Logo

მენოპაუზა მხოლოდ ალები არ არის - რას ნიშნავს მენოპაუზის ძვალ-კუნთოვანი სინდრომი?

მენოპაუზა მხოლოდ ალები არ არის - რას ნიშნავს მენოპაუზის ძვალ-კუნთოვანი სინდრომი?

09/13/2026

ტექსტის ზომა

მუხლი გტკივათ, მაგრამ კვლევები სერიოზულ დაზიანებას არ აჩვენებს? დილით სახსრები თითქოს „გაჭედილია“, ზურგი ან კისერი ხშირად გეჭიმებათ, კუნთები ადვილად იღლება და ფიზიკური დატვირთვის შემდეგ აღდგენასაც უფრო მეტი დრო სჭირდება?


ასეთ სიმპტომებს ქალები ხშირად ასაკს, გადაღლას, ხერხემლის პრობლემებს ან ართრიტს უკავშირებენ. თუმცა თუ სიმპტომები პერიმენოპაუზის ან მენოპაუზის პერიოდში გაჩნდა, კიდევ ერთი შესაძლო მიზეზის გათვალისწინებაც დაგჭირდებათ, ეს ძვლებზე, კუნთებზე, სახსრებსა და მყესებზე ჰორმონული ცვლილებების გავლენაა.

მენოპაუზა


მენოპაუზაზე საუბრისას პირველ რიგში ალები, ოფლიანობა, უძილობა და განწყობის ცვლილებები გვახსენდება. გაცილებით ნაკლებად ვიცით, რომ ესტროგენის შემცირებამ შესაძლოა ძვალ-კუნთოვან სისტემაზეც მოახდინოს გავლენა.

სწორედ „მენოპაუზის ძვალ-კუნთოვანი სინდრომზე“ საუბრობს გინეკოლოგი ეკა კვირკველია და ქალებს იმ პრობლემების შესახებ შეახსენებს, რომელთა შესახებაც იშვიათად აფრთხილებენ.

"ძვალკუნთოვან სინდრომზე არავინ გველაპარაკება... არადა ზოგადად მენოპაუზას ძალიან ბევრი გართულება და სინდრომი ახლავს.

მაგალითად, მუხლი გტკიოდათ? ყველანაირი რადიოლოგიური კვლევა გადაგიღეს და გითხრეს, რომ არაფერი არ გჭირთ... ან ართრიტი გაქვთ, როცა აქამდე არ გქონდათ ეს ართრიტი...

დავუშვათ, ძვალ-სახსროვანი პრობლემა გაწუხებთ, გამორიცხეთ სხვა მიზეზები, უამრავ ექიმთან იყავით და არავინ არ გითხრათ, მათ შორის სამწუხაროდ არც გინეკოლოგმა ან რეპროდუქტოლოგმა გითხრათ, რომ შეიძლება მენოპაუზის მუსკულო-სკელეტური, ანუ ძვალკუნთოვანი სინდრომი გაქვთ.

მენოპაუზა

მთელი სხეული გტკივათ, კუნთები, სახსრები, ართრალგია გაქვთ? სისუსტეს გრძნობთ, ანუ კუნთოვან მასას კარგავთ. ან რომელიმე ძვალი მოიტეხეთ და არც კი იცით, რომ თქვენი ძვლები იფიტებოდა და ოსტეოპენი ან ოსტეოპოროზი ჰქონდათ. მენოპაუზისას ესტროგენის შემცირება იწვევს ძვლების, კუნთების, სახსრების, შემაერთებელი ქსოვილის, იოგების, ყველაფრის შემცირებას და დაზიანებას. მაგრამ ქალები ამის შესახებ არავის არასდროს გავუფრთხილებივართ...

შეგახსენებთ, ყველა სახსრის ან კუნთის ტკივილი მენოპაუზას არ უნდა მივაწეროთ. საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს სხვა მიზეზებიც.

მენოპაუზა არ ნიშნავს, რომ ტკივილი და მოძრაობის გაუარესება უბრალოდ „ასაკის ნაწილია“. სწორი შეფასებით შესაძლებელია სიმპტომების მართვა და ძვალ-კუნთოვანი ჯანმრთელობის დაცვა.

გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი, მარტო ალები არ არის მენოპაუზა,“ - გვირჩევს ეკა კვირკველია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026