Logo

კულტურა

"მე კმაყოფილი ვარ. სიცოცხლის ბოლომდე ვიდექი სცენაზე..." - ჯემალ ღაღანიძე 93 წლის გახდებოდა

"მე კმაყოფილი ვარ. სიცოცხლის ბოლომდე ვიდექი სცენაზე..." - ჯემალ ღაღანიძე 93 წლის გახდებოდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ჯემალ ღაღანიძე 93 წლის გახდებოდა. არტისტი სამი წლის წინ, თებერვალში შეუერთდა მარადისობას.

ბოლო დროს, საწოლს რომ იყო მიჯაჭვული, ხშირად ვურეკავდი და ბავშვის სიხარულით იღებდა მილოცვასა თუ უბრალო მოკითხვას. იყო თავმდაბალი და სუფთა, როგორც მისი თაობის ბევრი ხელოვანი...

მახსოვს, დაახლოებით იგივე მითხრა ნინო კასრაძემაც: ძალიან ვაფასებ, როგორც მსახიობს და როგორც პიროვნებას. უკეთილშობილესი ადამიანი იყო. დიდი სიყვარულის გაცემა შეეძლო.

მე არ მახსენდება ჯემალის გაფუჭებული როლი. ის თავისი ადამიანობით იყო შეუდარებელი. საერთოდ, ოჯახი ჰყავს ძალიან კეთილშობილი...

ჯემალ ღაღანიძე

რუსთაველის თეატრის სცენაზე ასვლის იმედს საწოლში მწოლიარეც არ კარგავდა. იმედი ჰქონდა ისევ მოირგებდა რომელიმე გმირის სახეს, ისევ შეძვრებოდა სხვის ტყავში და აღფრთოვანებაში ისევ მოიყვანდა მონატრებულ მაყურებელს. ამ ქიმიის საიდუმლოებას არა მსახიობები, ალბათ, ვერც გავიგებთ. მაინც რაღაცნაირი, მისტიკური პროფესიაა. არ ნებდებიან, რომც აღარ შეეძლოთ. მაგრამ ერთი მღრღნელი კითხვა მაინც აწუხებთ - "ნეტავი, იქ თეატრი არის?"

ისე გადაინაცვლა მარადისობაში, სურვილი ვერ აისრულა. დასამახსოვრებელი ტაში კი მაინც გაიყოლა "იქაურ თეატრში"...

აკადემიური თეატრის სცენაზე, სადაც 66 წელი გაატარა.

რობერტ სტურუა: - თითქმის ყველა სპექტაკლში თამაშობდა ჩემთან! როცა როლებს ვანაწილებდი, ბრწყინვალე იუმორის პატრონი შეხვედრისას დიდი პატივისცემით – მსახიობებს რომ გაეგოთ – მეტყოდა ხოლმე:

– მე არ დაგავიწყდე, ხომ იცი, შენი სპექტაკლების ერთადერთი თილისმა მე ვარო!

ჰოდა, დავრჩი ბრწყინვალე ღმერთის ნაბოძი ამულეტის გარეშე! მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართული თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

სანდრო მიკუჩაძე

შვილიშვილი, მსახიობი სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე ფეისბუქზე წერს.

"ჯემო”, გილოცავ, ბა. ჩემო ყველაზე დიდო მეგობარო, ადამიანო, კაცო და არტისტო" - სანდრო.

უკანასკნელი ინტერვიუს დროს, რომელიც სატელეფონოდ მომცა, ასეთ განწყობაზე იყო.

– იყო როლი რომელზედაც გული გწყდებათ?

ჯემალ ღაღანიძე: - დონ კიხოტის თამაში მინდოდა, მაგრამ კახიმ წამართვა როლი (იცინის). მე მინდოდა თამაში, შემოთავაზება არ მქონია, ამ გმირის ცალმხრივი სიყვარული მქონდა. გამხდარი ვიყავი და მქონდა მისი თამაშის განწყობა...

ზოგს ჰყოფნის 89 წელი, ზოგს - არა. მე კმაყოფილი ვარ. აქამდე მოვედი და ბედს არ ვუჩივი. სიცოცხლის ბოლომდე ვმუშაობდი, ვიდექი სცენაზე. მეტი რა უნდა მინდოდეს.

განწყობაზე რა გითხრათ. საწოლში ვწევარ. ვინც მოვა, დავხვდები. თუ კიდევ ვიქნები, კარგია, თუ არადა, რა ვქნა ახლა? ჩემისთანები წასულან ამ ქვეყნიდან? 

ავტორი: თამარ გონგაძე

04/21/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024