Logo

ჩვენი ისტორია

მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის მიწისძვრები და გამოწვევები საქართველოში

მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის მიწისძვრები და გამოწვევები საქართველოში

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ბუნებრივი მოვლენები ყოველთვის არის დიდი გამოცდა სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის. იმისთვის, რომ გავიგოთ, რამდენად მნიშვნელოვანია სტიქიის დროს ოპერატიულობა და სოლიდარობა, ისტორიულ არქივებს თვალი გადავავლოთ. ეროვნული ღირსების გამოვლენა — ან პირიქით, მისი ვერგამოვლენა — რეაგირების სისწრაფის, ხარისხის და ფორმის მიხედვით ხდებოდა.

1920 წლის თებერვალი: საქართველოს პირველი რესპუბლიკის ღირსების საქმე

დამანგრეველმა მიწისძვრამ განსაკუთრებით გორი და მისი შემოგარენი დააზიანა. მაშინდელი ცნობებით, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაინგრა ბევრი სახლი, დაზარალდა 7000-ზე მეტი ოჯახი. დაზიანდა გორის ხიდი, გორის ციხეც, უფლისციხის რკინიგზის სადგური და ა.შ.

ჭიჭინაძე

უბედურების ზონაში თბილისიდან სასწრაფოდ გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პარმენ ჭიჭინაძე. მთავრობამ შექმნა დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი, გამოყო ფინანსები და ადგილზე მყისიერად გაგზავნა მესანგრეთა ათასეული, სახალხო გვარდია და სამედიცინო ჯგუფები.

მთავრობის ოპერატიულობის პარალელურად, შთამბეჭდავი იყო სამოქალაქო სოლიდარობა: გაჭირვებულმა ხალხმა ათეულობით მილიონი მანეთი შეაგროვა დაზარალებულთა დასახმარებლად. იმ დღეების ერთ ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამი იყო:

გაზეთი

„თუ დახმარება არ იქნება სწრაფი, ცივი ზამთარი უსახლკაროებს მუსრს გაავლებს. ეროვნული უბედურების დროს განსაკუთრებით გვმართებს რესპუბლიკის ღირსების დაცვა და მისი მოქალაქის სახელის ამაყად ტარება.“ ეს მოწოდება ღირებულებების დეკლარაცია გახლდათ.

მიწისძვრა

აღსანიშნავია პარმენ ჭიჭინაძის ბედიც. 1920 წლის თებერვლის მიწისძვრის მერე, ის პირველი ჩავიდა გორში, მალე სამხედრო მინისტრი გახდა. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ სამშობლოში დარჩა, დააპატიმრეს; მეტეხის ციხეში მძიმედ დაავადებულს ბოლშევიკმა ჯალათებმა ექიმი არ გააკარეს და სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრეღა გადაიყვანეს საავადმყოფოში. 1921 წლის სექტემბერში, პარმენ ჭიჭინაძის დასაფლავება, თბილისში პირველ დიდ ანტისაოკუპაციო გამოსვლად იქცა.

მიწისძვრა

2002 წლის აპრილი: კონტრასტული რეალობა

გავიდა 70 წელი და საქართველომ კვლავ დამოუკიდებლობა აღიდგინა. 2002 წლის აპრილში თბილისში მომხდარმა მიწისძვრამ რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა, 10 ათასამდე შენობა დააზიანა, ზარალმა 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. სახელმწიფოსგან დახმარება იმდენად მწირი იყო, გასახსენებლად უხერხულია: 21-ე საუკუნის რეალობაში, დამანგრეველი მიწისძვრისგან დაზარალებულ ოჯახებს მხოლოდ 100 ლარი ერგო, დაღუპულთა ოჯახებს კი 1000 ლარი. ცარიელი ბიუჯეტის პირობებში, სოლიდარობის ტვირთი დიდწილად კერძო შემომწირველებზე გადავიდა. მთავრობამ მოუწოდა ბიზნესის წარმომადგენლებს დახმარებოდნენ სახელმწიფოს და გადაერიცხათ ფული სპეციალურ ფონდში.

შევარდნაძე

უსახლკაროდ დარჩენილებმა საპროტესტო აქციები გამართეს. ჩიოდნენ, რომ სახელმწიფო უწყებები მათი პრობლემებით არ ინტერესდებოდნენ. ოპოზიცია აპროტესტებდა სახელმწიფოს მიერ მშენებლობების დაკვეთას, რადგან ეს პროცესი „ატკატების“ (ტენდერიდან, სამშენებლო მასალებიდან მოპარვა) ნიშნად აღიქმებოდა. მოთხოვნა იყო, რომ თანხა პირდაპირ ხალხისთვის გადაეცათ, რათა ხალხს თავად შეექმნა ამხანაგობები და ასე თავად აეშენებინა საცხოვრისი. არასამთავრობო ორგანიზაციები დაჟინებით მოითხოვდნენ დახმარების პროცესზე მკაცრ საზოგადოებრივ კონტროლს, რადგან არავის სჯეროდა, რომ ფონდში შეგროვილი დაზარალებულებამდე მივიდოდა.

ეს ორი ისტორია გვასწავლის, რომ სტიქიური უბედურება მხოლოდ ბუნებრივი მოვლენა არ არის და ამავდროულად სახელმწიფოს და საზოგადოების გამოცდაა.

როდესაც სახელმწიფო მოქალაქის გადარჩენას ეროვნულ ღირსებად მიიჩნევს, სოლიდარობაც უფრო მასშტაბურია. როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები სუსტია, მთავრობა კი კორუმპირებულია, პროცესი ბიუროკრატიულ ან კორუფციულ დაბრკოლებებს აწყდება და ადამიანები სრულიად დაუცველები რჩებიან.

ავტორი: ელენე ლომთაძე

07/14/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024