კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ნინო კასრაძე და მისი ტყუპის ცალი და - მაკა იუბილარები არიან. ტყუპები 3 მარტს 56 წლის გახდნენ.
გთავაზობთ "რადიო თავისუფლების" ზაფხულის ინტერვიუდან ამონარიდს, სადაც ნინო, ცხოვრების სხვადასხვა ფრაგმენტს, თავისი ფოტოების მიხედვით იხსენებს.
ნინო კასრაძე: სამი წელი ვცხოვრობდით ირანში, იმ დროს, როდესაც მე და მაკა ვიყავით 2-დან 5 წლამდე. მახსოვს, მუხლები მტკიოდა, რევმატიული ტკივილი მქონდა. მამა მოდიოდა და მიმღეროდა. ძირითადად, დედა იყო ჩემთან. მახსოვს, ღამე ძაღლები ყმუოდნენ. ირანი მახსოვს ლამაზი; პეპსი, კოლა-კოლა, ყველაფერი იყო. იმ სახლს, სადაც ვცხოვრობდით ჰქონდა აუზი, ზაფხულში ვცურავდით მე და მაკა. არაჩვეულებრივი პერიოდი იყო. ულამაზესი, უმშვენიერესი დრო. იქაური წლები შემდეგ დიდი ხანი კვებავდა ჩვენს ბავშვობას. რომ ვიტყოდით, ირანში ვცხოვრობდითთქო, თითქოს ერთი ნაბიჯით წინ ვიყავით.
***
მე და დედა უახლოესი ადამიანები ვართ. ახლა შეიძლება მე ვარ დედაჩემის დედა...
***
მე და ნატო მურვანიძე ორი წელი ერთ კლასშიც ვსწავლობდით და შემდეგ ინსტიტუტშიც ერთად ვსწავლობდით. 49 წელია ვმეგობრობთ.
***
მე და ჩემი და, მაკა სულ ვჩხუბობდით. ბავშობაშიც, დიდობაშიც. ტყუპებს აქვთ ერთმანეთის შეგრძნება. მაკამ რომ მეორე შვილი გააჩინა, მე იმ დროს ცუდად გავხდი. არ ვიცოდი, რომ აჩენდა. სახლში ვიყავი და უცებ ცუდად გავხდი რატომღაც. გარეთ გავედი, დავჯექი. მერე დამიძახეს, ეს ამბავი მითხრეს და ზუსტად ის 40 წუთი ვიყავი ცუდად, როცა ის შვილს აჩენდა.

***
ჩემი გაგიჟება თეატრით და მსახიობობით დაიწყო ექსპერიმენტული სკოლიდან. ბერნარდ შოუს "პიგმალიონში" ლიზა დულიტლს ვთამაშობდი. ვითამაშე თუ არა, ყველა ამბობდა, ეს მსახიობიაო. დედა მასწავლებლებს ეუბნებოდა, თქვენ დაღუპეთ ჩემი შვილიო. ინგლისურად ვთამაშობდი და დედასთვის წინა ღამით მითქვამს, შენ არ იცი, რა ბედნიერი ვარ-მეთქი. მთელი ღამე არ მიძინია. მერე ჩემს სპექტაკლებზე ვენერა ტურიანი მოდიოდა სიხარულით და სიყვარულით. მგულშემატკივრობდა. 15-20 წელი რუსთაველის თეატრში ის განცდა მქონდა, რაც ლინგოფონის კაბინეტის სპექტაკლში. ის განცდა მქონდა შენარჩუნებული დიდი ხანი, რაღაც თვალსაზრისით ახლაც მაქვს.
***
რა უცნაურია. ასაკში უფრო კარგი ვარ ფოტოებში, ვიდრე ახალგაზრდობაში. მე ქალობა უფრო მომიხდა. ახალგაზრდობაში უფრო სერიოზული და დაღვრემილი ვიყავი, ვიდრე მერე. თავს ქალის ასაკში კომფორტულად ვგრძნობ.

***
მე და ლექსო ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. ჩემი ძალიან ახლო მეგობრის კლასელია. სწავლობდა გერმანიაში, მიდიოდა, მოდიოდა. სულ გვესმოდა, ლექსო წავიდა, ლექსო მოვიდა. ვფიქრობდი, ვინ არის ეს ლექსო, რომ მიდის-მოდის-მეთქი და ყველა ელოდება-მეთი. ქორწილის დღეს არ ვიცოდი, როგორ დამთავრდებოდა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს არის ჩემი ადამიანი.

***
ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა "ჩემი ცოლის დაქალებმა." ასე ამდენ სხვადასხვა სახეს ვინ მათამაშებდა - ქალი კარიერით, დედა, ცოლი, შვილები, სიყვარულის ხაზი, კრიმინალური ხაზი, მკვლელი, საქმიანი... გმირის სახელს, მაკას ხშირად მეძახიან და მსიამოვნებს, რადგან მაკა ჩემი დაა.
***
რუსთაველის თეატრში რომ მივედი, 23 წლის ვიყავი, იქიდან რომ წავედი - 49 წლის. ჩემი როგორც მსახიობის წარმატებაში, დიდი წვლილი მიუძღვის რობერტ სტურუას. უდიდესი სიყვარული, პატივისცემა იყო. უნიკალური დრო იყო. მაგრამ დგება მომენტი, როდესაც რაღაც მთავრდება. რაღაც ეტაპი - შემოქმედებითი დამთავრდა და შემდეგ - ადამიანურიც. ხედვები განსხვავებული იყო. ეს იყო წარმოუდგენლად საინტერესო პერიოდი და ერთი ცხოვრება... მადლობელი ვარ მათი, მაგრამ ეს ფურცელი გადაშლილია.
03/03/2026