Logo

კულტურა

"მარჯანიშვილზე მხვდებოდა. იღიმოდა... მითხრეს, სიყვარულის გამო გაგიჟდა, შეყვარებული მოუკვდაო" - ვინ იყო სოფიკო ჭიაურელის ფუფალას პროტოტიპი

"მარჯანიშვილზე მხვდებოდა. იღიმოდა... მითხრეს, სიყვარულის გამო გაგიჟდა, შეყვარებული მოუკვდაო" - ვინ იყო სოფიკო ჭიაურელის ფუფალას პროტოტიპი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

21 მაისს სოფიკო ჭიაურელი 89 წლის გახდებოდა. ადრე დატოვა წუთისოფელი, 71 წლის ასაკში. ძალიან აკლია ეკრანსაც და საზოგადოებასაც.

მრავალფეროვანია მისი როლების პალიტრა - ქალური, მხიარული, სევდიანი, საქმიანი, ემოციური, საინტერესო ქალების სახეები შეექმნა. მათ შორის, მარგალიტივით ბზინავს გოგლა ლეონიძის ფუფალას გამორჩეული სახე.

"არცა შიოლა ყოფილა, მე გამოვიგონე..." - ფილმის ბოლოს, დრამატულად ნათქვამი მისი ფრაზა, სრულიად გაოგნებს და თუ მანამდე თავმოყვარე ფუფალას დანახვაზე, კარგ ხასიათზე დგებოდი, გულზე სევდიანი შლეიფი გეკიდება და ხვდები, როგორ უფერულდება ნატვრის ხეზე დაკიდებული ფერადი ლენტები...

სოფიკო ჭიაურელისოფიკო ჭიაურელი

აი, რას იხსენებს თავად მსახიობი თენგიზ აბულაძის ამ გენიალური ფილმის მისეულ გმირზე.

სოფიკო ჭიაურელი: სამწუხაროდ, თენგიზთან მხოლოდ "ნატვრის ხეში" ვიმუშავე. როდესაც დამიძახა და ეს როლი შემომთავაზა, გავგიჟდი ისე გამიხარდა. მოთხრობა წაკითხული მქონდა, მაგრამ ისევ გადავიკითხე და ისე მივედი სტუდიაში.

გამახსენდა ქალი, რომელიც მარჯანიშვილზე მხვდებოდა ხოლმე. არანორმალური იყო, მანქანებს ხელს უქნევდა და უღიმოდა. ერთხელ მიზეზი ვიკითხე, მითხრეს, სიყვარულის გამო გაგიჟდა, შეყვარებული მოუკვდაო... ის გამახსენდა და ვიფიქრე, რომ აქედან გამომდინარე უნდა შემექმნა ფუფალას როლი. მივედი სტუდიაში, ვილაპარაკეთ, ვუთხარი ჩემი აზრი, ვაჩვენე, რაც მოვიფიქრე. თენგიზი ხომ ძალიან დამყოლი იყო, არასოდეს უთქვამს არავითარ შემთხვევაშიო. ჩავედით გარდერობში, მოვძებნეთ ტანსაცმელი, მერე ბოხჩაც, მერე გრიმი და გავედით გადაღებაზე.

ფუფალა დღეს საზოგადო სახელად იქცა...

სოფიკო ჭიაურელი

ფუფალა ნათელი ფერია ჩემს შემოქმედებით ბიოგრაფიაში. ვფიქრობ, სხვა რომ აღარაფერი გავაკეთო, ფუფალა ხომ მაინც დარჩება-მეთქი. ქართული კინოს კი ის პერიოდი დარჩება როგორც კლასიკა.

მაგიჟებდა თენგიზის ინტელექტი. მსახიობისადმი საოცარ ნდობას იჩენდა. იცით, როგორ გიგდებდა ყურს? თითქოს პირველად მოვიდა კინოში. ის არ იყო ის პიროვნება. რომელსაც რაღაც ჩაფიქრებული აქვს და არ გადაუხვევს. ისეთ გენიოსსაც კი, როგორიც ჩაპლინია, მოჰყავდა მუშები, გამნათებლელი და აჩვენებდა მასალას, თვითონ უკან ჯდებოდა და აკვირდებოდა, ვის როგორი რეაქცია ჰქონდა.

მარიტას ვირის ტარების ეპიზოდი რომ ეკრანზე პირველად ვნახე, ვეჩხუბე თენგიზს. იცით, რატომ? ფუფალას სირბილის ეპიზოდი გრძლად გვქონდა გადაღებული. მორბის ეტაკება ვიღაც, ისევ მირბის, მერე დაეცემა. ეს დაცემა ძალიან კარგად მქონდა მომზადებული. მონტაჟის დროს ამოჭრა. რა ვქნა, სოფიკო, განა ჩემთვის ადვილი იყო? ყოველ კადრს, როგორც შვილს ისე ვემშვიდობებოდიო, მითხრა.

სოფიკო ჭიაურელი

ჩიკაგოს ფესტივალზე ჟურნალისტები ვერ მიხვდნენ, მე ვის ვთამაშობ ფილმში. მარიტა არ ვიყავი, მაგრამ ვინ? როცა ვეუბნებოდი, ფუფალა ვარ-მეთქი, გაოცებულები მიყურებდნენ.

სოფიკო ჭიაურელისოფიკო ჭიაურელი

"მონანიებას" რომ იღებდა, დამირეკა და მითხრა, ერთი პატარა როლია, მინდა ფუფალას ხასიათის გაგრძელება იყოს. ცოტა დაგაბერებთ და იქნები ქალი, რომელიც ტაძრისკენ მიდის, ტოვებს ამ ქვეყანასო. რად გინდა ჩემი დაბერება, დედაჩემი აქ არის-მეთქი, ვუთხარი. გაჩუმდა და მკითხა, დაგვთანხმდებაო? დედაჩემი გადაირია, არსად არ წავალო! აქ მოვიდნენ და ჩვენს პატარა ქუჩაზე გადაიღეს მსხვილი ხედებით...

ვერიკო ანჯაფარიძე

ასე რომ "მონანიებაში" ჩემი პატარა წვლილი მეც შევიტანე. ზეიკო ბოცვაძე თურმე ფუფალას როლზე ოცნებობდა, მე კიდევ პირიქით, "მონანიების" ქეთი ბარათელზე...

სოფიკო ჭიაურელი

ავტორი: თამარ გონგაძე

05/21/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024