Logo

საზოგადოება

"მინდა, რომ იცოდეთ – ეს ოპერა ეძღვნება თქვენს ქალიშვილს და მის ხსოვნას" - ფალიაშვილმა "დაისი" მარო მაყაშვილს მიუძღვნა

"მინდა, რომ იცოდეთ – ეს ოპერა ეძღვნება თქვენს ქალიშვილს და მის ხსოვნას" - ფალიაშვილმა "დაისი" მარო მაყაშვილს მიუძღვნა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

105 წლის წინ, 1921 წლის 19 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში, თბილისის მისადგომებთან 19 წლის გმირი - მარო მაყაშვილი დაიღუპა.

„გავიმარჯვებთ სახელოვნად" - მაროს ცნობილი ფრაზაა მამის, კოტე მაყაშვილისადმი მიწერილი წერილიდან.

თებერვლის ტრაგედიის შემდეგ, ამ თემაზე მაროს ოჯახსა და ახლობლებში, მრავალი წლის განმავლობაში დუმდნენ. ფოტო კი - მარო მაქმანიან კაბაში - დიდხანს ეკიდა მისი დედის საწოლთან.

მარო მაყაშვილი საბჭოთა საოკუპაციო ჯარის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დროს, კოჯორი-ტაბახმელას მისადგომებთან მიმდინარე ბრძოლების დროს გარდაიცვალა. 19 წლის მედდის სიცოცხლე ყუმბარის აფეთქებას შეეწირა.

მარო არის პირველი ქალი, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ის იუნკრებთან ერთად დაკრძალეს ყოფილი სამხედრო ტაძრის ტერიტორიაზე (საქართველოს პარლამენტის ტერიტორია), თუმცა მოგვიანებით ეს საფლავები გაანადგურეს და მათი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. საბჭოთა პერიოდში მისი სახელის ხსენებაც კი აკრძალული იყო.

მარო მაყაშვილი

***

შეიძლება ბევრმა თქვენმა არ იცოდეთ, რომ უკვდავი ოპერა "დაისი" ზაქარია ფალიაშვილმა გმირულად დაღუპულ მარო მაყაშვილს მიუძღვნა.  ოპერის მთავარი გმირსაც სწორედ მისი სახელი დაარქვა. „დაისის“ შექმნის იდეა ზაქარია ფალიაშვილს ცნობილმა ქართველმა დრამატურგმა და მსახიობმა, ვალერიან გუნიამ მიაწოდა, რომელსაც ეკუთვნის ამავე ოპერის ლიბრეტო. 

***

საღამო ხანია. თბილისი. ნისლია, ბინდ-ბუნდი, ოდნავ ბჟუტავს გაზის ფანრები. გოლოვინსკიდან, რუსთაველის პროსპექტიდან ზევითკენ ქალბატონი მოდის. დაახლოებით კონსერვატორიის უკან ხდება ეს.
მიუახლოვდა მას მაღალი, წარმოსადეგი მამაკაცი, თავზე შლაპა ახურავს. მოკრძალებით დადგა ქალბატონის წინაშე და უთხრა:

– ქალბატონო თამარ, უღრმესი პატივისცემით თქვენდამი, არ შემეძლო, რომ დამენახეთ და ეს თქვენთვის არ მეთქვა.

– კი ბატონო, გისმენთ, – მიუგო ქალმა. ქალბატონს ემჩნეოდა, რომ ძალიან დატანჯული, დაღლილი ადამიანი იყო.
პატარა პაუზის შემდეგ, მამაკაცმა ამოისუნთქა და უთხრა:

– მე ვარ კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი. ახლახან დავამთავრე ოპერა, რომლის მთავარ მოქმედ პირს თქვენი ქალიშვილის სახელი დავარქვი. მინდა, რომ იცოდეთ – ეს ოპერა ეძღვნება თქვენს ქალიშვილს და მის ხსოვნას.

მოწიწებით თავი დახარა, ქუდი მოიხადა ქალის წინაშე, შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით დაშორდა. ქალი დიდხანს იდგა თვალებზე ცრემლმორეული. ეს ქალბატონი იყო მარო მაყაშვილის დედა, ამ ოპერას კი „დაისი“ ჰქვია.

ავტორი: ზმნა

02/19/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024