ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
სადაც კი კირა ანდრონიკაშვილი გამოჩნდება, თავისი მომხიბვლელობით მუდამ ყურადღების ცენტრში ექცევა. მახსოვს, ორიოდ წლის წინ, ერთ-ერთი ალკოჰოლური სასმელის რეკლამაში გამოჩნდა და უჩვეულო გარდასახვით დიდი ეფექტი მოახდინა. როგორც ამბობს, როცა ამის განწყობაზეა, გარდასახვას მარტივად ახდენს.

ქალბატონი კირას შემთხვევაში, ფიზიკურ სილამაზეს მისი შინაგანი კეთილშობილება ერთვის, ჰუმანიზმი და კეთილგანწყობა ერევა და ამ ნაზავით, მასთან კომუნიკაციას არაფერი სჯობს.
კირა ანდრონიკაშვილი, "ზმნას" მკითხველს, თავისი ასაკის საიდუმლოებასა და სილამაზის რეცეპტებს უმხელს. აბა, ნახეთ, ამ პატარა ხრიკების გათვალსიწინება ნამდვილად ღირს.
კირა ანდრონიკაშვილი: კარგად რომ გამოიყურებოდეთ, ამაში თავისი წვლილი ჩვენს გენეტიკას, სწორ კვებასა და სრულფასოვან ძილს შეაქვს. ცხადია, სახეს მოვლა სჭირდება, სილამაზეს - ხელშეწყობა. ძალიან კარგ კოსმეტოლოგებთან ვყოფილვარ და მათი მასაჟებითა თუ ნიღბებით, შესანიშნავი შედეგიც მიმიღია, თუმცა თავის მოვლის შინაურული რეცეპტები, ჩემთვის მაინც ფავორიტულია.
ნაყიდ მზა ნიღბებზე და ძვირადღირებულ საცხებზე მეტად, ჩემს კანს სახლში, პროდუქტებისგან მომზადებული შინაურული ნიღბები უხდება.

დილიდან უნდა მოწესრიგდეთ, რომ თვითონ გახალისდეთ. თავი რომ მოგწონს, უკვე კარგ გუნებაზე დგები. ასე არ არის? ჩემმა შვილიშვილმა, რომელიც ახლა 42 წლისაა, 4 წლის ასაკში მითხრა, ახლა მოემზადე, გალამაზდი და დაიწყე სახლის ლაგებაო... მას შემდეგ ასე ვარ.
მამას საუწყებო სამსახურიდან პატარა სახლი ჰქონდა წყნეთში, სადაც პატარა შვილებთან ერთად ვისვენებდი. ერთხელ მედეა ჯაფარიძე შემოვიდა და შევჩივლე, მზეზე ჭორფლები გამიჩნდა-მეთქი. როგორ გიხდებაო, მაგრამ სახეზე მაწონი წაისვი და აივანზე ისე გააკეთე საქმეო, მითხრა. მაწონი მართლა არაჩვეულებრივი პროდუქტია. ერთხელ ბზიკმა მიკბინა და ქეთო თურმანიძემ მასწავლა, ჩაის საფენები დაიდე და მერე მაწვნის საფენი გაიკითე და შეიკარიო. უებარია.

მაწვნის და ხილის ნიღბები
აიღეთ სოფლის მაწვნის თავი, ნახევარი ჩაის კოვზი ნალექიანი ყავა (შეგიძლიათ კაკაოც) აურიეთ და სახეზე გადაინაწილეთ. გააჩერეთ 10-15 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
შეგიძლიათ მაწონში ჩააგდოთ ან ერთი მარწყვი, ან ორი ცალი ყურძნის მარცვალი ჩააწურეთ. ბანანიც კარგია. ყურძენი შეგიძლიათ არაჟანში ჩააწუროთ. ვისაც მშრალი კანი აქვს, სასწაული ნიღაბია. მარტო ხილი აშრობს. რძის პროდუქტებთან ერთად კი, უმჯობესია. თუ ძალიან მშრალი არ გაქვთ კანი, არაჟანში ორი სამი წვეთი ლიმონის ჩაწვეთებაც შეგიძლიათ.
გარგარი სასწაულია სახეზე, დაჭყლიტეთ და წაისვით.
სასწაულია ქაცვის ზეთი. ერთი ჩაის კოვზი ქაცვის ზეთი და არაჟანი. მშრალი კანისთვის დიდად სასარგებლოა. ზამთარში ამ მასაში ჩავაგდებდი გაყინულ ალუბალს, ან მარწყვს.
ხურმა კარალიოკი ჟელესავით ხომ არის, სასწაულია, ისე უხდება კანს. ალუჩას რომ ხარშავთ საწებლის მოსამზადებლად, სანამ თუშფალანგზე დაჭყლეტთ, წაისვით სახეზე, მაგრამ თვალების გარშემო არა. ძალიან მაგარია.
ძალიან კარგია კარტოფილის სახამებელი არაჟნით, ან ზეითუნის ზეთით. კარტოფილის ნაჭრების სახეზე დალაგებაც კარგია.
თვალების ირგვლივ არაჩვეულებრივია ოხრახუშის ნახარში. გაყინეთ და ოხრახუშის ყინულის კუბები წაისვით თვალის ირგვლივ. აბუსალათინის ზეთი - თვალების ირგვლივ ძალიან კარგია.

