Logo

სპორტი

მესი და რონალდუ ერთმანეთის დევნაში

მესი და რონალდუ ერთმანეთის დევნაში

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

როგორია ალბათობა, რომ ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს მოედანზე გაეყარონ? საკმაოდ მაღალი! მესის არგენტინა უკვე პლეი ოფშია, თანაც ჯგუფში პირველი ადგილით. ჯგუფიდან გასულია რონალდუს პორტუგალიაც, ოღონდ პირველი ადგილით თუ მეორეთი, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია და თუ ტურნირის ბადესაც ჩავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ პორტუგალიის მეორე ადგილით გასვლის შემთხვევაში, ამათი გზები ფინალამდე არ გადაიკვეთება - ცხადია, თუკი გააღწიეს ფინალში, აი, იმ ვარიანტში კი, თუ პორტუგალია ჯგუფიდან პირველი ადგილით გავა, რაც უფრო რეალურადაც მოჩანს, მესი და რონალდუ, ერთმანეთს კაპიტნების რანგში ხელს 11 ივლისს, კანზას სიტიში ჩამოართმევენ და ეს მსოფლიოს ჩემპიონატის ¼ ფინალური მატჩი იქნება. ამ ნაკრებთა ¼ ფინალში გასვლაც სავსებით რეალური ვარიანტია.

ყველა დროის ყველაზე ცნობილი საფეხბურთო პაექრობა, რომელიც აგერ უკვე ორი ათეული წელია გრძელდება, თავის ლოგიკურ დასასრულამდე მიდის. ყველა ხვდება, რომ არგენტინელისთვისაც და პორტუგალიელისთვისაც ეს უკანასკნელი მსოფლიოს ჩემპიონატია და ამდენად, ერთმანეთის რეკორდების დევნის ბოლო შანსიც. რეკორდები კი, ამათ რომ აქვთ, მთელ საფეხბურთო სამყაროს ეყოფოდა.

აქ მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატებთან დაკავშირებული რეკორდები გავიხსენოთ.

ორივე მათგანისთვის ეს მეექვსე მსოფლიოს ჩემპიონატია. ეს აბსოლუტური რეკორდია, რომლის გაყოფაც მექსიკელ მეკარე გილიერმო ოჩოასთან ერთად უწევთ.

რონალდუ

ამ მსოფლიოს ჩემპიონატამდე კრიშტიანუ იყო ერთადერთი ფეხბურთელი რომელსაც ხუთ მსოფლიოს ჩემოპიობატზე ჰქონდა გოლი გატანილი. მესი ერთით ჩამორჩებოდა და როდესაც პირველ ტურში არგენტინელმა ჰეთ თრიქი შეასრულა, პორტუგალიელი ფენომენი კი უგოლოდ დარჩა, ბევრმა რონალდუს ჩამოწერა გადაწყვიტა. სულ ტყუილად. უზბეკეთთან მატჩის მე-6 წუთზე კრიშტიანუ რონალდუ გახდა ერთადერთი ფეხბურთელი მსოფლიოში, რომელსაც ექვს სხვადასხვა მსოფლიოს ჩემპიონატზე აქვს გოლი გატანილი! ეს არის რეკორდი, რომელიც უბრალოდ წარმოუდგენლად მოჩანს, ვინმემ და ოდსმე თუნდაც გაიმეროს. ამ რეკორდის გაუმჯობესება კი დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულიად წარმოუიდგენლად მოჩანს.

ყველა სხვა შესაძლო რეკორდი კი პატარა არგენტინელს ეკუთვნის. ყველაზე მეტი მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატებზე: მესის მუნდიალებზე - ამ ჩემპიონატის 2 ტურის ჩათვლით - 28 მატჩი დაუგროვდა და ეს აბსოლუტური რეკორდია. კრიშტიანუს შედეგი კი ამ დროისთვის 24 მატჩია და ჰიპოთეტურად, პორტუგალიელს მესის რეკორდის გამეორება შეუძლია. ამისთვის, არგენტინა მალევე უნდა დაემშვიდობოს ჩემპიონატს, პორტუგალია კი ფინალში გავიდეს.

მესი

მსოფლიოს ჩემპიონატებნზე გატანილი გოლებით კი მესის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინოა - 18 გოლი კრიშტიანუს 10 გოლის საპირისპიროდ. ამ მაჩვენებლით, მესი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, კრიშტიანუ კი ამ დროითვის ხუთეულშიც არ შედის.

საინტერესო სტატისტიკაა ჰეთ თრიქებზეც. ამ მსოფლიოს ჩემპიონატამდე რონალდუ იყო ყველა დროის ყველაზე ასაკიანი ფეხბურთელი, რომელსაც ერთ მატჩში 3 გოლი ჰქონდა გატანილი. როდესაც 8 წლის წინ ესპანეთთან ჰეთ თრიქი შეასრულა, 33 წლის იყო. ეს რეკორდი ამ მუნდიალის პირველ ტურში მესიმ მოხსნა, როდესაც ალჟირის ნაკრების მეკარეს - ზინედინ ზიდანის შვილს - თითქმის 39 წლისამ გაუტანა. რეკორდის დაბრუნება რონალდუს უზბეკეთთან მატჩის დროს შეეძლო, თუმცა მესამე გოლამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

საფეხბურთო სამყარო უკვე ორი ათული წელია ორად არის გაყოფილი: ერთ ნახევარს მესი მოსწონს, მეორე ნახევარს - რონალდუ. მაგრამ, სრულიად აშკარაა, რომ ეს დაპირისპირება ვერც ერთ მათგანს ვერაფერს აკლებს. პირიქითაც...

და ერთიც, დღეს ლიონელ მესის დაბადების დღეა, 39 წლის გახდა.




ავტორი: გიორგი დარჯანია

06/24/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024