
09/28/2026
ზოგჯერ ადამიანის სიცოცხლისთვის გადამწყვეტი შეიძლება გახდეს ის რამდენიმე წუთი, როდესაც მის გვერდით სრულიად უცხო ადამიანი აღმოჩნდება და დახმარების გარეშე არ დატოვებს.
სწორედ ასეთ შემთხვევაზე წერს სოციალურ ქსელში ნატალი კვიწინაშვილი და საზოგადოებას იმ ახალგაზრდა კაცის მოძებნაში სთხოვს დახმარებას, რომელმაც ნატალის მამა მძიმე წუთებში არ მიატოვა და დახმარება აღმოუჩინა.
შემთხვევა 21 სექტემბერს, დაახლოებით 17:00-17:40 საათის შუალედში, თბილისში, ახალ გზაზე, გმირთა მოედნის სიახლოვეს მოხდა.
მამაკაცი ავტომობილს მართავდა, როდესაც შეუძლოდ გახდა. სწორედ ამ დროს მის გვერდით სრულიად უცნობი ახალგაზრდა აღმოჩნდა, რომელმაც სასწრაფო დახმარება გამოიძახა და ექიმების მისვლამდე მამაკაცთან დარჩა.

მოგვიანებით ექიმებმა მამაკაცს ინფარქტი დაადასტურეს. დღეს პაციენტი კვლავ რეანიმაციაში იმყოფება, თუმცა ოჯახის ინფორმაციით, მის მდგომარეობაში დადებითი დინამიკაა.
ახლა ოჯახს იმ ადამიანის მოძებნა სურს, რომელიც იმ მძიმე წუთებში მამაკაცის გვერდით იყო.

"ვეძებ ადამიანს, რომელმაც ერთი კვირის წინ მამაჩემს სიცოცხლე შეუნარჩუნა.
ერთი კვირის წინ, 21 სექტემბერს, დაახლოებით 17:00-17:40 შუალედში, თბილისში, ახალ გზაზე, გმირთა მოედანთან ძალიან ახლოს, მამაჩემს მანქანის მართვის დროს გულის შეტევა დაემართა. მოგვიანებით ინფარქტი დადასტურდა. იმ მძიმე წუთებში მის გვერდით აღმოჩნდა სრულიად უცნობი ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც გამოიძახა სასწრაფო და მის მოსვლამდე მამასთან დარჩა, არ მიატოვა, ეხმარებოდა როგორც შეეძლო.
დღეს მამა კვლავ რეანიმაციაშია, თუმცა დადებითი დინამიკაა და უკვე თამამად შემიძლია ვუთხრა ერთ კეთილ ადამიანს მადლობა, მადლობა სიცოცხლის გადარჩენისთვის! არ ვიცით მისი ვინაობა, თუმცა ვიცი, რომ სიკეთით სავსე ადამიანია! მინდა, ეს მადლობა აუცილებლად მივაწვდინო.
თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია ამ შემთხვევის შესახებ, ან რომელიმე ახლობლისგან მოისმინეთ მსგავსი ისტორია, გთხოვთ, დამიკავშირდეთ პირად შეტყობინებაში ან გააზიაროთ ეს პოსტი. იქნებ ერთი გაზიარებით ეს სიტყვები იმ ადამიანამდე მივიდეს.
მადლობა, უცნობო ადამიანო!" - წერს ნატალი კვიწინაშვილი.
გააზიარე სტატია