
09/08/2026
ბათუმის „ალი და ნინოს“ ქანდაკების ავტორის, თამარ კვესიტაძის გამოფენა ვენეციაში, მე-14 საუკუნის ისტორიულ სასახლეში, პალაცო ბრაგადინიში გაიხსნა. ქართველი მოქანდაკის გამოფენა - „მედეა, მეხსიერების ფრაგმენტები“, კურატორებმა ეკა ენუქიძემ და ერვე მიქაელოფმა წარმოადგინეს.
წარმატებულ მოქანდაკესთან ინტერვიუ რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა - გოგი გვახარიამ ჩაწერა.
თამარ კვესიტაძე: ნამუშევარზე სახელის დარქმევა არ მიყვარს, მიყვარს ადამიანი თვითონ რომ წყვეტს, რა დაარქვას. "მედეა, მეხსიერების ფრაგმენტი" - რა ფრაგმენტი გვახსოვს, ზუსტად ხომ არ ვიცით. ამიტომ ესაა მითი დროში მოტანილი.

გამოფენა მთლიანად შევკარით მედეას ფრაგმენტებით. გამოფენას თავისი პრელუდია აქვს, შემოდიხარ, არის სიბნელე, როგორც შავი ზღვა, როგორც არქიტექტურა, რომელიც ქრება რაღაც დროს. შემდეგ გვაქვს მზის ჩასვლა. დროის და საუკუნეების ჟამთაცვლა.
ვცდილობთ მოძრაობა იყოს ციკლური. იწყება და სასურველია არ დამთავრდეს.
ამ ნამუშევარზე მუშაობისას ვიცოდი, სად უნდა განთავსებულიყო.



თამარ კვესიტაძის სტილისთვის დამახასიათებელი კინემატოგრაფიული ხედვა ამ პროექტში თითქოს კიდევ უფრო თვალსაჩინოა. გამოფენა „ხმოვანია“. შავი ზღვის აუზში ჩაწერილი ხმები - გამოფენის „აუდიოფონი“- გახმოვანებული მითის ეფექტს ქმნის.
მედეას ისტორია ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი, მრავალშრიანი ისტორიაა, რომელიც ერთმანეთის საწინააღმდეგო ინტერპრეტაციებს ექვემდებარება. გამოფენა თითქოს ამ ინტერპრეტაციებში „მოგზაურობის“ საშუალებასაც იძლევა, იმ წინააღმდეგობების გაზიარების საშუალებას, რომლებიც არის მედეას პერსონაჟში.

თამარ კვესიტაძის კინემატოგრაფიული აზროვნება გამოფენის სათაურშიც ჩანს - „მედეა, მეხსიერების ფრაგმენტები“. ესაა ერთგვარი მონტაჟური აწყობა „მეხსიერების ნაკუწებისა“, ამ ნაკუწების კომბინაციები და რეკომბინაციები.

თამარ კვესიტაძე ცნობილია თავისი მონუმენტური და კინეტიკური სკულპტურებით (იგი მათ შორის არის ბათუმში განთავსებული „ალი და ნინოს“ ქანდაკების ავტორი). ამ გამოფენისთვის წარმოდგენილი ექსპონატებია:
„ქვეწარმავალი“ - იატაკიდან ჭერამდე გადაჭიმული კინეტიკური სკულპტურა, რომელიც ქალის ტერფების ფრაგმენტებისგან შედგება. ერთგვარი სიმბოლო გადარჩენისა.
„მბრუნავი ქალი“ - ნელა მბრუნავი კინეტიკური ქანდაკება, რომელიც მინიბოჭკოს მასალისგანაა დამზადებული. გამოხატავს დევნილობის, მუდმივი მოძრაობის მდგომარეობას.
„ალი და ნინოს“ პირველი მოდელის დებიუტი 2007 წელს სწორედ ვენეციის ბიენალეზე შედგა.

წყარო: რადიო თავისუფლება
გააზიარე სტატია