საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
თბილისელი გოგა შალამბერიძე ამერიკაში მექსიკის გავლით მოხვდა. ეს მისი ოცნების ქვეყანა არ ყოფილა. თუმცა გარემოებამ აიძულა მამიდებთან ჩასულიყო, იმ დროს გაკეთებულმა ბაიდენის განცხადებამაც მწვანე შუქი აუნთო.
ნანობს, რომ ინგლისური ენა ბავშობაში არ ისწავლა. ყველაზე მეტად კი, იმაზე ნანობს, რომ ემიგრაციაში ყოფნის დრო, მამა გარდაეცვალა და ის უკანასკნელ გზაზე ვერ გააცილა...
"უეჭველი ქართველია" დღეს ამ ბიჭს გაგაცნობთ.
გოგა შალამბერიძე: მამაჩემს მიწა ვერ მივაყარე. არადა მანამდე, სხვებზე მიკვირდა რომ ამბობდნენ, ემიგრაციაში ვიყავი და ვერ წავედიო. ოჯახის წევრი გარდაეცვალა და როგორ გაჩერდა, რომ არ წავიდა-მეთქი? მეც გამოვცადე ეს სიმწარე და მივხვდი, რამხელა სინანულია ეს ყველაფერი. წასვლა გინდა და ვერ მიდიხარ. სამი წელი ააწყე, იშრომე, თუ ამას კარგი ცხოვრება ჰქვია და ახლა დაბრუნდე უკან და იქ თავიდან დაიწყო ყველაფერი, რთულია.
ჩემზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა იმან, რომ მამა აქ ყოფნის დროს გარდამეცვალა. მამაჩემის მშობლები და ბებია ცოცხალია. დედაჩემის დედა ცოცხალია. ამ დროს ვიგებ, რომ 48 წლის სრულიად ჯანმრთელ მამას ვკარგავ. და ამას ემიგრაციაში ტელეფონით ვიგებ... ბებიაჩემები, რომლებმაც გამზარდეს და ბედნიერი ცხოვრება შემიქნეს, არ იმსახურებენ იმას, რომ სხვამ დამარხონ. არა, უნდა ჩავიდე და მათ ტკბილი სიბერე გავულამაზო.
- გოგა, ცნობილია, რომ ფიცხი მძღოლი ხარ. სულ მართალი ხარ?
- სხვადასხვა კლიენტებთან სხვადასხვა შემთხვევა მქონია. როდესაც ვიდეოების გამოვაქვეყნე, ქართველები წერდნენ, მძღოლი ცუდად იქცევაო. არ იცის, ამერიკაში ქცევის წესებიო. მე შევეცადე ქართველებისთვის მეჩვენებინა, რომ კლიენტია დამნაშავე. ის არის ყველაფრით უკმაყოფილო, რაც არ უნდა, კარგი გაუკეთო. მოკლედ, მანქანიდან ვიდეოების დადებაც ამიტომ დავიწყე.
ვაჩვენებდი, ყოველდღიური სტრესის გარდა, რამდენი რამის ატანა მიწევს. კონფლიქტი იქ იწყება, როცა ტაქსისი მგზავრს ვეუბნები, რომ სხვა მგზავრიც უნდა ავიყავნო და ერთად უნდა იმგზავრონ. კომპანია მიგზავნის შეტყობინებას, რომ რახან ერთ უბანში მიდიან, ავიყვანო ორი სხვადასხვა მგზავრი.

გადადი მაშინ ჩემი მანქანიდან-მეთქი, ვეუბნები. მერე იქიდან მოდის, როგორ მიბედავ ამის თქმას, რომ გადავიდეო. მაგრამ სანამ ამას ვიტყვი, მანამდე უკვე კარგად დაგროვილი მაქვს ბრაზი და როგორც თვითონ მამწარებს, მეც ისე მინდა გავამწარო.
საერთოდ, ამ ხალხს შეპასუხება არ უყვართ. მე თავს ვერ ვუქნევ. ბევრჯერ დამარეპორტეს. ასე დროს ყოველთვის ვაგზავნი შიდა კამერით გადაღებულ შესაბამის ვიდეოს. მაინც გამოდის, რომ ყველაზე სუსტი ნერვები მე მაქვს. მე ვფეთქდები. აქ ამერიკაში მგზავრი ყოველთვის მართალია.
ვერასდროს ვიფიქრებდი, მანქანა თუ იქნებოდა ჩემი შემოსავლის წყარო. საქართველოში ისეთ სამსახურს ვეძებდი, სადაც შარვალ-კოსტუმით უნდა გემუშავა.
- მგზავრთან თუ გიფლირტავია?
- არა, მგზავრთან ფლირტაობა, სექსუალური შევიწროვებაა. ყოფილა შემთხვევა, მგზავრს დაუწყია, ხელი წამოუღია ჩემსკენ, ფლირტაობის თემა ყოფილა, მაგრამ საპასუხო ქმედება არ მქონია. აქაური კანონმდებლობით ყველაზე მკაცრი დანაშაულია. სახიფათოა. შეიძლება მართლა უნდოდე, მაგრამ შენთვის - მძღოლისთვის მაინც მავნეა. რატომ გავიფუჭო საქმე. ჩემი დღევანდელი შემოსავლის წყარო ეს საქმეა.
დღეში, მინიმუმ, 20 ადამიანი გადამყავს.

ერთხელ 80 წლის კაცი ჩამიჯდა, ქუზე სამხედროს ლოგო ეკეთა. მოჰყვა ისტორია, როგორ იმსახურა ამერიკულ არმიაში, როგორი დაფასებულია. საათი და 20 წუთი ვიმგზავრეთ და ვისაუბრეთ. რომ მივიყვანე, ერთი წუთით-მეთქი, გადავედი, კარი გავუღე და სამხედრო მისალმება ავუღე. გადაირია, რას აკეთებო? ამას იმსახურებთ-მეთქი... ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ ტაქსით გადაადგილებისას არავის გაუკეთებიაო და მადლიერების ნიშნად, ფული მაჩუქა.

- გამიგია, მგზავრებს სექსიც ჰქონიათ უკანა სავარძელზე...
- ჯვარი მწერია, ეგეთი რამ რომ ჩემთან მოხდეს შეიძლება იქვე ჩავაკლა ყველანი. ვეუბნები მძღოლებს, ასეთ დროს, გააჩერე მანქანა და გადააგდე მანქანიდან-მეთქი. ფულს მიხდის, მქირაობს, მაგრამ ჩემს მანქანაში მე ვარ უფროსი. რახან დაქირავებული გყავარ, ეს იმას კი არ ნიშნავს, უკანა სავარძელზე სექსი შეგიძლია?! არა, არ შეგიძლია. მძღოლებმა არ იციან, როგორ უთხრან ისე, რომ არც შეურაცხყოფა მიაყენონ და ზრდილობიანად გადაუშვან მანქანიდან. მე კომუნიკაციის პრობლემა არ მაქვს. უხეშადაც შემიძლია ვუთხრა და თბილადაც.
07/24/2026