საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ფრანგი დიზაინერი პიერ კარდენი, რომელმაც კრისტიან დიორთან მუშაობის შემდეგ, 1950 წელს, საკუთარი ატელიე გახსნა, დაკავებული იყო თეატრალური კოსტიუმებისა და ნიღბების დამზადებით. ქალის ტანსაცმლის პირველი კოლექცია 1953 წელს შექმნა, ერთ წელში კი საფირმო მაღაზიები „ევა“ და „ადამი“ გახსნა. კარდენი საკუთარ მოდელებში ამუშავებდა ხაზგასმულ „გეომეტრიულ“ სტილს, სადაც დომინირებდა გამოხატული სილუეტი (სწორი ან ქვევით შევიწროებული, „ტიტა“- ქვედატანები, რბილი საყელო-ფურცლები, მამაკაცის კოსტიუმში კვადრატული მხრები და ა.შ.), სუფთა ფერები. ხშირად იყენებდა დეკორატიულ ლითონის ბეჭდებს, აპლიკაციებს, მოხატულობებსა და გაჭრილ კუწუბებს, ხელოვნურ ყვავილებსა და დიდი ზომის ღილებს.

მუშაობდა კინოს და სპორტის დარგში. საკუთარი თეატრის გარდა, პარიზსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, სარესტორნო ქსელების მფლობელი გახლდათ. ამდენად მისი რჩევები, როგორ დავიგეგმოთ და ვიცხოვროთ, მართლაც გასათვალისწინებელია.
პიერ კარდენი: "არასოდეს გაჩერდეთ და დასჯერდეთ იმას, რასაც მიაღწიეთ. იოცნებეთ უფრო დიდსა და გრანდიოზულზე, დაისახეთ მიზნები და მიჰყევით მას. არასოდეს შეწყვიტოთ საკუთარი თავის გამოხატვა.
წინასწარ იფიქრე. ზოგჯერ, რასაც დღეს აკეთებ, წლების შემდეგ ფასდება. თუ გაქვთ იდეა, განახორციელეთ. თუ ის საკმარისად კარგია, ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც მას დააფასებენ."
მომწონს წარმატება და არც იღბალი მაკლდა, მაგრამ სიმდიდრის მიმართ მაინც გულგრილი დავრჩი.

ყველაფრის თავიდან დაწყებამ რომ მომიწიოს, არ ვიცი, რას გავაკეთებდი, რადგან ყველაფერი უკვე გამოგონილია.
"მოწესრიგებული გარეგნობა, კარგი მეტყველება და განათლება ყოველთვის მოდაში იქნება."
"ასაკი მართლაც რომ ციფრებია. მთავარია, რას გრძნობ სინამდვილეში. დაბერდები არა მაშინ, როცა სხვები გეტყვიან, არამედ მაშინ, როცა ამას თავად იგრძნობ."
"შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ცხოვრება მქონდა. ბევრ რამეში მივაღწიე წარმატებას. გავაკეთე ის, რაც მინდოდა. ეს ეხება მოდას, თეატრს, ბიზნესს... მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვიმოგზაურე. ორმოცჯერ შემოვიარე მსოფლიო..."

პიერ კარდენის სახელი მის სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. მსოფლიოში ცნობილი დიზაინერის და 500-მდე გამოგონების ავტორის მუზები ყოველთვის ულამაზესი მსახიობები იყვნენ, მაგრამ კარდენს არასოდეს დაუმალავს, რომ ქალს მხოლოდ ესთეტიკურ ობიექტად აღიქვამდა.
თუმცა, მის ცხოვრებაში არსებობდა ერთადერთი ქალი, ვინც მასში, შემოქმედებითი წარმოსახვის გარდა, სხვა გრძნობაც გააღვიძა...

