საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ეკა მიშველაძემ "ტვ პირველი" დატოვა. ტელე ჟურნალისტმა ამის შესახებ ჯერ ფეისბუქზე დაწერა, შემდეგ ის ინგა გრიგოლიას "რეაქციის" სტუმარი იყო, სადაც თქვა, რომ მიდის პოლიტიკაში და რესურსს მთლიანად მოახმარს პოლიტიკურ პროცესებს.
" ჩვენ არ დავუთმობთ ამ ქვეყანას რუსებს და მინდა, რომ ამ ბრძოლაში უფრო აქტიური მონაწილეობა მივიღო. მინდა მეტი გავაკეთო თითოელი პატიმრისთვის. ადამიანებს მინდა რწმენა და იმედი დავუბრუნო. ახლა არის რაღაცები გასაკეთებელი. მეც მინდა ამაში გარკვეული წვლილი შევიტანო. პოლიტიკური კლასის შეკავშირებაა საჭირო. მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ იმას, რომ დავამარცხოთ ეს ბრუტალური რეჟიმი, რომელიც ამდენი ხანია გვართმევს ქვეყანას და ამდენ ადამიანს ამწარებს. გამარჯვება აუცილებლად იქნება. ეს შეიძლება არ იყოს ერთ თვეში, მაგრამ ის აუცილებლად დადგება. მაქვს მოლაპარაკებები. ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს, კონკრეტულად სად მივდივარ. მაქვს პირადი გეგმები, მაგრამ ამას ახლა ვერ ვიტყვი. ვფიქრობ, რომ რომელიმე პოლიტიკური სისტემის ნაწილი უნდა გავხდე. დრო მაქვს, შემიძლია ვიფიქრო. საჩქარო არაფერია. მოვა ის დღე, ამასაც ვიტყვი და გპირდები, შენს ეთერში ვიტყვი აუცილებლად," - თქვა მიშველაძემ "რეაქციაში".

მან თავის პოსტში მადლობა გადაუხადა ტელეკომპანია "პირველის" თანამშრომლებს, მთლიანად არხს და ინგა გრიგოლიას.
"მადლობა ამ საუკეთესო წლებისთვის, ამ შესაძლებლობისთვის, თავისუფლებისთვის, როდესაც სულ მქონდა შესაძლებლობა საკუთარი აზრი გამომეხატა. განსაკუთრებული მადლობა ინგა გრიგოლიას - ჩემს ერთგულ და კარგ მეგობარს, რომელიც სულ მედგა და მიდგას გვერდში მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად მჭირდება" - წერს ის ფეისბუქზე.
ინგა გრიგოლიასთან დამშვიდობებისას კი, ეკა მაყურებელსაც გამოემშვიდობა.
ეკა მიშველაძე: 29 დეკემბერს მე აქ ბოლო ეთერში ვიჯექი და წასვლის გადაწყვეტილება მიღებული მქონდა. მინდოდა კიდე მეფიქრა. მაყურებელს, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ერთგულად მიყურებდა და ვიცი, ასეთები ბევრნი ხართ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ერთგულებისთვის და მინდა იცოდეთ, რომ მე ისევ თქვენს გვერდით ვარ და ვიქნები ყოველთვის. კიდევ უფრო მეტად, მეტი ბრძოლით და მეტი შემართებით. მადლობა. მადლობა ამ არხს და მადლობა ინგას.
01/21/2026