ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"1967 წელი. "ვეფხისტყაოსანი" რუსთაველის თეატრში. ავთანდილი - კოტე მახარაძე, თინათინი - მედეა ჩახავა" - ფეისბუქზე წერს საქართველოს ისტორიის მკვლევარი, გოჩა ჭელიძე და უნიკალურ ფოტოს აქვეყნებს.
ირკვევა, რომ რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე, მიხეილ თუმანიშვილმა, "ვეფხისტყაოსნის" 800 წლის საიუბილეო საღამო გამართა, სადაც თეატრის წამყვანი სამსახიობო დასი უკვდავი პოემის სტროფებს კითხულობდნენ.
როგორც "ზმნასთან" მაკა და ივიკო მახარაძეები იხსენებენ, ამ საღამოს ჰქონდა არა თეატრალური წარმოდგენის, არამედ მხატვრული კითხვის ფორმა. მსახიობებს თითქმის ერთნაირი კოსტიუმები ემოსათ და ამ დიად პოემას სიტყვებად აცოცხლებდნენ.
მაკა მაშინ 17 წლის იყო, ივიკო - 11 წლის. ზღაპრულ პერსონაჟებად გარდასახული მშობლები ახსოვთ.

ივიკო მახარაძე: როგორც მახსოვს, ეს იყო მხატვრული კითხვის საღამო. თეატრალური არ ყოფილა, ფორმა ჰქონდა ასეთი - პოეზიის მხატვრული კითხვის. პერსონაჟები დიდი წიგნიდან კითხულობდნენ ტექსტს. მოხატული ყდის ამ სიდიდეთი, უთითებდნენ იმას, თუ როგორი დიდებული ნაწარმოებია "ვეფხისტყაოსანი".
პოემას რუსთაველის თეატრის თანავარსკვლავედი კითხულობდა. ისინი, მხატვრული კითხვა რომ შესანიშნავად გამოსდიოდათ - მედეა ჩახავა, გურამ საღარაძე, ზინაიდა კვერენჩხილაძე, კოტე მახარაძე... ბევრი მონაწილეობდა. მიზანსცენები იყო, გადაადგილდებოდნენ, თითოეული სხვადასხვა პერსონაჟის პარტიასაც კითხულობდნენ. ახალგაზრდები ნაკლებად, ძირითადად, ვარსკვლავური თაობა იყო დაკავებული.
ეცვათ ცოტა თანამედროვე, მაგრამ ერთი ტიპის კოსტიუმები. რუხი, თეთრი და შავი ფერების სამოსი. ქალებს საკმაოდ გრძელი კაბები ეცვათ. მაგრამ კოსტიუმების ზედატანი, თითქმის ერთნაირი იყო, მამაკაცებთანაც და ქალებთანაც. პერსონაჟი ტექსტით გამოირჩეოდნენ და არა - კოსტიუმებით.
რობერტ სტურუას სპექტაკლი ჯერ არ მინახავს, ვნახავ, მაგრამ ამ ორ შემთხვევას შორის პარალელის გავლება, არ შეიძლება. ის სულ სხვა რამ იყო.

მაკა მახარაძე: მე მაშინ 17 წლის ვიყავი. მახსოვს, რომ მიხეილ თუმანიშვილმა რუსთაველის მცირე სცენაზე, პოეზიის საღამოს სტილში გააკეთა.
მახსოვს, დედას ნაცრისფერი ხავერდის კაბა ეცვა, შავი ქსოვილით გაწყობილი. მამას ვიზუალი მახსოვს, ფოტოდან, თუმცა ეს ფოტო მე არ მაქვს. კითხულობდნენ პოემიდან ამონარიდებს. თეატრალური არ იყო.
ბევრი წელია გასული, მე კი, დედას და მამას მგავსი მახსოვრობა არ მაქვს.
მახსოვს, რადიოდან მოვიდნენ და დედას "ოქროს ფონდისთვის" თინათინის წერილის წაკითხვა სთხოვეს. წაკითხვა არ მინდა, ზეპირად გეტყვითო. მედიკო 86 წლის იქნებოდა იმ დროს.
- რობერტ სტურუას რეზონანსული სპექტაკლი ნახეთ?
- ნახვის სურვილი და ინტერესი არ მაქვს. რომ "გამიტყდეს", არ მინდა. ასეთი გამოხმაურება რომ არ ჰქონოდა, არც მაშინ მომინდებოდა...
04/16/2026