საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ისტორიკოსი და ნუმიზმატი, თინა ქუთელია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თინა ქუთელია ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგისა და საზოგადო მოღვაწის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის იულონ გაგოშიძის მეუღლე და ერთგული თანამოაზრე იყო.
სწორედ თინა გახდა თავის დროზე იულონის არქეოლოგიით დაინტერესების მთავარი მიზეზი.
ახალგაზრდა იულონ გაგოშიძემ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური საგნები გამორჩეულად უყვარდა, ბოლო მომენტში ფიზიკოსობა გადაიფიქრა და ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარა.
თავად იხსენებს, რომ მისი არქეოლოგობა, პირველ სიყვარულს, თინას უკავშირდება. იულონი ბიჭვინთის არქეოლოგიურ ექსპედიციაში იმის გამო წავიდა, რომ გაგრაში მყოფ თინასთან ახლოს ყოფილიყო.
თინა პირველ კურსზე გაიცნო. 1 სექტემბერს სწავლა დაიწყო და 11 სექტემბერს იულონი თინას დაბადების დღეზე, გორში მიიწვიეს. ამის მერე ერთმანეთის გარეშე საკუთარი თავი აღარც კი ახსოვთ.

„უერთმანეთოდ არ შეგვიძლია და მინდა დასასრულიც ერთად იყოს,“ - ეს თინას სიტყვებია.
საერთო საქმემ მათი სიყვარული კიდევ უფრო ძლიერი გახადა. ექსპედიციებში და არქეოლოგების გარემოცვაში გაიზარდნენ იულონისა და თინას შვილებიც, რამაც განსაზღვრა კიდევაც მათი პროფესიული მომავალი.
გასულ წელს იულონ გაგოშიძე და თინა ქუთელია, ეკა ჩხეიძის გადაცემას „პირველ სტუდიას“ სტუმრობდნენ. სიყვარულზე, ერთგულებაზე, ოჯახზე, არქეოლოგიასა და სამშობლოსთვის თავდადებაზე წყვილმა ამ გადაცემაში დაწვრილებით ისაუბრა.

"იულონი რომანტიკოსია... ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ 19 ნოემბერს, ჩვენი ქორწინების წლისთავს. მე რომ დამავიწყდეს კიდევაც, იულონს არასოდეს ავიწყდება და ყოველთვის ყვავილების დიდი თაიგულით მოდის ჩემთან... ძალიან ყურადღებიანი და თბილი კაცია, თუმცა გაცხარებაც იცის, ნუ გეშინიათ...
სიყვარულს არ ახუნებს არაფერი. იმიტომ მეცოდებიან ახალგაზრდები, რომლებიც ოჯახს არ ქმნიან. რამდენი რამის გაკეთება შეუძლიათ ერთად. ჩვენ რამდენი რამე შევძელით, შეიძლება ითქვას მთები შევძარით კაცმა რომ თქვას ერთად... რამდენ დაუჯერებელს გადავურჩით...

პესიმისტი არ ვარ. მე ძალიან ცოტა ხანს შეიძლება ვიდარდო და ვიტანჯო, რამდენიმე წუთი და მერე სულ მგონია, რომ გამოსავალი იქნება და არაფრის მეშინია...“ - თქვა თინა ქუთელიამ გადაცემაში.
07/28/2026