Logo

რელიგია

"მამა გაბრიელმა მითხრა, ხელი უნდა გაიწოდო და გლახაკად დაჯდეო. არც ფული მაკლდა, არც აგარაკები" - გაბრიელ სალოსის სულიერი შვილის საოცარი ისტორია

"მამა გაბრიელმა მითხრა, ხელი უნდა გაიწოდო და გლახაკად დაჯდეო. არც ფული მაკლდა, არც აგარაკები" - გაბრიელ სალოსის სულიერი შვილის საოცარი ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ნათელა-ნათია ბეჩუკიშვილი წმინდა მამა გაბრიელის მიერ ხელდასხმული, მისი სულიერი შვილია, რომელსაც თავად წმინდა ბერის ბაგით უფლისგან ეუწყა, რომ გლახაკად უნდა დამჯდარიყო და მოწყალება ეთხოვა. როგორც ის ამბობს, ეს მისთვის მიუღებელი იყო, რადგან საამისო, არაფერი სჭირდა.

ნათელა-ნათია ბეჩუკიშვილი: ერთხელ ვკითხე: - მამა გაბრიელ, რა უნდა გავაკეთო, რა კურთხევას მაძლევთ-მეთქი? აიღო სანთელი, დაანთო ქრისტეს, ღვთისმშობლის წინ და ცრემლებით იტირა. შვილო, მე ეს არ მინდა, ეს ღვთისმშობელს უნდა შენი თავმდაბლობის და ცხონების გულისთვის; ხელი უნდა გაიწოდო და გლახაკად დაჯდეო.

ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედია იმიტომ, რომ არც ფული მაკლდა და არც აგარაკები. აღარ ვიცოდი, ვისთვის რა მეჩუქებინა და გლახაკად როგორ დავჯდე-მეთქი, უარი ვუთხარი. შემომხედა - შენ ხომ მითხარი, შვილო, რა ვქნაო, ღვთისაგან კი, ეს პასუხი მივიღეო. მაგ კურთხევას ვერ შევასრულებ- მეთქი, ვუთხარი. დამაწყნარა, დამამშვიდა ყველაფერი კარგად იქნებაო. თვითონ მატარებდა.

მახსოვს,პირველად სიონში მიმიყვანა და იქ დამაყენა გლახაკად. ხელი მქონდა გაწვდილი. ერთ დღეს მოვიდა ერთი კაცი და ბევრი ფული ჩამიდო ხელში. ეს მოცემული ფული ამ კაცს მივუგდე და მივაძახე, - ფული არ მინდა, თუ გინდა შენი იყოს-მეთქი. დამაწყნარა მამა გაბრიელმა.

მამა გაბრიელი და ნათია

ცოტა დრო რომ გავიდა ქაშუეთში დამაყენა. ასე ნელ-ნელა შემაჩვია გლახაკობას. ამპარტავანი ვიყავი, ამ გლახაკობამ თავმდაბლობა მასწავლა.

მას მერე მკაცრად მითხრა, - იცოდე ნათია, შვილო და დაო, შენ ღვთით აღკვეცილი მონაზონი ხარ, მცხეთა-თელეთის იღუმენია და ეს კურთხევა რომ არ შეასრულო, დაისჯები. ამიტომ უნდა დაჯდე, ხალხი ლოცო და მოწყალება მიიღოო.

მას შემდეგ 20 წელი გავიდა.

აღსარება ვის ჩავაბარო-მეთქი? ვკითხე. მოხვალ ჩემ საფლავზე, დაჯდები და მეტყვი ჩუმადო. მერე მიხვალ რომელიმე ტაძარში, შენდობის ლოცვას წაგიკითხავს მღვდელი და ეზიარებიო.

სალოსები უკვდავები არიან. ჩემთვის ყოველთვის დიდი წმიდანი იყო სალოსი მამა ბერი გაბრიელი.

ბედნიერი ვარ, რომ მისი სულიერი შვილი ვიყავი.

მამა გაბრიელი დიდი წმიდანი და დიდი სალოსია!

მამა გაბრიელი და ზინაიდა

ნათელა-ნათიაზე, ფეისბუქზე, ალექსი მოსიაშვილი წერს. მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება და უპირველესად - სიმდაბლის, მორჩილების და სიყვარულისო...

ალექსი მოსიაშვილი: ნათელა, ალბათ, იცით... ჩემთვის ძვირფასია, სულ საათს მეკითხება ხოლმე და როცა ვეტყვი, დააყოლებს:

"როგორ ჩქარა გადის დრო" ან "ძალიან ცოტა დრო გვაქვს და უნდა გავიღვიძოთ... სირცხვილი არ არის, ესეთები გვნახოს ღმერთმა"?!

ის წმინდა მამა გაბრიელს ემსახურა თითქმის მთელი ცხოვრება
და მისგანვე აქვს დანატოვარი, რომ მამა გაბრიელის შემდეგ, მთელი ცხოვრება მოწყალება ითხოვოს, ოღონდ არა საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვის. მას სულ ერთი და იგივე სამოსი აცვია... უბრალო, გაცვეთილი და გახუნებული..

