საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"ვიკასთან" სტუმრობისას დათო ტურაშვილმა ჟურნალისტ ვიკა ბუკიას, უცხო სიტყვების გამოყენების გამო, ასეთი შენიშვნა მისცა.
დათო ტურაშვილი: "ლუქი", "ნარატივი" და მანამდე კიდევ რაღაც იკადრე. ასეთ სიტყვებს წინააღმდეგობა უნდა გაიწიო, ნუ აყვები. ჩვენი ენა არის ტკბილქართული, როგორც შოთა რუსთაველი ამბობს. არის ენა, რომელზეც ჩვენს გარდა, არავინ სხვა არ ლაპარაკობს, არავინ არ მეტყველებს და არ იყენებს. ამიტომ ჩვენს გარდა ვერავინ სხვა ვერ მოუფრთხილდება და ვერ დაიცავს. არავინ არ გვყავს დედამიწაზე. ჩვენი ნათესავები მარტო ძველი იბერიელები არიან.
შემდეგ დათომ გაიხსენა თავისი კლასი და კლასელები. მისი კლასელი მწერალი აკა მორჩილაძე ყოფილა.
დათო ტურაშვილი: კლასი მყავდა ისეთი, სულ ტვინით დატენილი იყო ყველა, გენიოსები. თამუნა კალანდაძით დაწყებული აკა მორჩილაძით დამთავრებული. არ ვიცი, რანაირად მოხდა. ჩვენს კლასში ხუთ ადამიანს მისცეს ოქროს მედალი. სინამდვილეში მეტსაც ეკუთვნოდა. საბჭოთა კავშირში საოცარი კლასი იყო.
საკლასო ოთახებს რომ ვიცვლიდით, ზოგჯერ მე და გიო ახვლედიანი ერთ მერხზე ვისხედით. ეს მერხები იყო შავი და ღრიჭოებიანი. ან გიოს მოჰქონდა წიგნი ან მე და ღრიჭოს ქვეშ ამოვდებდით წიგნს და ჩუმად ვკითხულობდით... ზოგი წიგნი მე მქონდა, მას - არა, თუმცა ვაღიარებ, გიოს უკეთესი ბიბლიოთეკა ჰქონდა.
გიოც მშვიდობის მოყვარე იყო და მეც. თუმცა სხვების გამო, ისეთ ჩხუბში ვართ მოყოლილი... კონფლიქტური არ ვიყავი და ძველბიჭობას საერთოდ ვერ ვიტანდი. ყველას რომ დანა ედო ჯიბეში, მაშინაც კი არ მედო. მერვე კლასში "ლისიჩკები" თითქმის ყველას დაჰქონდა. მე ისიც კი არ მედო. დანა რომ ვინმესთვის დამერტყა, ალბათ, დარდისგან მოვკვდებოდი. მერჩივნა, ჩემთვის დაერტყათ დანა.
გოგოებს ასეთი მოძველბიჭო ბიჭები მოსწონდათ. ერთი ულამაზესი გოგო იყო. ვინც კი ნარკომანი იყო, ზედიზედ ყველას გაჰყვა ცოლად... მე და აკა მორჩილაძე არავის მოვწონდით, ნარკომანები ჩვენ არ ვიყავით და ძველი ბიჭები ჩვენ არ ვიყავით. ვხუმრობ.
ჩვენ ფეხბურთის ისეთი გუნდი გვყავდა - მე, აკას და დანარჩენებს... რაც მე აკას პასებით გოლი მაქვს გატანილი! ახლა რატო მძინავს ცუდად? სიზმარში ნაკრების წევრი ვარ და გოლი გამაქვს!.. მშობლებმა არ მიმიყვანეს ფეხბურთზე... მეგობარმა ჩუმად მიმიყვანა და ვითომ ჭადრაკზე დავდიოდი, სინამდვილეში ფეხბურთს ვთამაშობდი. ტრავმის გამო ვეღარ გამოვედი ფეხბურთელი. შოთა არველაძეს ვთხოვე, ერთხელ მეც წამიყვანეთ და მათამაშეთ-მეთქი და ამხანაგურ მატჩში მაქვს ნათამაშები. ასე ავიხდინე, ნაწილობრივ, ოცნება. ჩემი თვალით ვნახე ზე ჯადოქარი გიორ ქინქლაძე...
02/16/2026