რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
11 წელი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რომელმაც ერთი დეკემბრის ცივ დღეს, მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. მგზავრებით სავსე ცეცხლმოდებული ბორანი შველას ითხოვდა... სხვადასხვა ეროვნების მგზავრთა ნაწილი გადარჩა, ნაწილი საშინელ ხანძარს ემსხვერპლა. ეს ამბავი კი იმით არის "გამორჩეული", რომ მას გმირი ჰყავს და ის ქართველი სასულიერო პირია. მამაცი ბერის საქციელმა მსოფლიო შეძრა და ქრისტიანობის მაგალითით ყველა დაადუმა.
2014 წლის 28 დეკემბერს, ადრიატიკის ზღვაში, ბორან "ნორმან ატლანტიკზე" გაჩენილ ხანძარს ქართველი სასულიერო პირის, არქიმანდრიტ ილიას (კარტოზია) ამსოფლიური სიცოცხლე შეეწირა.
სასულიერო პირი მაშინ 27 წლის გახლდათ...

თვითმხილველები ჰყვებოდნენ, ახალგაზრდა მღვდელმა როგორ დაუთმო სამაშველო ნავში ადგილი ბავშვიან ქალბატონს და თვითონ ცეცხლმოკიდებულ გემზე დარჩა და მგზავრებს გემის უსაფრთხოდ დატოვებაში ეხმარებოდა...
მამა ილია იტალიაში, ბარიში მიდიოდა, წმინდა ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად. 27-ტონიანი ბორანი Norman Atlantic, რომელზეც მის გარდა კიდეც ხუთასამდე მგზავრი იყო, საბერძნეთის ქალაქ პეტრადან გამოვიდა და ანკონისკენ მიემართებოდა, როდესაც გემზე ცეცხლი გაჩნდა.

ბორანს ორასზე მეტი მანქანა გადაჰქონდა, მათ შორის - 43 სატვირთო. მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ ხანძარი სატვირთო მანქანებს გაუჩნდა.
ცეცხლმოკიდებული გემის მგზავრების საშველად სხვა გემები და ვერტმფრენი გააგზავნეს.

ბორანზე იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალაქეებიც. რვავე უვნებლად გადარჩა. ქართულ პრესაში, მაშინვე, ერთ-ერთი მგზავრის, ირაკლის მონაყოლი გავრცელდა:
„როდესაც ხანძარი გაჩნდა, შვილი ხელში ავიყვანე და გავიქეცი. მამა ილია მამშვიდებდა, ღმერთზე იფიქრე და დაგეხმარებაო. ასე მაძლევდა ძალას. მაჩვენებდა გზას, სად უნდა წავსულიყავი... სამაშველო ნავებზე გადავდიოდით, ამ დროს მამა ილიამ დაინახა ქალი პატარა ბავშვით ხელში და თავისი ადგილი მათ დაუთმო, თვითონ კი ცეცხლმოკიდებულ გემზე დარჩა. მოგვიანებით, როდესაც მისი რიგი მოვიდა, სამაშველო თოკი გაწყდა და მამა ილია ზღვაში ჩავარდა“.
ქართველ სასულიერო პირზე წერდა იტალიური მედიაც, რომელიც ხანძარს აშუქებდა. თავიდან, საქართველოში, მამა ილიას ამბავი სწორედ იტალიური პრესის მეშვეობით გაიგეს.

იმ დღეს 31 ადამიანი დაიღუპა. მამა ილიას ცხედარი იტალიის ქალაქ ლეჩესთან 30 დეკემბერს იპოვეს. იპოვეს მისი ზურგჩანთაც, ხატებითა და სხვადასხვა სიწმინდით სავსე, რომელიც მას თან ჰქონდა. ჩანთა უვნებლად გადარჩა...

საერთაშორისო საზღვაო საზოგადოებამ, მამა ილია (კარტოზია) ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოვა. „თვითმხილველები ამბობენ, რომ ის მათ ამხნევებდა და უარი თქვა შესაძლებლობაზე თავი გადაერჩინა, ადგილი ბერძენ ქალსა და მის ბავშვს დაუთმო“, - წერია ჯილდოს საბუთებში.

ასევე სიკვდილის შემდეგ, ის სამოქალაქო თავდადებისთვის, დააჯილდოვა საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც.
მომხდარიდან 9 წლის შემდეგ იტალიის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა გემის კაპიტანს, მთავარ ინჟინერსა და ეკიპაჟის კიდევ ერთ წევრს, რადგან მათ ვერ მოახერხეს ხანძრის ლიკვიდაცია და ვერ შეძლეს მგზავრების უსაფრთხოდ გაყვანა.
***
მამა ილია 1987 წლის 1 მაისს, ზუგდიდში დაიბადა. ბავშვობიდან სტიქაროსანი იყო. სკოლა რომ დაამთავრა, ახალციხეში, საფარის სემინარიაში წავიდა.
„ჩემს სიცოცხლეში არ მიტირია და ის რომ დაიღუპა, ვზლუქუნებდი. ამასაც ხომ უნარი უნდა, ლამაზად იცოცხლო და ლამაზად მოკვდე", - იხსენებს გიორგი, მამა ილიას მეგობარი, - "ბერობა რომ გადაწყვიტა, დედისთვის თქმა უჭირდა და წამომყევი, უფრო თამამად ვიქნებიო, მითხრა... ისე კარგად აუხსნა და დაიყვანა ყველაფერი დედამისის გულამდე, რომ ქალბატონმა მიმოზამ უთხრა, შენს გადაწყვეტილებას, შვილო, პატივს ვცემო... სვეტიცხოველში ბერად რომ აღიკვეცა, ვესწრებოდი. უბედნიერესი იყო, თვალები უბრწყინავდა“.

„სვეტიცხოველში ყველაზე პატარა ეგ იყო, უბრალო, უშუალო. საფარადან ცოტა ხნით გამოუშვეს აქ, მაგრამ აღარ გაბრუნებულა, პრაქტიკა არჩია თეორიას“, - იხსენებს მამა ანტონი (ფიჩხაია).

2006 წლის 21 მარტს 18 წლის მორჩილი კაბით შემოსეს, ერთი წლის მერე - სამონაზვნო სქემით. კიდევ ერთი წლის შემდეგ დიაკვნად აკურთხეს, მერე - მღვდელმონაზონად და იღუმენად, 2010 წელს კი - არქიმანდრიტად.

მამა ანგია სხილაძე: ბავშვური, თავმდაბალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ასაკში მიაღწია არქიმანდრიტობას. საუკეთესო წლები შესწირა უფალს, სულ ცდილობდა სიკეთე ეკეთებინა... დილიდან-საღამომდე ციხეში იყო, პატიმრებს აზიარებდა.
ბოლოს დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტრის წინამძღვარი გახდა. ხშირად ამბობდა, შეიძლება მალე გავიდე ამ ქვეყნიდან და იცოდეთ, ბიჭებო, ტაძრის წინ დამასაფლავეთო“.

მართლაც ასე მოხდა. არქიმანდრიტი ილია კარტოზია მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტრის ეზოშია დაკრძალული.
წყარო: რადიო თავისუფლება

***
მრავალმოწყალე უფალმა შეიწყალოს და მართალთა თანა დაავანოს თავისი მონის, არქიმანდრიტ ილიას უკვდავი სული.
საუკუნოდ იყოს ხსენება მისი. მამა ილიას ლოცვა გვეწეოდეს.

12/28/2025