Logo

საზოგადოება

"მე, ასეთი მნიშვნელობის დღეები, ჩემს ცხოვრებაში არ მქონია" - ზურა შევარდნაძე საზოგადოებას მიმართავს

"მე, ასეთი მნიშვნელობის დღეები, ჩემს ცხოვრებაში არ მქონია" - ზურა შევარდნაძე საზოგადოებას მიმართავს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"ერთი ბოდიში როგორ არ მოიხადა" - ზურა შევარდნაძის მისამართით სალანძღავი ფრაზების კორიანტელი მანამ გრძელდებოდა, სანამ სკანდალში გახვეულმა მებაღემ ერთი ვიდეო მიმართვა არ გამოაქვეყნა.

ზურა ბოდიშს უხდის ყველას, მადონა ტიგინაშვილის გარდა, ემადლიერება ყველას და აღნიშნავს, რომ ამ დღეებმა დიდი გაკვეთილი ჩაუტარა.

ზურა შევარდნაძე: ოპერაციის მეორე დღიდან მივხვდი, რომ უცნაური დღეები დადგა ჩემთვის, მივხვდი, რომ ადამიანებს უნდა ვაცადო, ვადროვო. არც ერთი კომენტარი არ წამიშლია. იყოს ძეგლად. კარგია, რომ შენახულია. ძალიან მომინდა დამენახა, სანამდე შეიძლება მივიდეს ადამიანის აგრესია. თუნდაც შემცდარი და ცუდად მოქცეული ადამიანის.

ამ დღეებმა აჩვენა უდიდესი ტკივილი. მძიმე იყო ჩემთვის ამ დღეებში შრომა. ამ მძიმე დღეებს ახლდა უდიდესი სიხარული და გაოცება. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ჩემს გვერდით უნდა ყოფილიყო, არ იყო ჩემს გვერდით; ბევრი ის ძველი ნაცნობი, რომლის არსებობა არ მახსოვდა, მწერდნენ, მეფერებოდნენ, აცხობდნენ ნამცხვრებს და მოჰქონდათ. უი, გავიხედავდი, ადამიანი ზის, ვხვდებოდი, რომ ჩემს მხარდასაჭერად იყო მოსული.

ოპერაცია "მადონა" დასრულდა. ამ დღეებმა მასწავლა, რომ ესე იგი, აქამდე რაღაც არ ვქენი სწორად, იმაზე მეტი უნდა გავცე, ვიდრე გამიცია, იმაზე მეტად უნდა მიყვარდეს, ვიდრე აქამდე მიყვარდა, იმაზე მეტად უნდა ვიშრომო, ვიდრე აქამდე მიშრომია.

ჩემთვის ძალიან კარგი ჭკუის სასწავლებელი დღეები იყო. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ მადლიერიც კი ვარ. დიდ შეურაცხყოფასთან ერთად გახარებული ვარ. ბოდიშის მოხდა არასდროს გამჭირვებია და თქვენ გიხდით ბოდიშს, იმ ადამიანებს ვუხდი ბოდიშს, ვინც ასე შევაწუხე, ჩემი შეურაცხყოფის გამო, ასე ეტკინათ გული.

ამდენი ყურადღება რომ მივიპყარი, თავს უხერხულად ვგრძნობ. რა თქმა უნდა, მადლობას გიხდით დიდი სიხარულისთვის, დიდი სიყვარულისთვის.

შრომის მეტი მე რა ვიცი? მშრომელი ადამიანის დაფასების მეტი, მე რა ვიცი. მთელი ცხოვრება შრომაში ვარ. ჩემს ირგვლივ სულ შრომაა, თვალი რაც გავახილე იქიდან - დღემდე. მშრომელი ადამიანის მეტად ამღიარებელი და მისი დამფასებელი, მე, ჩემს ირგვლივ, სხვა არ მეგულება. შეიძლება ეს არ არის მთლად თავმდაბალი საუბარი, მაგრამ ჩემთვის ეს ასეა.

ეს იყო დიდი გაკვეთილი ჩემთვის. თქვენ ეს იცოდეთ. მნიშვნელოვანი დღეები იყო. ასეთი მნიშვნელობის დღეები, მე, ჩემს ცხოვრებაში არ მქონია. დიდი გაკვეთილი, როგორ შეიძლება უსაშველო სიყვარული გადაკეთდეს უცებ სიძულვილად, ზიზღად, შურად და მდინარესავით გადაგიაროს.

არა უშავს. ყველა სიტყვისთვის მადლიერი ვარ. ქედმოხრილი ბოდიში რომ თქვენი ყურადღება მივიპყარი. და დიდი ბოდიში.

ამ ამბავმა მაჩვენა, რომ არ იყო საკმარისი ის გაღებული სიყვარული, ის შრომა, უფრო მეტი უნდა ვაკეთო. მადლობა და კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში.

ვიდეო

ავტორი: ზმნა

04/02/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024