ვფიქრობ ხოლმე, რამდენი რამის სწავლა შეიძლება მისგან: სიმდაბლის, სიყვარულის, მორჩილების..

ნეტარი მარიამი (მჭედლიშვილი) რომ გარდაიცვალა, მითხრა, ჩვენ ვიკითხოთ, თორემ ის უკვე განწმენდილი წარდგა ღმერთთან და აწი როგორც წმინდანს, ისე ვესაუბროთო... ძალიან უყვარდა და მარიამსაც ძალიან უყვარდა ის.. ისე ჩაეხუტებოდნენ ხოლმე ერთმანეთს და იმდენს საუბრობდნენ, მიკვირდა, ნეტავ, როგორ არ ელევათ სასაუბროთქო..

სულ მეკითხება ხოლმე, ლოცვებში ხომ არ გავიწყდები?! ამით თითქოს მახსენებს, რომ ერთმანეთისთვის სულ უნდა ვილოცოთ.

ჯერ კიდევ წლების წინ, სანამ კაბითაც შევიმოსებოდი მეძახდა:
"დღეს არ დამეხმარები, მამაო"?! და თავის რკინის ჯამს გამომიშვერდა ხოლმე..

ნათია და ალექსი

საოცარი ადამიანია...
ის არ ქადაგებს, არ არიგებს, უბრალოდ, ცხოვრობს ისე, როგორც ასწავლა მამა გაბრიელმა - ჩუმად, შეუმჩნევლად, სიმდაბლით და სიყვარულით..

ადრე სალოსობდა კიდეც..

მოწყალებას რომ ითხოვს, ისე დგას, თითქოს თავად არაფერს ითხოვს, მხოლოდ სხვის ტკივილს ატარებს ხელგაწვდილი.

ჩემთვის უთქვამს: „მე ხომ არ მჭირდება, მათ სჭირდებათ, მე მხოლოდ ხმა ვარო…“

ხანდახან , როცა მამა გაბრიელს ახსენებს, ისეთი სითბოთი საუბრობს, თითქოს ცოცხალზე ლაპარაკობს. ამბობს, არ წასულა, უბრალოდ სხვაგან დგას და ვერა ვხედავთო..

და მართლაც, მის გვერდით ყოფნისას გრძნობ, რომ წმინდანთა ცხოვრება წიგნებში არ დასრულებულა — ისინი ადამიანებში განაგრძობენ სუნთქვას.

ისევე, როგორც ჩვენი ნეტარი დედის მარიამის შემთხვევაში..

ნათელა სწორედ ასეთი გაგრძელებაა.

ნათელა ბეჩუკიშვილი

უბრალო სამოსში გახვეული დიდი საიდუმლო. სულიერი შვილი, რომელმაც მორჩილება, სიმდაბლე და სიყვარული არა სიტყვით, არამედ მთელი სიცოცხლით აირჩია.

და როცა სამების ტაძრის შემოსასვლელში ვინმეს საათს გკითხავთ იცოდეთ, დროს კი არ გეკითხება, გაღვიძებას გახსენებს. რომ ცოტა დროა და ღმერთს უნდა ვესწრაფოთ. მაგრამ საკმარისი, თუ სიყვარულით ვიცხოვრებთ.
და როცა გეუბნება: „ლოცვებში ხომ არ გავიწყდებიო?“ — იმ წამს მამა გაბრიელის , ნეტარი მარიამის და სხვა წმინდანების სულიერი სკოლა გეხსნება თვალწინ..

სკოლა, სადაც მთავარი საგანი ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვა და სიყვარულია და ამ სკოლის დირექტორი თავად ქრისტე.

***

ალექსის პოსტის ქვეშ მამა გაბრიელის ერთ-ერთი სულიერი შვილი, ეკა სანაია აკომენტარებს.

ეკა სანაია: ჩვენი ნათია (ჩვენ ასე ვეძახით). მამა გაბრიელს დასაფლავების წინა ღამეს რომ ვუთენებდით, იმ ღამეს მოგვიყვა თავისი ისტორია, ვინ იყო და ვინ გახდა მამა გაბრიელის და ღვთისმშობლის კურთხევით. ბევრჯერ გაგვატარა მისი სალოსობის ქარცეცხლში საზოგადოებრივ ადგილებში, ქალაქის ცენტრში, ამით სიმდაბლეს გვასწავლიდა. ბევრჯერ იტვირთა ჩვენი ტვირთი.

ღმერთმა ჯანმრთელი გვიმყოფოს მისი თავი და დიდხანს ქადაგებდეს ქრისტეს და მამა გაბრიელის სიყვარულს. თქვენ გაიხარეთ მისი ასეთი თბილი ხსენებისთვის.

ნათია ნათელა

ავტორი: ზმნა

02/14/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024