Logo

საზოგადოება

"მეწყერი რომ გაიწმინდოს, ვიპოვი ჩემს შვილს, თვითონ გურიკამ მითხრა, მიპოვიო" - 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის დედა დახმარებას ითხოვს

"მეწყერი რომ გაიწმინდოს, ვიპოვი ჩემს შვილს,  თვითონ გურიკამ მითხრა, მიპოვიო" - 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის დედა დახმარებას ითხოვს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

2014 წლის ივნისში, ლომისობის დღესასწაულზე დაკარგული გურამ დადიანიძის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა, რომელიც დაკარგულ შვილს 12 წელია უშედეგოდ ეძებს, დახმარება საზოგადოებას კიდევ ერთხელ, ამჯერად პოდკასტის "თაისთან" საშუალებით სთხოვა.


დედა ფიქრობს, რომ შვილის პოვნა იმ ხევშია შესაძლებელი, სადაც მისი შვილის გაუჩინარების ღამეს მეწყერი ჩამოწვა.

სოფიო ბიბილაშვილი ითხოვს, სამართალდამცველებმა 12 წლის შემდეგ მაინც შეძლონ მისი შვილის ცხედრის პოვნა, რათა დედას შვილის დატირების საშუალება მიეცეს.

შვილდაკარგული დედა უკვე 12 წელია ელოდება პასუხს კითხვაზე – რა დაემართა მის ერთადერთ, 17 წლის ვაჟს, რომელიც ლომისობის დღესასწაულზე მეგობრებთან ერთად იყო წასული?

სოფო ბიბილაშვილი


თანატოლებთან ერთად ლომისობის დღესასწაულის აღსანიშნავად წასული 17 წლის გურამ დადიანიძის კვალი, 2014 წლის 11 ივნისს, ქვემო მლეთაში იკარგება.
ვერც თანატოლები, ვერც ერთ-ერთი მეგობრის მამა, რომელიც არასრულწლოვანებთან ერთად იმყოფებოდა ექსკურსიაზე, მისი ადგილსამყოფლის შესახებ ვერაფერს ამბობენ.
როგორც სოფო ბიბილაშვილი ჰყვება, ურთიერთგამომრიცხავია ის ჩვენებები, რომელსაც ექსკურსიის მონაწილეები გურამთან ბოლო კომუნიკაციის შესახებ იხსენებენ.

დედა შვილის კვალს უკვე 12 წელია ყველგან ეძებს. ყოველ წელს, ლომისობის დღესასწაულზე, იგი ტაძრისკენ მიმავალ გზას გადის და შვილს ხმამაღლა ეძახის. შვილის ფოტოებს სოციალურ ქსელებში აქვეყნებს და მის პოვნაში დახმარებას ითხოვს. განიხილავს ყველაზე დაუჯერებელ ვერსიებსაც კი და იმედს ებღაუჭება, თუმცა ბოლო დროს უფრო მეტად რწმუნდება, რომ მისი შვილი ლომისობის ღამეს, ხევში ჩამოწოლილმა მეწყერმა იმსხვერპლა.

"თუ ხევში არ ჩავარდნილა, ან მეწყერმა არ ჩაიტანა, აბა მაშ სად არის ბავშვი? ვის არ ვთხოვე დახმარება, ყველას ვეხვეწები - გამიწმინდეთ მეწყერი, დამეხმარეთ შვილის პოვნაში.
ყველა მპირდება დაგეხმარებითო, მაგრამ არ მეხმარებიან. მე რომ მივიდე ჩემი ტრაქტორით, ჩემი ტექნიკით, არ მომცემენ ნებას გათხრისას, ნებართვა არა გაქვსო.


12 წელია ვეძებ შვილს... არ ვიცი როდემდე ვიცხოვრებ, ყველას ვთხოვ, ამქვეყნიდან ისე ნუ წამიყვანთ, ერთადერთი შვილის ძვლები მაინც მაპოვნინეთ. თუ იქ არ არის იმ 50 მეტრ მიწაში, მე ხომ დავრწმუნდები და ამ ფიქრით არ ვიცხოვრებ?
იმის ცოდნა, არის თუ არა იმ მეწყერში ჩემი შვილი ძალიან დამეხმარება.

გურამ დადიანიძე


თუ ჯანმრთელობამ არ მიმტყუნა, დარწმუნებული ვარ ვიპოვი ჩემს შვილს. ის მეწყერი რომ გაიწმინდოს, ვიპოვი. იმიტომ, რომ თვითონ გურიკამ მითხრა, მიპოვიო.
მე რომ ჩემი შვილი მეწყრიდან ამოვიტანო, მერე რაღას მეტყვიან? გამომძიებელს არ შერცხვება?


ერთადერთი რასაც ვითხოვ მეწყრის გაწმენდაა, დანადგარის გადატარება. მეტი არაფერი მინდა. თუნდაც მეორე დღისით მომკლან," -ამბობს სოფო ბიბილაშვილი და წუხს, რომ რომ სიზმრებში შვილი საყვედურობს - დედა, რად გაჩერდიო.
"მე არ გავჩერებულვარ," - ამბობს დედა, რომელიც 12 წელია შვილს ეძებს და ერთადერთ რისიც ეშინია ისაა, რომ ამქვეყნიდან ისე არ წავიდეს, რომ სიმართლე ვერ გაიგოს.


ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

07/23/2026

გურამ დადიანიძედაკარგულიდახმარებალომისობასოფო ბიბილაშვილი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024