Logo

ჩვენი ისტორია

„მაშველების“ მანტიით მოსილი ძალადობა - როგორ იქმნებოდა „მხედრიონი“

„მაშველების“ მანტიით მოსილი ძალადობა - როგორ იქმნებოდა „მხედრიონი“

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე წლები, ძალადობასთან, სამოქალაქო დაპირისპირებასთან და განუკითხაობასთან დაკავშირებული პერიოდი, სამუდამოდ გადაეჯაჭვა გაერთიანებას, რომელსაც „საქართველოს მხედრიონი“ ერქვა. თავის დროზე, ის არ ყოფილა ერთადერთი შეიარაღებული ფორმირება. სხვებიც იყვნენ, მაგრამ გავლენითა და დესტრუქციული მასშტაბით „მხედრიონმა“ სხვები შორს ჩამოიტოვა უკან. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შეიარაღებული გზით დამხობის მერე, „მხედრიონი“ მმართველი რეჟიმის მთავარ დამრტყმელ ძალად იქცა - სანამ სისტემას სჭირდებოდა. როგორც კი აღარ დასჭირდა, შევარდნაძემ ისეთივე „წარმატებით“ მოიცილა, როგორი „წარმატებითაც“ გამოიყენა.

მხედრიონი

ბევრს არ ახსოვს, რომ „მხედრიონი“ ერთი შეხედვით უწყინარი და „ალტრუისტული“ ამოცანებით დაიბადა. მისი სათავეები დაკავშირებულია არც მეტი არც ნაკლები - „სულიერი აღორძინებისა და ჰარმონიული განვითარების ასოციაციასთან.“

პროცესი 1989 წელს, საბჭოთა კავშირის მიწურულს დაიწყო. მაშინ, როცა პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებული საბჭოთა რეჟიმი დღითი დღე კარგავდა კონტროლს. ქვეყანაში სახელისუფლებო ვაკუუმი შეიქმნა, ქუჩებში გააქტიურდნენ კრიმინალები, გაჩდნა უკონტროლო იარაღი, ავტონომიურ ერთეულებში კი სეპარატისტული ჯგუფები იკრებდნენ ძალას.

„სულიერი აღორძინებისა და ჰარმონიული განვითარების ასოციაციამ“ საქართველოს სხვადასხვა რაიონებში წამოიწყო მაშველთა რაზმების შექმნა. ბოლოს ეს რამზები, ჯაბა იოსელინის ლიდერობით, „საქართველოს მაშველთა კორპუსის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანდა.

კორპუსს ჰყავდა მკაფიო ხელმძღვანელობა – საკოორდინაციო საბჭო, რომელიც თავმჯდომარეს ნიშნავდა, თავად სტრუქტურა კი სადროშოებად და მაშველ რაზმებად იყოფოდა. ყველაზე საინტერესოა, თუ რა ეწერა ოფიციალურ წესდებაში?

„ხელი შეუწყოს სრულიად საქართველოს მოსახლეობას შეინარჩუნოს და განავითაროს თავისი ფიზიკური, სულიერი და მორალური პოტენციალი. უშუალოდ მონაწილეობდეს საქართველოს ისტორიულ-ტრადიციულ და კულტურულ ფასეულობათა დაცვის საქმეში; წვლილი შეიტანოს ქრისტიანულ-ზნეობრივი ფასეულობებისა და მორალური პრინციპების დაცვის, პროპაგანდისა და აღორძინების საქმეში.“

მხედრიონი

ასევე საუბარი იყო ზვავსაშიშროებებზე, მეწყრებზე, სტიქიური უბედურებების დროს ტურისტებისა და მოსახლეობის დაცვაზე. ექსტრემალური სიტუაციების წარმოშობისა და გავრცელების ზონებში წესრიგის დაცვაზე. ერთი შეხედვით, ეს იყო მოქალაქეობრივი ინიციატივა წესრიგისა და ერთმანეთის დასახმარებლად და სწორედ აქ იმალებოდა ხაფანგი.

ნებისმიერი პარამილიტარისტული, ანტიდიემოკრატიული და ძალადობრივი მონსტრი, თითქმის, ყოველთვის „სიწმინდეების“, „ზნეობის“, „ტრადიციებისა“ და „სულიერი აღორძინების“ დამცველად გამოდის ასპარეზზე. როგორც კი სახელმწიფო სუსტდება და კანონის უზენაესობა ირღვევა, ჩნდებიან ძალები, რომლებიც „ხალხის სახელით“ და „მორალის დასაცავად“ იარაღს იღებენ. „მაშველთა“ კეთილშობილური მანტიით შემოსილი „კორპუსი“ ჯაბა იოსელიანისა და მისი გარემოცვის ხელში ძალიან სწრაფად გადაიქცა უკანონო შეიარაღებულ ბანდად, რომელმაც ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისა და რეკეტის ჭაობში ჩაითრია.

მხედრიონი

1990 წლის შემოდგომაზე, როცა მუშაობას შეუდგა დემოკრატიულად არჩეული უზენაესი საბჭო ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობისკენ გარდამავალი პერიოდის საქართველოს მრავალ გამოწვევებს შორის, ერთ-ერთი მთავარი შეიარაღებული ფორმირმება „მხედრიონი“ იყო. იმ პერიოდში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჯაბა იოსელინმა ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვაზე - აპირებდა თუ არა „მხედრიონი“ იარაღის ჩაბარების თაობაზე ხელისუფლების მოთხოვნის შესრულებას?

„მხედრიონს იარაღი აქვს და არ აპირებს მის ჩაბარებას. ყველა ნორმალურ ქვეყანაში იარაღი აქვს და თავის დაცვა შეუძლია ყველას, ვისაც უნდა. მისი აკრძალვა და ჩამორთმევა ბოლშევიკური პრინციპია და „მხედრიონი“ ამ მოთხოვნის მიღებას არ აპირებს.”

ზვიად გამსახურდია

1991 წლის დასაწყისში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ დაიწყო უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღება, რასაც ახლდა მწვავე პროტესტი და ზოგჯერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა “მხედრიონის” წევრების მხრიდან. ბევრს არ ახსოვს, რომ გამსახურდიას ხელისუფლება ამ ოპერაციის დროს, არა მარტო ანიარაღებდა „მხედრიონს,“ მისი წევრებისგან იღებდა მოტაცებულ ავტომანქანებსაც. მაშინდელი ოფიციალური ცნობებით, 1991 წლის 20 თებერვალს, ცაგერის რაიონის სოფელ ჭალისთავის ტერიტორიიდან მილიციის მუშაკებმა ამოიღეს „მხედრიონის“ წევრების მიერ გატაცებული 28 სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა. იმავე პერიოდში კახეთში მილიციამ ამოიღო „მხედრიონის“ მიერ გატაცებული კამაზის და ზილ -130- ის და ზილ -131-ის მარკის სატვირთო ავტომანქანები.“ ბევრად უარესი წინ იყო და შეგახსენებთ, ყველაფერი - ტრადიციების, ქრისტიანობის, ღირებულებების დაცვისა და მაშველობის - ამოცანების გაჟღერებით დაიწყო.

ავტორი: ელენე ლომთაძე

07/28/2026

მხედრიონისაქართველოხობი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024