Logo

კულტურა

"მათი თანაცხოვრება 7-8 წელი გაგრძელდა" - ქალი "იმერული ესკიზებიდან" იპოლიტეს ცოლი იყო

"მათი თანაცხოვრება 7-8 წელი გაგრძელდა" - ქალი "იმერული ესკიზებიდან" იპოლიტეს ცოლი იყო

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ქუთაისის ცენტრში, ბულვარის წინ, წმინდა ნინოსა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს მსახიობთა სახლი. სახლი გარედან ადვილი საცნობია, მასზე 1938 წელია ამოტვიფრული. ამ წელს, ქუთაისში, მსახიობები მთელი საქართველოდან შეკრიბეს და აქ, ამ სახლში დააბინავეს. ბევრ დაუვიწყარ ურთიერთობებს ინახავს ამ შენობის კედლები. სხვათა შორის, ქუთაისში მოღვაწეობის წლებში, აქ ცხოვრობდა ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდა - იპოლიტე ხვიჩიაც.

იპოლიტესა და მის პირველ ცოლზე, მსახიობ თამარ ჯობაძეზე, ათი წლის წინ, "ნიუპრესს", ლეგენდარული სახლის ბინადრებმა -  ვაჟა ოყრეშიძემ და გუდარი კოკელაძემ უამბეს. 

"ამ ეზოს მთავარი დამახასიათებელი შტრიხი იყო ის,  რომ აქ ერთი პროფესიის ადამიანები ცხოვრობდნენ, ერთი ჭკუის ხალხი. დილით რეპეტიციებზე ერთად მიდიოდნენ,  საღამოსაც, სპექტაკლის შემდეგ ერთად ბრუნდებოდნენ. ამ ეზოში სახლის კარები არ იკეტებოდა, ყველანი ერთი ოჯახივით იყვნენ. სტუმარი რომ მოვიდოდა,  ყველას სტუმარი იყო.  საღამოობით ჩაის სმა და ლოტოს თამაში იმართებოდა.

იპოლიტე ხვიჩია

რა თქმა უნდა, სასაუბრო თემა, მუდამ თეატრი იყო. ზაფხულობით,  გასტროლებზე  რომ  ჩამოდიოდნენ თეატრები, მსახიობებს ოჯახებში ანაწილებდნენ, ანუ, აქ მაცხოვრებელ არტისტებს, კიდევ ემატებოდნენ თბილისელი კოლეგები. ძნელი წარმოსადგენი არაა, თუ რა ამბები ტრიალებდა აქ.  ეს იყო მხიარულების, იუმორის, ხუმრობის და სიმღერის ეპიცენტრი.

სახლი ქუთაისში

აქ იპოლიტე მის მეუღლესთან,  თამარ ჯობაძესთან ერთად ცხოვრობდა. მათი თანაცხოვრება 7-8 წელი გაგრძელდა. 

თამარ ჯობაძე ქართულ კინოში შემორჩენილია მათხოვარი ქალის როლით „იმერულ ესკიზებში“ , „ფუჩეჩი-ფუჩეჩის“ ბუტბუტით რომ დადის.

ფუჩეჩიფუჩეჩი

როდესაც იპოლიტე ამ ეზოში ცხოვრობდა, მე მაშინ ბავშვი ვიყავი. ბავშვები ძალიან უყვარდა, ძალიან  გვანებივრებდა... მამაჩემი, სერგო ოყრეშიძე რეჟისორი იყო, დედა, ნუცა ქაჯაია - მსახიობი.   

მესხიშვილის  თეატრის  შემდეგ, ის თოჯინების თეატრში მუშაობდა... აქვე ცხოვრობდნენ თეატრის სხვა თანამშრომლები - გრიმიორი, მუსიკოსები... ერთადერთი ოჯახი, რომელიც ამ სახლში განსხვავებული პროფესიის იყო - ლევან გაბრიაძის ოჯახი იყო.  ეს იყო ქალაქკომის მდივანი. თავიდანვე შემოასახლეს.  ეს ბინა ახლაც გაბრიაძეებს ეკუთვნით. ლევანის ვაჟი გახლავთ სახელოვანი რეზო გაბრიაძე, რეჟისორი და დრამატურგი, რომელიც ამ ეზოში გაიზარდა" - ჰყვება ვაჟა ოყრეშიძე.

ავტორი: ზმნა

11/24/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024