ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
გიგი პიანომენი, იგივე გიგი ჭიპაშვილი, დღეს ბევრისათვის საყვარელი მუსიკოს-შემსრულებელია. თუმცა აღიარება და ხალხის სიყვარული მარტივად არ მოსულა.
მუსიკოსმა "რადიო სივრცეში" საკუთარი ბავშვობა და ფორტეპიანოსთან გატარებული წლები გაიხსენა.
"ზოგჯერ მინდოდა, დამწვარიყო ფორტეპიანო, დამდნარიყო... სპირტები რომ იყო, ცეცხლი რომ ეკიდებოდა, იმაზეც მიფიქრია, რომ დავანთებ პიანინოს ქვეშ და წავალ ეზოში და დაიწვება მეთქი.
ეზოში ყოფნა მინდოდა, ფეხბურთის თამაში მიყვარდა, სხვათა შორის, ფეხბურთს კარგად ვთამაშობდი... ჩვენთან ამოდიოდნენ მეზობლის ბავშვების მამები და სთხოვდნენ დედაჩემს, წავიყვანთ და ვინმე მწვრთნელს ვაჩვენებთო.
8-9 წლის ვიყავი რომ წამიყვანეს "ავაზაზე", ცუდი ამინდი იყო, სველი ბალახი... ბავშვები დარბოდნენ, ერთმანეთს ფეხებში ურტყამდნენ, ვიღაც ბავშვი ფეხებში შემომივარდა და ზუსტად მახსოვს ის ფიქრები - "ეს არ შემიძლია, ამას ისევ ის ჯობია, წავალ და დავუკრავ-მეთქი."
არადა ვაფრენდი ფეხბურთზე. ეზოში დღე და ღამე ვთამაშობდი, მქონდა მედლები, თასები...
თან მუსიკის მეცადინეობა, პიანინოსთან 2-3 საათის გატარება ყოველდღე არ მინდოდა. ასე გავატარე 5-6 წელი - თან "ვაფრენდი", თან მაინც ვუკრავდი და ყველაფერი ერთ დღეს შეიცვალა...
გიზი ამირეჯიბმა და მისმა ცოლმა მომისმინეს, რომ გიზის ცოლს ავეყვანე. მახსოვს გიზიმ თქვა, რომ ასაყვანიაო და დამავალეს, თუ გინდა აგიყვანოთ ერთ კვირაში შოპენის "სკერცო" მოიტანეო.
ეგ იყო, რაღაც შეიცვალა. მახსოვს,სახლისკენ რომ მოვდიოდი, სამარშრუტო ტაქსიში გადავწყვიტე - "ან მას ისწავლი ერთ კვირაში, ან არაფერი გამოგივა-მეთქი." მეორე დღეს რომ ავდექი და სამეცადინოდ დავჯექი- 5 საათიც ვუკრავდი და 9 საათიც. ერთ კვირაში ის პიესა მზად მქონდა. და ამის მერე დაიწყო სერიოზული მუშაობა," - იხსენებს მუსიკოსი.
05/17/2026