
10/09/2026
გვინდა ოდრი ჰეპბერნისა და იუბერ ჟივანშის მეგობრობის ისტორიაზე გიამბოთ. ორი ლეგენდარული ხელოვანის გადაკვეთა მეტად საინტერესოდ მოხდა და მას ფეისბუქზე კოკა კვერნაძე ასე იხსენებს.
1953 წლის ცხელ ზაფხულს პარიზში, ალფრედ დე ვინის ქუჩაზე მდებარე მოდის სახლის კარები 24 წლის უცნობმა გოგონამ შეაღო. მას ეცვა ვიწრო შარვალი, უბრალო მაისური და ეხურა მეზღვაურის ქუდი.
ატელიეს 26 წლის მფლობელს, არისტოკრატული წარმოშობის გიგანტს - იუბერ დე ჟივანშის თანაშემწემ აცნობა, რომ მასთან „მის ჰეპბერნი“ იყო მოსული. ახალგაზრდა კუტიურიე აღფრთოვანებული ელოდა ჰოლივუდის დიდ დივას, კატარინ ჰეპბერნს, თუმცა მის წინაშე სრულიად განსხვავებული არსება აღმოჩნდა: გამხდარი, ირმისებრი თვალებითა და ბავშვური ღიმილით დაჯილდოებული ოდრი ჰეპბერნი.

ოდრი ეძებდა კოსტიუმებს თავისი ახალი ფილმისთვის, „საბრინასთვის“. ჟივანშიმ, რომელიც თავისი ახალი კოლექციის ჩვენებისთვის ემზადებოდა და მუშახელის მწვავე დეფიციტს განიცდიდა, თავდაპირველად უარი უთხრა უცნობ მსახიობს, თუმცა ოდრის დაჟინებულმა, თბილმა თხოვნამ და შემდეგ პარიზულ ბისტროში გამართულმა ერთობლივმა ვახშამმა, ყველაფერი წამიერად შეცვალა. ჟივანშიმ მას ნება დართო, წინა კოლექციიდან თავად აერჩია სასურველი კაბები.
სწორედ ამ კომიკური გაუგებრობით დაიწყო მეოცე საუკუნის მოდისა და კინემატოგრაფის ყველაზე ლეგენდარული, ელეგანტური და ურღვევი ალიანსი, კავშირი, რომელსაც თავად ჟივანში მოგვიანებით „სულების ქორწინებას“ უწოდებდა.

მათი ურთიერთობის პირველი სერიოზული გამოცდა 1954 წელს, ბილი უაილდერის „საბრინას“ ეკრანებზე გამოსვლისთანავე დადგა. ფილმში ოდრის მიერ მორგებულმა ჟივანშის სამოსმა, განსაკუთრებით თეთრმა, უმკლავო საღამოს კაბამ შავი ყვავილების ნაქარგით მსოფლიო აღაფრთოვანა.

თუმცა, როდესაც ამერიკის კინოაკადემიამ ფილმს კოსტიუმების საუკეთესო დიზაინისთვის „ოსკარი“ მიანიჭა, ქანდაკება ჰოლივუდის ცნობილმა დიზაინერმა ედით ჰედმა ჩაიბარა, რომელმაც ტიტრებიდან იუბერ დე ჟივანშის სახელი საერთოდ ამოაღებინა და მთელი დიდება საკუთარ თავს მიაწერა. ოდრიმ ეს პირად შეურაცხყოფად და უდიდეს უსამართლობად მიიღო. მსახიობი სასწრაფოდ პარიზში გაფრინდა, ჟივანშის ცრემლებით მოუხადა ბოდიში და კინოკომპანია „Paramount“-ს ულტიმატუმი წაუყენა: ამიერიდან, მის ყველა მომავალ ფილმში კოსტიუმების ავტორი მხოლოდ იუბერ დე ჟივანში იქნებოდა, ხოლო მისი სახელი ტიტრებში მთავარ ადგილს დაიკავებდა.
ეს პირობა ხელშეუხებელ კანონად იქცა.


