საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
„მე რაისი ვარ. მე საქართველოში მომიპარეს. მე ნაოიამ შემქმნა, რომ მსოფლიო მოგვევლო. მე ხელნაკეთი ვარ. ჩვენ მზის ამოსვლის მიმართულებით ვმოგზაურობდით. იმიტომ, რომ ნაოიამ მე დამარქვა მზის ამოსვლის სახელი - Rise...
ჩვენ სულ ერთად ვიყავით, განუყრელად. ნაოია ჩემი ერთადერთი პარტნიორია. ჩვენი ოცნებაა, რომ მთელ მსოფლიოს დავარტყათ წრე და იაპონიაში დავბრუნდეთ. ეი, ნაოია, სად ხარ? მენატრები“, - ეს წერილი იაპონელი მოგზაურის ნაოია ტაბიბიტოს ინსტაგრამ გვერდზეა გამოქვეყნებული. წერილის სიმბოლური ავტორი, როგორც ტექსტიდან ჩანს ნაოიას ველოსიპედია, რომელიც მოგზაურს საქართველოში, კონკრეტულად ქობულეთში მოჰპარეს.
32 წლის იაპონელმა მოგზაურმა, ხელნაკეთი ველოსიპედით, 45 ქვეყანა და 57 000 კილომეტრი გაიარა. საქართველოში ის ერთი კვირის წინ, თურქეთიდან ჩამოვიდა და მოგზაურობა შავი ზღვისპირეთიდან დაიწყო.

როგორც მოგზაური ამბობს, უნიკალური ველოსიპედი, სახელად „RISE“, მისთვის მხოლოდ ტრანსპორტი კი არა, მთელი სამწლიანი მოგზაურობის სიმბოლო იყო.
„ის მოხდა, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა - ველოსიპედი მომპარეს, ერთადერთი და განუმეორებელი ველოსიპედი, სახელად RISE, რომლითაც ამომავალი მზის ქვეყნიდან მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობ.
გთხოვ, დამიბრუნე ჩემი ველოსიპედი. ჩემი ცხოვრების პარტნიორი. ის ჩემთვის განსაკუთრებულია და იმედი მაქვს, სწორედ ამ ველოსიპედით მოვივლი მთელ მსოფლიოს, რაც ჩემი ცხოვრების ოცნება იყო”, - მიმართა ნაოიამ ველოსიპედის ქურდს.
იაპონელი მოგზაურის ველოსიპედის დაკარგვას ქართულ სოციალურ ქსელებში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ფეისბუქისა და ინსტაგრამის ქართველი
მომხმარებლები ნაოიას წერილს აქტიურად აზიარებენ. არაერთმა ადამიანმა კი, მოგზაურისთვის ახალი ველოსიპედის შესაძენად, თანხის შეგროვების სურვილი გამოთქვა.
05/12/2026