რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დედა პარასკევას ყველა იცნობს. სადაც დედა პარასკევაა, მამა გაბრიელიც იქ არისო, ამბობენ.
"როდესაც მამა გაბრიელის დახმარება მჭირდება, ის სულ ჩემთან არის. ყოველთვის, სადაც არ უნდა ვიყო, როდესაც მჭირდება და მოვუხმობ, შეგრძნების დონეზე, ყოველთვის ვგრძნობ მის ყოფნას" - ამბობს მონაზონი.
სხვა სასულიერო პირებთან ერთად, გუშინ, სვეტიცხოველში ახალი პატრიარქის ინტრონიზაციას, მონაზონი პარასკევა როსტიაშვილიც დაესწრო. როგორც ის "ზმნასთან"ამბობს, ამ სასიამოვნო პროცესმა მას ერთი ისტორია გაახსენა, რომელიც შიოს მესამესთან არის დაკავშირებული. იმ დროს ის შიო მღვიმეში მოღვაწეობდა, 26 წლის ბერი იყო.
დედა პარასკევა: მეუფე შიო მუჯირი მამა გაბრიელთან დასალოცად მოდიოდა ხოლმე. მაშინ ის შიო მღვიმეში მსახურობდა. ხშირად ჩამოსულა მცხეთაში. ბოლოს რომ მოვიდა, მამა გაბრიელი უკვე ცუდად იყო, მეორე კელიაში იმყოფებოდა. მეუფე შიომ იკითხა, თუ შეიძლება შემოვიდეო? მამა გაბრიელმა შესვლის ნება დართო.

ის შემოვიდა კელიაში და მამა გაბრიელს თხოვა - დამლოცეო. მამა გაბრიელმა დალოცა და უთხრა, მე შენთვის საჩუქარი მაქვსო. მერე მე მითხრა, კედლიდან საიდუმლო სერობის ხატი ჩამოხსენი და მამა შიოს მიეციო. მეორე კელიაში გადასვლისას მთხოვა, რომ კედელზე საიდუმლო სერობის ეს საშუალო ზომის ხატი დამეკიდა. მეუფე შიომ გაოცებულმა დახედა ხატს, მერე მამა გაბრიელს და ლოცვა-კურთხევის აღების შემდეგ წავიდა.

მამა გაბრიელი, ღვთის განგების გარეშე, არასდროს არაფერს აკეთებდა და არც ხატებს ჩუქნიდა შემთხვევით ვინმეს. ხატებს იშვიათად თუ გააჩუქებდა.
მე მას შემდეგ მეუფე შიო, მის ინტრონიზაციამდე აღარ მინახავს. ეს ისტორიაც ახლა გამახსენდა, როცა ის პატრიარქად აირჩიეს. ძალიან კარგი, ძვირფასი და საყვარელი ადამიანია.

05/13/2026