამოემართა.

ლომისობა

გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია.
გადმოცემის მიხედვით, ხარი ქსნისა და არაგვის ხეობათა წყალგამყოფ ქედამდე მივიდა და იქ უსულოდ დაეცა. ხატიც იქვე დაფრინდა.

ლომისობა

მთის წვერიდან არაგვამდე ხალხი ჯაჭვად გაება და ტაძარი ააშენა. ხარს ლომა ერქვა, ამიტომ სალოცავსაც ლომისას წმინდა გიორგი ეწოდა.

7000 არაგველი მშობლიურ ხეობაში გაიფანტა და მადლიერების ნიშნად წმინდა გიორგის სახელზე საყდრები ააშენა.

ამის შემდგომ, უკვე 8 საუკუნეა, სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს ტაძარში მლოცველები ადიან და ასე ილოცებიან:
„ღმერთო, გაუმარჯვე დიდ ლომისას წმინდა გიორგის, ხორეშანით მობრძანებულს, შვიდი ათასი ტყვის მხსნელს, ქსნისა და არაგვის თავდამყუდებელს.”

ლომისობა

რაც შეეხება რკინის საყელურიან ჯაჭვს, რომელიც ეკლესიაში ინახება: ხალხური გადმოცემით, ლომისის ჯაჭვი ბარიდან კისრით ამოიტანა დადიანის ქალმა. მეორე ვერსიით, წმინდა გიორგიმ სასწაულებრივად იხსნა ერთი ქართველი ტყვე და მანაც ჯაჭვი, რომელიც ტყვეობაში კისერზე ედო, მადლობის ნიშნად ლომისის მთაზე ამოიტანა.

ლომისობა

ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, აზიაში სალაშქროდ წასული შავშეთელი (ამჟამად თურქეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორია) ყმაწვილკაცი ლომს დაუკბენია. სამშობლოში მობრუნებულს წყლულები გაავებია და სიკვდილის პირას მისულა. მისანს უთქვამს, ლომის დაკბენილს - ლომისის წმიდა გიორგის სალოცავი თუ მოარჩენსო. წამოსულა ავადმყოფის და, მოულოცია ლომისის ტაძარი და აღთქმა დაუდია: ღმერთო ჩემი ძმა მოარჩინე და რაც ყველაზე მძიმე რკინის იარაღია ჩვენს სახლში-იმას შემოგწირავო. ავადმყოფს ჭრილობები მორჩენია, ქალს კი-მძიმე ჯაჭვი კისრით აუტანია მთაზე და სალოცავისთვის შეუწირავს.

ლომისა

დღესაც მრავალი მორწმუნე ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და შუა ტაძარში აღმართულ სვეტს, ან თვითონ ტაძარს შემოუვლის ლოცვით და ევედრება წმინდა გიორგის. ჯაჭვის კისერზე დადებით წმინდა გიორგისთვის ყმობის გამოცხადების ტრადიცია საქართველოში სხვაგანაც ყოფილა გავრცელებული.

ლომისა

ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან აღთქმის დადება უნდა, ან წმინდანს რაიმეს ევედრება, ამ ჯაჭვს კისერზე დაიდებს და ტაძარს სამგზის ლოცვით შემოუვლის:
“ლომისას ჯაჭვი ჰკიდია, არავინ იცის ვისია;
მოვიდა, ქალმა შესტირა: ეგ ჯაჭვი ჩემი ძმისია,
ლაშქრიდან გამოტანილი, შავგრემანაის ყმისია.
დეეხსენ, ჟანგმა შეჭამოს, ლომისას საკადრისია,
“ – ეს არის სიმღერა, რომელსაც ჯაჭვს უმღეროდნენ.

როგორც ცნობილია, ამ ტაძრის მოლოცვისა და ჯაჭვის შემოტარების შემდეგ, ბევრს ნანატრი შვილი გაუჩნდა, ბევრმა ოჯახი შექმნა... მთვარი ხომ მაინც გულით რწმენაა. გულს კი მხოლოდ უფალი ხედავს.

ლომისობა

ერთი ლეგენდა სალოცავის კარზეც არსებობს. თურმე მთაზე რუსეთის იმპერატორის მცირე რაზმს შეუსვენია. მოშიებულებს კერძის მოსახარშად შეშა რომ ვერსად უპოვიათ, ლომისის კარი ჩამოუხსნიათ, დაუპიათ და ცეცხალი დაუნთიათ. მხედრებს თვალის ჩინი დაუკარგავთ. მერე ლომისას შევედრებიან, მხედველობა დაგვიბრუნე და ტაძარს რკინის კარს შევაბამთო. მოლაშქრეებს თვალი ახელიათ და სარდალს მადლობის ნიშნად რკინის კარი შეუბამს.

***

მთიულებს დიდი რწმენა ჰქონდათ ალისფერ ცხენზე მჯდარი ლომისის წმინდა გიორგისა.

ლომისის მთავარმოწამეს შესთხოვდნენ ადამიანისა და საქონლის გამრავლებას, უშვილონი - წილიანობას (შვილიერებას); ვისაც ძუძუში რძე არ ედგა, დეკანოზი (ასე უწოდებენ მთიულეთში ხევისბერს) ტაძრის კედლიდან კირს ჩამოფხვნიდა, წყალში გახსნიდა და მაწოვარ დედაკაცს შეასმევდა. ბავშვსაც თმას პირველად აქ შეკრეჭდა დეკანოზი.

***

ლომისის ყმები მე-19 საუკუნიდან. ბურდულების გვარი ლომისის ხატებით და დროშით.

ლომისობა

ავტორი: ზმნა

06/03/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024