საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
აქტივისტი და იუმორისტი ონისე ოქრიაშვილი წუხელ სამმა პირმა საკუთარ სახლთან სცემა. დაზიანებებით ოქრიაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს. აქტივისტმა კლინიკა გვიან ღამით დატოვა.
თავდასხმას წინ უძღოდა პროპაგანდისტული მედიების კრიტიკა ონისე ოქრიაშვილის მიერ ნოდარ დუმბაძეზე ხუმრობის გამო. მასზე თავდამსხმელი პირი მოგვიანებით დააკავეს
შსს-ს ცნობით, ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა და დაიკითხა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

ონისე ოქრიაშვილი: მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო სხვა კომიკოსებს, რომლებსაც იგივე ჩასაფრება მოუწყო „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებულმა ტიტუშკებმა. მიშა მშვილდაძის შემთხვევა იყო ესეთი, რაც მახსენდება. შეიძლება ჩემი შემთხვევა ბოლო არ იყოს და კიდევ ვინმეს გაუსწორდნენ ესე, მაგრამ რაც მთავარია, მე ზუსტად ვიცი, რომ ქართული იუმორი, ქართული სთენდაფი, ქართული კინო, ლიტერატურა, თეატრი და ასე შემდეგ – უკომპრომისო იქნება მაგ ბრძოლაში და გავაგრძელებთ ყველაფერს იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდით.
და გელოდებით ჩვენს სთენდაფებზე, რომ ამ ავბედით ყოფიდან ცოტა ყურადღება გადავიტანოთ და ვიცინოთ ერთად", — განაცხადა ონისე ოქრიაშვილმა კლინიკის დატოვების შემდეგ.
მომხდარს ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ნოდარ თოფურიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის. ესაა ჩემი კომენტარი.
მე ეგ ხუმრობა ვერ გავიგე, დათა თუთაშხიას თქმისა არ იყოს, თუმცა თავს მოვერიე და პატიება შევძელი" - წერს ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი.
07/23/2026