- გეტყობათ, რომ განწყობის ქალი ხართ. როგორ იქმნით განწყობას?
- განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ სულ დათრგუნული და მოწყენილი იქნები, ეს ყველაფერზე აისახება, სახეზეც, ჯანმრთელობაზეც.
შვილები რომ მირეკავენ და მოსვლას აპირებენ, აუცილებლად უნდა მოვწესრიგდე, რომ გული არ დაწყდეთ, რა მოუვიდა ჩვენს დედასო. რომ მოწესრიგდები, ცოტა თვალების შეღებვა, ცოტა თმა, ვითომ სადღაც მიდიხარ, უკვე მოდიხარ ხასიათზე. ნინა მეუბნება, ემზადები ახლა ჩემთან შესახვედრადო? აბა, რატომ უნდა დავძაბო, რა ცუდადაა დედაჩემიო?
ბოლო დროს, დავაკვირდი, ძირითადად, ისეთ ხალხთან მაქვს ურთიერთობა, რომ არ მთრგუნავენ, არ მამძიმებენ. არიან ისეთებიც, ვინც თავიანთ ჯანმრთელობაზე შემომჩივლებენ. განა მათი ცუდად ყოფნა გულთან არ მიმაქვს? შეიძლება სანთელიც დავუნთო, მაგრამ შენი სატკივარი სხვას არ უნდა მოახვიო. არ უნდა დაამძიმო, რადგან ისიც ცუდად გახდება. მით უფრო, სტუმრად რომ ხარ. სუფრაზე სულ ცუდის ლაპარაკი, წარმოუდგენელია. ლამაზ კაბას რომ ჩაიცვამდი, თუნდაც უბრალოს და სტუმრად მიხვიდოდი, ადამიანისთვის, შენი განწყობით სიხარული უნდა მიგეტანა; ასეთი ეთიკა იყო.
მე ძალიან მხიარული ვიყავი. დადებითი განწყობა მქონდა.
ვთქვათ, ადამიანი გასუქდა და შეიცვალა, არავითარ შემთხვევაში არ ვეტყვი, როგორ შეცვლილხარ-მეთქი. არადა, როგორ იციან დღეს ადამიანებმა, დედა, რა შეცვლილი ხარ, დედა როგორ გასუქდი - ასე თქმა როგორ შეიძლება. ერთი პერიოდი ჯოხი მეჭირა - დედა, რა მოგივიდაო, ქუჩაში მეკითხება ვიღაც. რატომ მეკითხები, ეთიკა ხომ არსებობს?!
ნეგატიურ ამბებს არავის ვუყვები. რომ მირეკავს დილას და "დილა მშვიდობისას" მეუბნება ადამიანი, ცუდი ამბავი რატომ უნდა მოვუყვე? არც მე მსიამოვნებს, როცა ნეგატიურს მიყვებიან. რომ დავაკვირდი, ჩვენი მანერა და ცხოვრების წესი გახდა ცუდზე ლაპარაკი. რატომღაც ეს მოგვწონს.
- ჩაცმასთან დაკავშირებით როგორია თქვენი რჩევა?
- უნდა ჩაიცვა ის, რაც გიხდება და მოდურს შეუთავსო. შეიძლება ძვირფასი სამოსი არ გქონდეს, მაგრამ რაც გაცვია, ის ისე გიხდებოდეს, ყველას ყურადღებას იქცევდე. ვერ ვიტან კითხვას - რა ფირმაა, რა ბრენდია? ზოგჯერ ჩითის კაბა მქონდა, მიხდებოდა და მიხაროდა. ყველას თავისი სტილი აქვს. არ შეიძლება მხოლოდ მოდას აჰყვე. მოდა უნდა გაითვალისწინო, მაგრამ შენზე მორგებულად. ყველას არ აქვს ცხოვრება ისე აწყობილი, რომ მოდის უკანასკნელი ტენდენციების მიხედვით შეავსოს გარდერობი. ჩაცმაზე ბევრი არ ილაპარაკოთ.
მე მიყვარდა სკოლის ფორმა, წინსაფარი და ბაფთა.
კიდევ ერთი რამ გაითვალისწინეთ - როცა რაღაც გტკივა, ეს ტკივილი არ უნდა გაამკვეთრო, ორგანოები არ უნდა დაძაბო. ტვინს რასაც ვაწვდით, იმას იმახსოვრებს. "მტკივა, არ შემიძლიას" ძახილი არ შეიძლება. მე არ მიყვარს, როცა შვილებს ვეცოდები და ვადარდიანებ. შვილები არ უნდა დაამძიმოთ. ძალა უნდა მოიკრიბოთ და თავი გაამხნევოთ.
03/11/2026