საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II — დაყოფისა და ურთიერთმტრობის სენზე, 1989 წლის ტრაგედიის კონტექსტში, და მისი აუხდენელი ნატვრა: „მე აუცილებლად ჩავალ აფხაზეთში.“

1989 წლის 9 აპრილის უსასტიკესი სადამსჯელო ოპერაცია ჯერ კიდევ ახალი მომხდარი იყო. საქართველო გლოვობდა რუსთაველის პროსპექტზე დახოცილ გმირებს. იმავე წლის აპრილში აღინიშნა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ბუნებრივია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, სააღდგომო ეპისტოლეში ვრცლად ისაუბრა 9 აპრილის ტრაგედიაზე.
1989 წლის ეპისტოლიდან ერთ მონაკვეთს გაგახსენებთ, რომელიც აერთიანებს როგორც მაშინდელ, ისე დღევანდელ მთავარ სათქმელს:

„ისტორიულად ჩვენ დაყოფის ცოდვა მოგვდგამს. შური და გაუტანლობა გვთიშავდა საუკუნეთა მანძილზე. ასეა ახლაც. ჩვენ ვერ დავძლიეთ ეს სენი. უფალი გვეხმარება — მწუხარებისა და დიდი ტკივილის ფასად აღვიძებს ჩვენს ეროვნულ სულს, გვკრავს და გვაერთიანებს. ამაშია ჩვენი გადარჩენა. მივყვეთ ამ გზას, მოვუხმოთ სიბრძნეს, სიმშვიდეს, თორემ განსაცდელი გაცილებით დიდი შეიძლება გვერგოს.“
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს, არაერთხელ გამოუთქვამს გულისტკივილი ჩვენი ისტორიული სენის შესახებ, რომელსაც დაყოფა, შური და გაუტანლობა ჰქვია. მისი ხანგრძლივი პატრიარქობის პერიოდში საქართველომ მრავალი განსაცდელი გამოიარა: სრული უიმედობა, სიცივე, შიმშილი, სიღარიბე, მძიმე სოციალური კრიზისები. ქვეყანამ გადაიტანა სასტიკი ომები, დაცემა და კვლავ ფეხზე წამოდგომა, მერე ისევ...

ათწლეულების განმავლობაში პატრიარქმა უამრავი გმირი დაიტირა, გააპატიოსნა და უკანასკნელ გზაზე გააცილა, მათ შორის იყვნენ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულები. ცნობილია ისიც, თუ რამდენად ღრმა იყო მისი სულიერი და ისტორიული კავშირი აფხაზეთთან — და როგორ დარჩა აუხდენელ ნატვრად მისი სიტყვები: „მე აუცილებლად ჩავალ აფხაზეთში.“


რადგან საუბარი 1989 წლის აპრილით დავიწყეთ, გავიხსენოთ, რა პროცესები ვითარდებოდა საბჭოთა სპეცოპერაციის შემდეგ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და რა გზავნილით ჩავიდა იმ მღელვარე პერიოდში სოხუმში ილია II.
9 აპრილის სისხლიანი ღამიდან ერთი წელი გავიდა. საქართველოში ტრაგედიის წლისთავი ფართოდ აღინიშნა — სამგლოვიარო მიტინგები გაიმართა აფხაზეთშიც. 1990 წლის 9 აპრილს დილიდანვე სოხუმის ეკლესიასთან შეიკრიბა ხალხის დიდი რაოდენობა, სადაც პარაკლისი აღავლინა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა დავითმა.
აფხაზეთში იმ დღის მთავარი მოვლენა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალის გახსნა იყო სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში. იმდროინდელი პრესის ცნობით, მემორიალის გახსნას დაახლოებით 40 000 ადამიანი დაესწრო, სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების. ხალხი საქართველოს ეროვნული დროშებითა და ანთებული სანთლებით ხელში მივიდა მემორიალთან, რათა პატივი მიეგო დაღუპულთა ხსოვნისთვის. ანალოგიური ხალხმრავალი მიტინგები გაიმართა გალში, გულრიფშსა და ოჩამჩირეში.

რთული და დაძაბული პერიოდი იყო. აფხაზეთში ვითარება მკვეთრად იყო გამწვავებული და პირველი სისხლიც დაღვრილი იყო. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მიწვევით, სოხუმში ჩავიდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II — წმინდა ადგილების მოსალოცად და, რაც მთავარია იმისთვის, რომ აფხაზი მრევლისთვის სიყვარულით ეთქვა: „მე სულიერი მამა ვარ თქვენი.“
„აქ ბევრია წმინდათწმინდა ადგილი, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს. აფხაზეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული მრავალი წმინდანის სახელი. მარტო ის ფაქტიც რად ღირს, რომ სვიმონ კანანელი ახალ ათონშია დაკრძალული.

მე კარგად ვიცნობ აფხაზეთსა და აფხაზებს. იმ თერთმეტი წლის განმავლობაში, როდესაც აქ მღვდელმთავრობდი, მქონდა განსაკუთრებული ურთიერთობა ადგილობრივ მოსახლეობასთან. ვალდებულად ვრაცხ თავს, დღესაც მქონდეს მჭიდრო კავშირი ამ ეპარქიასთან და მის მრევლთან. მახსოვს ჩემი პირველი მიმართვა 1965 წელს, როდესაც ვთქვი: მე სულიერი მამა ვარ თქვენი. ეს სიტყვები ჩემთვის დღემდე პასუხისმგებლობაა. გულში ჩამრჩა ის სითბო, გულითადობა და კეთილისკენ სწრაფვა, რომელიც აქ ვიხილე — ეროვნების განურჩევლად.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ისინი, ვინც „თესავენ ქარს“, ვისაც სურს არეულობა და დაპირისპირება, რის შედეგადაც ადამიანებს შორის ჩნდება გაუგებრობა და მტრობა — არ არიან ქრისტიანები. ისინი საკუთარი ხალხის მტრები არიან, განურჩევლად იმისა, ვინ არიან — ქართველები, აფხაზები, რუსები, სომხები, ბერძნები თუ სხვანი.“
ილია II თავის არაერთ გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნავდა: „ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის — ეს იყო ბრძოლა მესამე ძალასთან.“

ამ კონტექსტში „მესამე ძალად“ განიხილება რუსეთი — რომლის გავლენა და ჩარევა გადამწყვეტ როლს ასრულებდა რეგიონში მიმდინარე პროცესებში. რუსეთის საპატრიარქომ, საქართველოს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სამძიმრის განცხადებაშიც არ ახსენა მისი სრული ოფიციალური ტიტული, ამ შემთხვევაშიც გამოტოვა „ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი.“
მშვიდობით განისვენე, საქართველოს პატრიარქო.
ჩვენ აუცილებლად ჩავალთ აფხაზეთში.
03/21/2026