Logo

რელიგია

მამა სერაფიმე როუზის დასკვნა - ვინ არიან უცხოპლანეტელები სინამდვილეში?

მამა სერაფიმე როუზის დასკვნა  - ვინ არიან უცხოპლანეტელები სინამდვილეში?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი იყო ამერიკელი, რომელიც ათეიზმისა და აღმოსავლური ფილოსოფიის შემდეგ მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე მოექცა, რის შემდეგაც ჩრდილოეთ კალიფორნიის მთებში ბერად აღიკვეცა და მღვდლად აკურთხეს. იგი 1982 წელს გარდაიცვალა.​

თავის 1975 წლის წიგნში - „მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია“, მან მთელი თავი მიუძღვნა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს (ამფო/UFO). მისი დასკვნით, ეს ფენომენი რეალურია, თუმცა ისინი სხვა პლანეტებიდან მოსული სტუმრები არ არიან. იგი ამტკიცებდა, რომ ეს არის დემონური საცდურის თანამედროვე ფორმა, რომელიც კოსმოსური ენითაა შეფუთული იმ ეპოქისთვის, რომელსაც აღარ სჯერა ანგელოზებისა და დემონების.​

მამა სერაფიმე როუზი

ის წერდა, რომ გასულ საუკუნეებში, ადამიანს, ამ სულებთან კონტაქტისთვის ბნელი სეანსების ოთახი უნდა მოეძებნა, ახლა კი საკმარისია უბრალოდ ცას შეხედოს. ამოუცნობ ობიექტებთან შეხვედრების მატებაში, ის ხედავდა ნიშანს იმისა, რომ თანამედროვე ადამიანი, როგორც არასდროს, ისე გაეხსნა სულიერ საცდურს.

​მისი დასკვნითი პუნქტი ყველაზე მკვეთრი იყო. იგი წერდა, რომ „ამფო-ების გზავნილია:

"მოემზადეთ ანტიქრისტესთვის; განდგომილი სამყაროს "მხსნელი" მოდის მის სამართავად". მას სჯეროდა, რომ ამ ყველაფრის მიზანი იყო კაცობრიობის მიჩვევა, რათა ხსნას ღვთის ნაცვლად, ციდან ელოდონ.

ქრისტეს ერის დაწყებიდან, ეშმაკებს ასე აშკარად და საყოველთაოდ, ალბათ, არასოდეს უმოქმედიათ. "კოსმოსელი სტუმრების" თეორია მხოლოდ ერთ-ერთი ხერხია, რომლის საშუალებითაც ისინი ცდილობენ ადამიანებს ჩაუნერგონ, თითქოს "უმაღლესი არსებები" ამიერიდან თავის თავზე იღებენ პასუხისმგებლობას კაცობრიობის მომავალ ბედზე.

ამჟამად კაცობრიობამ იმ ცოდნის ნარჩენებიც დაკარგა, რაც მას ქრისტიანული მოძღვრების შესახებ გააჩნდა, და ახლა პასიურად ექვემდებარება ციდან დაშვებულ ნებისმიერ “ძალას”.

მამა სერაფიმე როუზი

ჩვენ უკვე ეშმაკის ზეიმისა და განცხრომის ამ საშინელი საუკუნის მიწურულს ვცხოვრობთ, როდესაც საზარელ “ჰუმანოიდებს” (ეშმაკის კიდევ ერთ ნიღაბს) ათასობით ადამიანი ხედავს და როდესაც ისინი აბსურდული “კონტაქტების” მეშვეობით იპყრობენ ღმრთის მადლისაგან უცხოქმნილ ადამიანთა სულებს. ამო-ს ფენომენი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის იმის ნიშანია, რომ კიდევ უფრო ფრთხილად და შეგნებულად იაროს ცხონების გზაზე. მას უნდა ახსოვდეს, რომ შესაძლოა აცთუნოს და მოხიბლოს არა მარტო ცრუ რელიგიებმა, არამედ ერთი შეხედვით სრულიად მატერიალურმა საგნებმაც, რომლებიც უბრალოდ თვალში გვხვდებიან.

