ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მეცნიერებმა დიდი ხანია დაადასტურეს, რომ მარიხუანას უვნებლობის შესახებ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
მიუხედავად ამისა, მითები მისი უვნებლობის შესახებ, არსებობას და გავრცელებას განაგრძობს.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოებას კიდევ ერთი კვლევის შესახებ უზიარებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მარიხუანა მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.
„მარიხუანას მოხმარება 6-ჯერ ზრდის მიოკარდიუმის ინფარქტის და 4-ჯერ - იშემიური ინსულტის რისკს!
მარიხუანას მოხმარება მთელ მსოფლიოში იზრდება და მოსახლეობაში უფრო და უფრო მეტად მკვიდრდება აზრი მისი უვნებლობის შესახებ. თუმცა არაერთი კვლევა ადასტურებს მის მავნე გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.
წელს გამოქვეყნდა აშშ-ში ჩატარებული ფართომასშტაბიანი, მულტიცენტრული კვლევის შედეგები კანაბისის მიერ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკის მკვეთრად გაზრდის შესახებ.

კვლევა ჩატარდა 50 წლამდე ადამიანებში, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სხვა რისკები არ ჰქონდათ (ანუ არ იყვნენ თამბაქოს მომხმარებლები, ქოლესტერინი და წნევა ჰქონდათ ნორმალური და ა.შ).
ეს იყო რეტროსპექტიული კოჰორტული კვლევა, რომელიც ერთმანეთს ადარებდა კანაბისის მომხმარებლებსა და არამომხმარებლებს შორის (92 ათასი მომხმარებელი და 4 მილიონი არამომხმარებელი ადამიანი) გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სიხშირეს.

კვლევამ გამოავლინა, რომ კანაბისის მომხმარებლებში ინფარქტის რისკი 6-ჯერ მაღალია არამომხმარებლებთან შედარებით და მათში ინფარქტის შემთხვევაში გარდაცვალების რისკი 5-ჯერ მაღალია.
რაც შეეხება ინსულტს, მომხმარებლებს 4.3-ჯერ მაღალი აქვთ რისკი და გადარჩენის შანსი 5-ჯერ ნაკლები არამომხმარებლებთან შედარებით,” - წერს მაია ბუწაშვილი.
11/24/2025