კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ცოტა ხნის წინ, ფრანგულ "Voice“-ის მონაწილემ, ვლადიმერ კორნეევმა ქართველი მსმენელის გული დაიპყრო.
მომღერალმა საკონკურსო სიმღერის შესრულების შემდეგ, აღფრთოვანებულ ჟიურის წევრებს ამაყად განუცხადა, რომ ის ქართველია, რომელიც სამშობლოდან ომს გამოექცა.
მანგლისში დაბადებული ბიჭის წარმატებით, ქართველმა მაყურებელმა მასთან ერთად გაიხარა.
კონკურსზე მომღერალს ოთხივე მწვრთნელი შემოუბრუნდა, ატირებულმა ლარა ფაბიანმა კი მასთან ერთად იმღერა.
ახლა ვლადიმერ კორნეევი ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც ბერლინში გაიმართება.
“ეს არის პირველი შოუ, სადაც ჩემი ცხოვრების გზას მუსიკასთან ერთად მოვყვები. შოუს პირველი ნაწილი ჩემს ბავშვობაზე იქნება. ისტორია მანგლისიდან დაიწყება, სადაც მე დავიბადე... იქაური ფიჭვების სუნი ახლაც მახსოვს.
"საქართველოო ლამაზო" ჩემი უსაყვარლესი სიმღერაა და სპეციალურად ამ შოუსთვის ამ სიმღერის ახალი ვერსია მოვამზადე. მე ფორტეპიანოზე ვუკრავ და ჩემი ბენდის ყველა წევრი ქართულად მღერის," - უთხრა კორნეევმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.
მომღერალმა საქართველოზე და ამ ქვეყანაში გატარებულ ბავშვობაზე საოცრად ემოციურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთადერთი, რასაც ნანობს ისაა, რომ ქართულ ენაზე ვერ საუბრობს.
"საქართველოსთან ემოციური კავშირი არასოდეს გამიწყვეტია. ცხოვრებაში ყველზე მეტად ვნანობ, რომ ქართულად ვერ ვსაუბრობ. ძალიან პატარა ვიყავი, როცა საქართველოდან წავედი. მამამ სუფთად იცოდა ქართული ისევე როგორც ჩვენმა ოჯახის წევრებმა საქართველოში. ამ დანაკლისის შევსებას ქართული სიმღერით ვცდილობ.
ქართული სამზარეულო ჩემი ცხოვრებაა. დედა შესანიშნავად ამზადებს ხინკალს, ფხალს, ხაჭაპურს, ჩახოხბილს.... მე თვითონაც ხშირად ვამზადებ ხინკალს მეგობრებისთვის," - თქვა ვლადიმერ კორნეევმა.
05/06/2026