ადრეულ საუკუნეებში ქრისტიანები, იცოდნენ რა ეშმაკის უკიდურესი მზაკვრობა, სიფრთხილით ეკიდებოდნენ ყოველ ახალ და უცნაურ მოვლენას, მაგრამ ახალი “განათლებული” ერის დადგომის შემდეგ, ადამიანები ცნობისმოყვარეობას იჩენენ ასეთი საგნების მიმართ, ის კი არა, ეტანებიან კიდევაც – ეშმაკი მათ ნახევრად ფანტასტიკურ სფეროს მიაკუთვნეს. ამიტომ ამო-ს ნამდვილი ბუნების შეცნობამ ხელი უნდა შეუწყოს მართლმადიდებელი ქრისტიანების გამოღვიძებას შეგნებული სულიერი ცხოვრებისათვის და საერთოდ, მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას, რომელიც იოლად არ აჰყვება დროის მოდურ იდეებს.

უფო

საღად მოაზროვნე მართლმადიდებელ ქრისტიანს კარგად ესმის, რომ იგი აშკარად დაცემულ სამყაროში ცხოვრობს: ქვევით, მიწაზეც და ზევით, ვარსკვლავებს შორისაც, ყოველივე ერთნაირად შორსაა დაკარგული სამოთხისაგან, რომელიც მას ენატრება. იგი ტანჯული კაცობრიობის ნაწილია – იმ კაცობრიობისა, ერთი წინაპრის, პირველი კაცის, ადამისაგან რომ იშვა; მან იცის, რომ ყველას ერთნაირად სჭირდება გამოხსნა, რომელიც უსასყიდლოდ ენიჭება ადამიანს მაცხოვრის მხსნელი სიკვდილით ჯვარზე; იცის, რომ ადამიანისათვის არ არის წინასწარ განსაზღვრული რაღაც “უმაღლეს” არსებად განვითარება ევოლუციის გზით, და რომ არ არსებობს არავითარი მიზეზი იმის დასაჯერებლად, თითქოს სხვა პლანეტებზე “მაღალგანვითარებული” არსებები ცხოვრობენ. მაგრამ მან ისიც იცის, რომ სამყაროში მის გარდა მართლაც არიან “უმაღლესი გონიერი არსებები”, რომლებიც ორ სახედ იყოფიან, ამიტომ ცდილობს, ისე იცხოვროს, რომ მათთან იყოს, ვინც ღმერთს ემსახურება (ანგელოზებთან) და გაექცეს კონტაქტს მათთან (ეშმაკებთან), ვინც უარყო ღმერთი, ვინც შურისა და ბოროტების გამო ცდილობს თავის უკუღმართ ყოფას ადამიანებიც აზიაროს. მან იცის, რომ ადამიანი თავისი ეგოიზმისა და უძლურების გამო, ადვილად ცდება და იჯერებს “ჯადოსნურ ზღაპრებს”, რომლებიც “უმაღლეს მდგომარეობას” ან “უმაღლეს არსებებთან კონტაქტს” ჰპირდებიან, თანაც ქრისტიანული მოღვაწეობის გარეშე – ფაქტიურად, ეს ქრისტიანული ცხოვრებისაგან გაქცევაც არის.

უფო

ის არ ენდობა თავის უნარს – გაარჩიოს ეშმაკის მზაკვრობა, ამიტომ მტკიცედ ეჭიდება წმ. წერილს და წმ. მამათა სწავლებას, რომლებიც მას ქრისტეს ეკლესიამ უბოძა. ასეთ ადამიანს ძალუძს წინ აღუდგეს მომავლის რელიგიას, ანტიქრისტეს რელიგიას, რა ფორმითაც არ უნდა მოევლინოს იგი; დანარჩენი კაცობრიობა კი, თუ ღმრთის სასწაული არ იხსნის, დასაღუპავადაა განწირული.

წყარო: მღვდელმონაზონ სერაფიმე როუზის წიგნი “მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია” (რუსუდან ბუაჩიძის თარგმანი).

ავტორი: ზმნა

06/25/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024