Logo

საზოგადოება

"მეტი რა ლეგენდა უნდა არსებობდეს, როდესაც ჩვენს პატრიარქს მგელი ხელებს ულოკავს" - ისტორია, რომელიც უწმინდესს გადახდა

"მეტი რა ლეგენდა უნდა არსებობდეს, როდესაც ჩვენს პატრიარქს მგელი ხელებს ულოკავს" - ისტორია, რომელიც უწმინდესს გადახდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ჩვენს უწმინდესთან დაკავშირებული ეს ორი ამბავი, ეთერ თათარაიძემ მიამბო. ერთი ამბავი თუშეთში პატრიარქის ჩასვლას მოჰყვა, მეორე - თავად უამბო ფოლკლორისტების წყვილს. მათ რომ წაიკითხავთ დაასკვნით, რომ ღვთიურ მადლს უფლის მიერ შექმნილი არსებებიც გრძნობენ...

ეთერ თათარაიძე: ისეთი სიყვარული და იმდენი სითბო და სიტკბო მიგვიღია პატრიარქისგან, რომელსაც არც ვიმსახურებთ. ის მართლა სითბოსა და სიტკბოსთვის არის ამ ქვეყანაზე გაჩენილი. ვერც დავიჯერებ გაჯავრება, ან ხმამაღლა რამის თქმა თუ შეუძლია. ეს არ შემიძლია წარმოვიდგინო. რაც უფალს მასთან ყოფნის ბედნიერი საათები და წუთები მოუცია, მხოლოდ სიმშვიდის და იმედის მოცემი ყოფილა ჩემთვის. როგორც მთის ქალი, მე მასში ყველა იმ ღირსებას ვხედავ, რაც მთის კაცს შეიძლება ჰქონდეს.

საქართველოს არც ერთი პატრიარქი არ იყო თუშეთის და ხევსურეთის მიწაზე ნამყოფი. და უფალმა მოგვცა ამის წყალობა და როდესაც ჩვენმა სათაყვანებელმა პატრიარქმა, იქ პირველად დაადგა ფეხი, თან ჩვენ ვახლდით. ვერტმფრენით ჩავფრინდით და სამი დღე იქ გავატარეთ.

ომალოში რომ ჩავფრინდით, მოიტანეს ამბავი, რომ დილით ერთ-ერთ ოჯახში აფორიაქებული შველი შევარდნილა. მსგავსი რამ არასდროს მომხდარაო, გვიყვებოდნენ. და სწორედ იმ დღეს ჩაფრინდა იმ მიწაზე უწმინდესი.

ეკლესიამდე მიმავალ გზაზე, მთელმა თუშეთმა მინდორში დაკრეფილი ალპური გვირილების და ყაყაჩოების ბილიკი დაუფინა პატრიარქს. მაშინ ბრძანა უწმინდესმა, მე რომ შემეძლოს ჩემს გულს თუშეთში დავტოვებდი, მაგრამ დანარჩენ საქართველოს რა ვუყოო?

ძალიან მადლიანია. მისგან ბევრს აქვს მადლი მიღებული.

უწმინდესი

ერთხელ მე და ამირანს გვიამბო მგლის ამბავი (ალბათ, ბევრ სხვასაც).

სნოდან მისმა დეიდაშვილმა, უკვე ცხონებულმა იორამ ღუდუშაურმა მგლის ლეკვი ჩამოუყვანა საჩუქრად და საპატრიარქოში დაუტოვა. პატრიარქი ჰყვება, ვერც ის ვუთხარი, რატომ ჩამომიყვანეო, რახან საჩუქარი იყოო. და მთელი ზამთარი ეფერებოდა თურმე, უვლიდა ამ მგლის ლეკვს. რაც მთავარია, ეს დატყვევებული მგლის ლეკვი ეცოდებოდა.

გაზაფხულზე ახლობლებს თხოვა, მგელი უკან წაეყვანათ და დეიდაშვილთან დააბარა, სთხოვეთ იორამს ეს ლეკვი ბუნებაში გაუშვასო. ერთხელაც, როდესაც სნოში აბრძანდა პატრიარქი, იორამის სახლთან გაუვლია და დაუნახავს, ბადეში დამწყვდეული მგელი. გვიყვება - მივედი ბადესთან ახლოს და დაველაპარაკე: შენ ისევ აქ ჰყავხარ, ამდენი ხანი არ გაგიშვა, ისევ ტყვეობაში ხარ-მეთქი? და დაუფიქრებლად შევყავი თითები ბადეში; მომიახლოვდაო და თითებზე ლოკვა დამიწყოო. ეტყობა, ხმა და მადლი ჰქონდა მეხსიერებაში ჩარჩენილი. მეტი რა ლეგენდა უნდა არსებობდეს, როდესაც მგელი ჩვენს პატრიარქს ხელებს ულოკავს...

ავტორი: თამარ გონგაძე

03/17/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024