სპორტი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
პირდაპირ ვიკითხოთ: ვინ არის ამ წუთისთვის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი? გემოვნების ამბავია, თუმცა ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი რომ ლუის ენრიკე იქნება, ამას წყალი არ გაუვა...
ლუის ენრიკემ სამწვრთნელო კარიერა ზუსტად იქ დაიწყო, სადაც პეპ გვარდიოლამ, „ბარსელონას“ მეორე გუნდში, რომელიც სეგუნდა დივიზიონში გადაიყვანა და იქ მესამე ადგილი დაიკავა. ეს ის დროა, როდესაც “ბარსელონას” პირველი გუნდი მსოფლიო ფურორს ახდენს. როგორც ჩანს, „ბარსელონასადმი“ საყოველთაო ყურადღების ფონზე არც მეორე გუნდის მწვრთნელი გამორჩენიათ და ლუის ენრიკე „რომამ“ მიიწვია.
ეს ის დროა, როცა „რომას“ ახალი ამერიკელი მეპატრონეები ჰყავს. მათ სურდათ, რომ მარადიულ ქალაქში კატალონიური მოდელი დაემკვიდრებინათ. ლუის ენრიკემაც პირველი დღიდან რადიკალური ზომების მიღება დაიწყო - პირველივე ოფიციალურ მატჩში ფრანჩესკო ტოტი სკამზე დატოვა. რომაელებისთვის ეს სიწმინდის ხელყოფასავით იყო. თანაც ახალმა მწვრთნელმა მერე უარესი რამ „ჩაიდინა“ – „სლოვანთან“ წააგო და გუნდი ევროპა ლიგაშე ვერ გაიყვანა. სეზონის ბოლოს ლუის ენრიკე თავად წავიდა. მიხვდა, რომ „რომაში“ არაფერი გამოუვიდოდა.
ლუის ენრიკემ ერთი წელი დაისვენა და „სელტაში“ მივიდა. იდეების განსახორციელებლად იქ გაცილებით უკეთესი სიტუაცია დახვდა. მით უმეტეს, „სელტა“ ის გუნდი არ იყო, სადაც მწრვთნელს ვარსკვლავების მოწყვეტას მოსთხოვდნენ. სეზონი „სელტამ“ მეცხრე ადგილზე დაასრულა, არადა, ლუის ენრიკეს მისვლამდე ბოლო ტურში წვალებით გადაურჩნენ გავარდნას.
2014-ის ზაფხულში „ბარსელონას“ განახლება დასჭირდა. ხაბის და ინიესტამ 30-ს გადააბიჯეს, მეტოქეებმაც ალღო აუღეს მათ თამაშს. სწორედ ასეთ დროს დაბრუნდა ლუის ენრიკე გუნდში. მან გონივრულად განსაზღვრა, რომ გვარდიოლას მემკვიდრეობის განადგურება არ შეიძლებოდა, უბრალოდ მოიფიქრა, რომ ბურთის გორება თვითმიზანი აღარ ყოფილიყო და მეტად აეთვისებინათ თავისუფალი ზონები და მეტი ხალისით წასულიყვნენ კონტიერიშებზე.
მალე გუნდში ლუის სუარესი მოყვანეს და ლუს ენრიკემ ისე მოახერხა სუარესის, მესის და ნეიმარის შეთამაშება, რომ ერთმანეთისთვის ხელი არ შეეშალათ და გუნდური ბალანსიც არ დარღვეულიყო. ასე შეიქმნა გუნდი, რომელსაც შეეძლო სულ რამდენიმე პასით გაერღვია ნებისმიერი მეტოქე.
თუმცა ყველაფერი კინაღამ დაინგრა. 2015 წლის იანვარში ჭორები გავრცელდა, ლუის ენრიკესა და მესის შორის კონფლიქტიაო. მესის ვინ შეეხებოდა? თითქოს მწვრთნელი უნდა გაეწირათ, მაგრამ ლუს ენრიკემ აქაც დიდი ნიჭი გამოავლინა და გასახდელის ხელში აყვანა მოახერხა. გამოაჩინა, რომ ვარსკვლავებთან მუშაობა შეუძლია, რაც მწვრთნელისთვის ტაქტიკურ განსწავლულობაზე ნაკლებად მნიშვნელონანი არ არის.

სამი წლის განმავლობაში ლუის ენრიკემ ბარსელონას 9 ტიტული მოაგებინა, რის მერეც გამოაცხადა, რომ დასვენება სურდა. ერთი წლის მერე კი მას ესპანეთის ნაკრები ჩააბარეს, რომელიც ძლევამოსილებას ნელ-ნელა კარგავდა. ნაკრებში მუშაობა კარგად აეწყო და ესპანეთმა ევრო 2020-ის ნახევარფინალში გააღწია. ფინალიც შეეძლოთ დაედოთ, მაგრამ პენალტების სერიაში ალვარო მორატამ დარტყმა გააფუჭა. ცხადია, ამაში მწვრთნელს არავინ დაადანაშაულებდა. აი, კატარის მსოფლიოს ჩემპიონატი კი რაღაც ისეთი ვერ გამოდგა. თითქოს ყველაფერი სწორად კეთდებოდა, მაგრამ... აპოთეოზი მაროკოსთან მატჩი გამოდგა რომელშიც ესპანეთის ნაკრებმა თითქმის ათასი (!) ზუსტი პასი გააკეთა და კარში მხოლოდ... ერთხელ დაარტყა.
მაგრამ ნუ დავუკარგავთ ლუის ენრიკეს გარჯას. სწორედ მისი მწვრთნელობის პერიოდში მივიდნენ ესპანეთის ნაკრებში პედრი, გავი, ნიკო უილიამსი, უნაი სიმონი... ლუის ენრიკეს აღმოაჩნდა უნარი, უყოყმანოდ ჩაენაცვლებინა ვეტერანები ახალგაზრდებით.
ამის მერე ლუის ენრიკე „პარი სენ ჟერმენში“ მივიდა, გუნდში რომლის მეპატრონეები დიდძალ ფულს ხარჯავდნენ, სახელებს დასდევდნენ, მწვრთნელებს მიყოლებთ ცვლიდნენ, მაგრამ აბსოლუტურად ვერაფერს აღწევდნენ. გუნდს უბრალოდ არანაირი ფილოსოფია არ გააჩნდა.

ლუის ენრიკეს მისვლისას მესი უკვე წასული იყო. მალე მას ნეიმარი მიჰყვა, ცოტა ხანში კი მბაპეც. ლუის ენრიკემ სრულიად ახალი იერარქიის აშენება დაიწყო. ერთხელ, „არსენალთან“ უპრინციპულეს მატჩზე დემბელე საერთოდ არ წაიყვანა დისციპლინის დარღვევის გამო. ის მატჩი პსჟ-მ წააგო, მაგრამ ყელამ დაინახა, ვინ იყო გუნდში ბოსი.
პარიზში ლუის ენრიკე დოგმატიკოსიდან შემოქმედად გადაიქცა. ალბათ, ამიტომაც წაიყვანა კვარაცხელია. მან არ დაუშვა შეცდომა რასაც უამრავი მწვრთნელი გამუდმებით უშვებს ხოლმე - თავისივე სათამაშო სქემის მძევალი არ გახდა. მოგებულ ტიტულებზე ლაპარაკი კი შორს წაგვიყვანს.
ჰოდა, თუკი გვკითხავენ, ვინ არის ამ წუთას მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი, ეგებ ბევრი არ გვეფიქრა და ლუის ენრიკე დაგვესახელებინა.
08/13/2026