Logo

რელიგია

"მამა გაბრიელ, თუ ქრისტინას გადამირჩენ, მე წავალ მონასტერში, დავტოვებ, ოღონდ მან იცოცხლოს-მეთქი" - ბერი სერაფიმეს საოცარი ისტორია

"მამა გაბრიელ, თუ ქრისტინას გადამირჩენ, მე წავალ მონასტერში, დავტოვებ, ოღონდ მან იცოცხლოს-მეთქი" - ბერი სერაფიმეს საოცარი ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ქანდის მონასტრის წინამძღვარი, საქართველოში მცხოვრები მარლთმადიდებელი ასურელების სულიერი მოძღვარი და ლიდერი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე ბით ხარიბი სოციალურ ქსელში იხსენებს ისტორიას, როგორ შეჰპირდა უფალს, ავად მყოფი ცოლის გადარჩენის სანაცვლოდ, მონასტერში წასვლა და ბერად აღკვეცა.

47 წლის ასურელი ბერის ისტორია, რომელიც ორსული მეუღლის გადარჩენის სურვილმა, 1999 წელს, ღმერთთან მიიყვანა.

მამა სერაფიმე

მამა სერაფიმე: მახსოვს, ძალიან ცუდად ვიყავი, იმის გამო, რომ ჩემი მეუღლე, პრაქტიკულად, კვდებოდა. ფეხმძიმედ იყო და დილით რომ გავიღვიძე, ვერ ვიცანი, ისეთი შეშუპებული იყო. ამ თემაზე, მიჭირს საუბარი, ექიმებმა ვერაფერი გაუგეს, არანაირი ანალიზი არ იყო დამაკმაყოფილებელი.

ფეხმძიმობის მე-8 თვეზე, ჰემოგლობინი 42-ზე დაუვარდა. დამეწყო პანიკური ისტერიკები, რომ შეიძლებოდა, დამეკარგა, მე ის სიგიჟემდე მიყვარდა – დღესაც მიყვარს, დიდ პატივს ვცემ. მან მითხრა, მე იმის კი არ მეშინია და იმაზე კი არ განვიცდი, რომ მე მოვკვდები, იმას განვიცდი, რომ ჩემ შემდეგ, შენ სხვა ქალი გეყოლებაო.

მაშინ ვუთხარი, ჯვარი დავიწეროთ-მეთქი. მივიყვანე მამა გაბრიელის საფლავზე და ვუთხარი, შენც ითხოვე, მარტო ჩემი ლოცვა არ გიშველის-მეთქი. დავადე ხელი მიწაზე და ვეუბნები – მამა გაბრიელ, თუ შენ ნამდვილად სათნო ხარ ღვთის თვალში და რასაც ხალხი შენ შესახებ იძახის, ეს მართალია, გეხვეწები, ევედრე ღმერთს, რომ მშვიდობით მოილოგინოს ჩემმა მეუღლემ-მეთქი.

იმ საღამოს, დავწექით დავიძინეთ, დილით, რომ გავიღვიძეთ, ის ქრისტინა დამიბრუნდა, რომელიც ადრე იყო. ოღონდ, მე მამა გაბრიელს ვუთხარი, თუ ჩემი სიცოცხლე, იქნება საჭირო მონაზვნობაში, თუ ქრისტინას გადამირჩენ, მე წავალ დავტოვებ, ოღონდ ეს იყოს ცოცხალი-მეთქი.

როცა გადარჩა, რა თქმა უნდა, მოვიტყუე, რა აზრები აღარ მომდიოდა თავში განსაცდელის პეროდში, მაგრამ მერე, ისე წავიდა ჩემი საქმე, რომ სამუშაო დავკარგე, ვერაფერს ვაკეთებდი, ყველაფერი უკან მიდიოდა. როგორც სასულიერო პირი და მართლმადიდებელი ქრისტიანი, სიზმრების არ უნდა გჯეროდეს.

მამა სერაფიმე

ემოციური ხალხი ვართ, ყველაფერს ყურადღებას ვაქცევთ, მით უმეტეს, ასურელები. სიზმარში დედაო ვნახე, რომელმაც მითხრა, არ გრცხვენია, რა შეპირდი ღმერთს და რას აკეთებ დღესო? ეს სიზმარი, რამდენჯერმე გამეორდა. ამის მერე წავედი – დილით გავიღვიძე და წავედი!

– როგორ აუხსენით ცოლს, რომელიც გადაარჩინეთ?

- ცოლს ავუხსენი, რომ ღმერთს შევპირდი და ამდენი ხანია, დანაპირები, არ შევასრულე. არ არის სწორი, არც ჩვენ თვალში და არც ღვთის გულში-მეთქი. მან კი მიპასუხა – შენ ცხოვრებაში, თუ მე ვიყავი ბოლო ქალი, წადი და აღიკვეცეო.

მამა სერაფიმე

– ურთიერთობა გაქვთ მეუღლესთან?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ხშირი - არა. ჩემს მშობლებთან ცხოვრობს, შვილებთან ერთად. ქრისტინასთან ორი შვილი მყავს. პირველი მეუღლისგან, რომელიც საბერძნეთში მყავდა, მისგან - ერთი.

ჩემმა მეუღლემ მითხრა, ცოცხალი ქმარი მყავხარ და მე ქვრივად დამტოვეო. მე ვუთხარი, ეს ნაბიჯი, შენთან ერთად გადავწყვიტე, რატომ მეუბნები, როცა უკვე მონაზონი ვარ-მეთქი. მის წინ დავდე ეს პირობა, თუ არ უნდოდა, აუცილებლად მეტყოდა, რეებს პირდები ღმერთს, თავი დაანებეო. მის წინ შევუთანხმდი.

– არასდროს უსაყვედურია ამ გადაწყვეტილების გამო?

- არა, პირიქით. მახსოვს, ერთხელ, მონასტრიდან რომ ჩამოვედი, სახლში დავრჩი ორი კვირა, დილის 6 საათზე, ოთახში კაკუნია, გავაღე კარი, ჩემი ცოლი დგას და მეუბნება, ექვსს აკლია 10 წუთი, ლოცვაზე არ დგებიო?

და მაშინ მივხვდი, რომ ის აღკვეცილი არ არის, თორემ ჩემზე დიდი მონაზონია.

ავტორი: ზმნა

05/08/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024