საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მეგი ჭრელაშვილს უიშვიათესი დაავადება - ლიპოატროფია აქვს, რომელიც მილიონში ერთ ადამიანს უფიქსირდება, მსოფლიოში კი, ამ დაავადებით, სულ 1000 ადამიანი იტანჯება. ლიპოათროპია წვავს ცხიმებს, კალორიებს, ორგანიზმის ყველა სასარგებლო ნივთიერებას.
მეგი ცხრა წელია საფრანგეთში ცხოვრობს. ის "ტვ პირველის" გადაცემა "შუადღეში" ჰყვება, რომ ეს დაავადება შიშის და სტრესის ფონზე შეიძინა.

მეგი ჭრელაშვილი: 5 წლის ვიყავი, დილით დედის კივილმა რომ გამაღვიძა. მამას გულის ინფარქტი დაემართა. ამ დღის შემდეგ მე წონაში კლება დავიწყე. რას არ მასმევდნენ გასასუქებლად, მაგრამ ამაოდ...
არაერთხელ ვყოფილვარ ბულინგის მსხვერპლი, მახინჯი ხარ, რას გავხარო. თითქოს მე დამნაშავე ვარ იმაში, რომ ჩემი ვიზუალი ასეთია. ვერ ხვდებიან, რომ ჩვენ ვიზუალს არ ვირჩევთ, თანაც მე ავად ვარ.
ეს დაავადება ძალიან მძიმეა, აბერებს შინაგან ორგანოებს - ტვინს, გულს, ფილტვებს... საინტერესო პაციენტი ვარ ფრანგებისთვის, სადაც ათ წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ამ ხნის მანძილზე ჩემს გენეტიკას გამოიკვლევს საფრანგეთის კლინიკა და კიდევ 28 ქვეყანა.

20-მდე წამალს ვსვამ, ვიკეთებ ნემსს. არ შეიძლება ნემსი ჩავაგდო. ხელი მაქვს მოწერილი რისკებზე. თუ ნემსს არ გავიკეთებ, შეიძლება კომაში ჩავვარდე და ვეღარ გადავრჩე.
როცა ჩემი დაავადების შესახებ გავიგე, ვთქვი, მინდა ბევრი ვიმოგზაურო, ბევრი რამ ვნახო, მოვასწრო-მეთქი, რადგან არ ვიცი, ხვალ, ზეგ რა მელოდება. მინდა ბევრი მოგონება მქონდეს. შეიძლება დადგეს პერიოდი, რომ ასეთი ენერგიული აღარ ვიყო. მინდა იმდენი მოგონება მქონდეს, რომ არ მეცალოს დამწუხრებისთვის, ტკივილისთვის.

თავს ავადმყოფად არ ვგრძნობ, ეტყობა, ჩემი ტვინი ამ დაავადებას არ იღებს. წამლის დალევიდან დალევამდე, არ მახსოვს, რომ ავად ვარ. არ მიყვარს ვინმეს რომ ვებრალები... მიყვარს ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ. ვიქმნი ისეთ პირობას, რომ ბედნიერი ვიყო ყოველდღე. სარკეში ვუღიმი თავს - უი, მეკჩო, რა ლამაზი ხარ, რა საყვარელი ხარ...
ადამიანი არ აფასებს იმას, რაც აქვს. მე ვაფასებ, რაც მაქვს ჩემი დაავადების ჩათვლით; მიყვარს ჩემი დაავადება. შეიყვარეთ თქვენი თავი თქვენივე პრობლემებით.

02/14/2026