მათი ურთიერთობა 1961 წელს დაიწყო, როდესაც ახალ ფილმზე მუშაობისას, მსახიობმა ჟანა მორომ დახმარებისთვის მოდის დიზაინერ კოკო შანელს მიმართა.
ის დროისთვის შანელი შვებულებაში იყო და მან მსახიობს ურჩია, პიერ კარდენისთვის მიემართა. ჟანა კარდენის კაბით აღფრთოვანებული დარჩა და დიზაინერს სთხოვა, მის მთელ გარდერობზე ეზრუნა.
„პიერს არ ვიცნობდი, მაგრამ მისი შექმნილი კაბა რომ დავინახე, მაშინვე შემიყვარდა. პირადად რომ შევხვდი, მივხვდი, რომ ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. ელვის დაცემას ჰგავდა.. ვიცოდი, რომ ქალები არ მოსწონდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩემს შეყვარებას შეძლებდა,“ - აღიარა მსახიობმა.

პიერ კარდენი თავდაპირველად ჟანას ნიჭმა მოხიბლა და მხოლოდ ამის შემდეგ დაინტერესდა მისით, როგორც ქალით. როდესაც 25 წლის ჟანა მოხუცის როლში იხილა, დიზაინერი მიხვდა, რომ უყვარდა.
„მე გეი ვარ და არასდროს მქონია ფიზიკური სიახლოვე ქალთან, მაგრამ ჟანამ ვნება აღმიძრა. მე ამ ქალს ვაღმერთებდი და ბედნიერებისგან დავფრინავდი. ის თითქოს ჩემთვის იყო შექმნილი... მე მსურდა ეს ქალი... თუმცა ფილმის „საყვარლები“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ის ფრანგი მამაკაცების უმეტესობას სურდა... “.

ჟანა მორო ყველასგან განსხვავდებოდა. რა თქმა უნდა, მას ბრიჯიტ ბარდოს ან კატრინ დენევის მსგავსი, თვალისმომჭრელი სილამაზე არ ჰქონდა, მაგრამ მამაკაცები აღმერთებდნენ.
„ბრიჯიტ ბარდო სექსუალურობას განასახიერებდა, კატრინ დენევი - ელეგანტურობას, ჟანა მორომ კი კინოში ინტელექტუალური ქალის იდეალი შექმნა“- იტყვის მოგვიანებით კინოკრიტიკოსი ჟინეტ ვენსანდო.
ბევრს ჟანა მორო პიერ კარდენის ცოლი ეგონა, მაგრამ ისინი ოფიციალურად დაქორწინებულები არასოდეს ყოფილან. მსახიობმა და დიზაინერმა ერთად ოთხი წელი გაატარეს და მათ ცხოვრებაში ეს დრო ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი პერიოდი გახლდათ. წყვილი ბევრს მოგზაურობდა და თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა.

„ჩვენ შორის სრული ჰარმონია იყო, რადგან ორივე შემდგარი ადამიანი ვიყავი და ერთმანეთი წარმატებისთვის გვჭირდებოდა. ის ჩემი შთაგონების წყარო იყო, ვისთვისაც უჩვეულო სამოსს ვქმნიდი, ის კი ამ სამოსს გამომწვევი ელეგანტურობით ატარებდა. მან ჩემში ლიტერატურისა და თეატრის სიყვარული გააღვიძა, ხოლო მე მოგზაურობა შევაყვარე.

ჩვენ სრულიად გიჟური ცხოვრების წესი გვქონდა. ჟანა გამუდმებით გადაღებებზე ან თეატრის სცენაზე იდგა, მე კი მორიგი დეფილესთვის ვემზადებოდი. გამუდმებით სადღაც ვჩქარობდით, რაღაცის მოსწრება გვსურდა, მაგრამ მთავარი – ჩვენი გრძნობების გადარჩენა ვერ შევძელით. ამას ისიც დაემატა, რომ ჟანას შვილის გაჩენა არ შეეძლო. მას ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც, სამწუხაროდ, უშვილობა გამოიწვია. უშვილობა არის მთავარი, რასაც ცხოვრებაში ვნანობ... და მაინც, ბედის მადლობელი ვარ, რომ ამ ქალთან შემახვედრა. დრომ ტკივილი გაანელა, სინანული კი დარჩა“ - ამბობდა პიერ კარდენი.

05/28/2026