ყველაფერი ბავშვებზე

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მენინგიტი თავისა და ზურგის ტვინის გარსების სერიოზული ანთებაა, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეს ბავშვთა ასაკში წარმოადგენს. დაავადების დროული ამოცნობა და დაუყოვნებლივი რეაგირება, ხშირად ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია.
როგორ განვასხვაოთ მენინგიტის სიმპტომები ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციისგან, რა განსხვავებაა ვირუსულ და ბაქტერიულ მენინგიტებს შორის და რა საგანგაშო ნიშნების დროს უნდა მივმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ?
ამ თემებზე ნევროლოგი ირაკლი ტუღუში საუბრობს.

„თუ თქვენს შვილს აქვს მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავის ტკივილი, კისრის გაშეშება (ანუ არ შეუძლია კისრის მოძრაობა), ასევე აწუხებს სინათლე, გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, ცნობიერების შეცვლა ან გულყრები, შესაძლებელია ჰქონდეს მენინგიტი.
ასეთ შემთხვევაში საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და სათანადო მკურნალობის დაწყებას.
მენინგიტი, ანუ თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთება, ვითარდება მაშინ, როდესაც ვირუსული აგენტი შეაღწევს ნერვულ სისტემაში და იწვევს გარსების ანთებას. არსებობს რამდენიმე ტიპის მენინგიტი.
ვირუსული მენინგიტი უფრო მსუბუქი ხასიათისაა, ხოლო ბაქტერიული მენინგიტი უფრო მძიმე მდგომარეობაა და საჭიროებს გადაუდებელი მკურნალობის დაწყებას საჭიროებს. იშვიათად შესაძლებელია შეგვხვდეს სოკოვანი მენინგიტი ან სხვა მიზეზებით გამოწვეული მენინგიტი.

ჩვილებში სიმპტომები არასპეციფიკურია: შეიძლება იყოს მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, უჩვეულო გაღიზიანებადობა, უარი კვებაზე, ძლიერი გამუდმებული ჭირვეულობა და ტირილი, ასევე აღინიშნება გულყრები და შესაძლებელია ამობურცული ჰქონდეს ყიფლიბანდი. ასევე დამახასიათებელია ძილიანობა და მოდუნება.
ზოგადად, მენინგიტს შესაძლებელია ჰქონდეს გართულებები, მაგალითად: სმენის დაქვეითება, ეპილეფსიის განვითარება, შეფერხება სწავლის და მეხსიერების პრობლემა, მხედველობის დარღვევა, ჰიდროცეფალია. ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე გამოვლინება შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშიც კი იყოს.
როდის უნდა მივმართოთ აუცილებლად ექიმს?
თუ ბავშვს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, ძილიანობა, ღებინება, გულყრები, თავის ტკივილი, კისრის გაშეშება, ცნობიერების შეცვლა... ეს ის საგანგაშო ნიშნებია, რის არსებობის შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყველა მაღალი ტემპერატურა და თავის ტკივილი არ ნიშნავს მენინგიტს. თუმცა მენინგიტი არის დაავადება, რომლის გამორიცხვაც სწრაფად უნდა მოხდეს, განსაკუთრებით ბაქტერიული მენინგიტი, რადგანაც ამ დაავადების დროს, მდგომარეობა საათების განმავლობაში შეიძლება დამძიმდეს.

როგორც ბავშვთა ნევროლოგი, მშობლებს ყოველთვის ვურჩევ: თუ ბავშვის მდგომარეობა არ ჰგავს ჩვეულებრივ ვირუსულ ინფექციას და გამოხატულია მაღალი ტემპერატურა, კისრის რიგიდობა, გულყრა, ცნობიერების შეცვლა, უმჯობესია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს," -გვირჩევს ირაკლი ტუღუში.
07/16/2026