მათ ერთად შექმნეს კინემატოგრაფიული მოდის ოქროს ხანა ფილმებში, თუმცა მათი თანამშრომლობის აბსოლუტური, უკვდავი მწვერვალი 1961 წლის შედევრი, „საუზმე ტიფანისთან“ აღმოჩნდა. ფილმის პირველივე კადრებმა, სადაც ჰოლი გოლაითლი ნიუ-იორკის მეხუთე ავენიუზე, გამთენიისას, ტაქსიდან გადმოდის ჟივანშის გრძელ შავ კაბაში, მარგალიტის ყელსაბამითა და მუქი სათვალეებით, მსოფლიო მოდა სამუდამოდ შეცვალა.

ეს იყო ტრიუმფი, რომელმაც ქალის სილამაზის ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, მარტივი, არისტოკრატიული, ვულგარულობისგან სრულიად დაცლილი და გენიალური.
ოდრი ხშირად ამბობდა: „ჟივანშის სამოსი ჩემთვის ერთადერთი ჯავშანია. მის კაბებში მე ვგრძნობ თავს დაცულად და ზუსტად ვიცი, ვინ ვარ“.



მათი კავშირი სცილდებოდა მოდის საზღვრებს. 1957 წელს უბერმა შექმნა ექსკლუზიური სუნამო, რომელიც მხოლოდ ოდრისთვის იყო განკუთვნილი. სამი წლის განმავლობაში ამ სურნელს მხოლოდ ჰეპბერნი ატარებდა.
როდესაც ჟივანშიმ მას სუნამოს მასობრივ წარმოებაში ჩაშვების ნებართვა სთხოვა, ოდრიმ ხუმრობით წამოიძახა: "ეს ჩემი აკრძალულია!“.
სწორედ ამ ფრაზამ მისცა სახელი ლეგენდარულ სუნამოს „აკრძალული“.
3 წლის განმავლობაში სუნამოს ფლაკონებს ეწერა - „ოდრისთვის“. როდესაც 1957 წელს სუნამო გაყიდვაში გამოვიდა, ოდრი გახდა პირველი კინოვარსკვლავი ისტორიაში, რომელიც სუნამოს სახე გახდა.

საინტერესოა, რომ მან უარი თქვა მრავალმილიონიან ჰონორარზე და ჟივანშისგან მხოლოდ სიმბოლური 1 დოლარი აიღო, რადგან თვლიდა, რომ მეგობრობის გაყიდვა არ შეიძლებოდა.
ჟივანში იყო ოდრის უმთავრესი საყრდენი მის რთულ, ქარიშხლიან პირად ცხოვრებაშიც. მან იცოდა მსახიობის ყველა ფარული ცრემლი, მისი ტკივილი მელ ფერერთან მძიმე ქორწინებისას, რამდენიმე შეწყვეტილი ორსულობა და მარტოობის შიში.

როდესაც 1969 წელს ოდრი მეორედ თხოვდებოდა იტალიელ ფსიქიატრ ანდრეა დოტიზე, მან კვლავ უბერს მიმართა. ჟივანშიმ მისთვის შექმნა რევოლუციური საქორწინო ღია ვარდისფერი შალის მინი-კაბა შესაფერისი თავშალით, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა მათი უნარი, ტრადიციული წესები ელეგანტურობით დაერღვიათ.

უბერი იყო მისი მესაიდუმლე და მფარველი ანგელოზი, რომელიც ოდრის გვერდით იდგა მაშინაც კი, როდესაც კამერების შუქი ქრებოდა.
როდესაც ოდრი ჰეპბერნი 1980-იან წლებში "იუნისეფის" კეთილი ნების ელჩი გახდა და ეთიოპიასა თუ სომალიში მძიმე მისიებით დადიოდა, ჟივანში არა მხოლოდ მორალურად უჭერდა მხარს, არამედ ანონიმურად აფინანსებდა რამდენიმე ჰუმანიტარულ რეისს და ბავშვთა კვების პროგრამებს. ფონდების ჩანაწერებში ჟივანშის გვარი ხშირად ფიგურირებს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო დონორი, რაც მას არასდროს გაუხმაურებია.



ამ 50 წლიანი მეგობრობის ყველაზე ამაღელვებელი და სულისშემძვრელი ეპიზოდი 1992 წლის მიწურულს დადგა. ლოს-ანჯელესში მყოფ 63 წლის ოდრის ექიმებმა მუცლის ღრუს უკურნებელი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. იგი უკიდურესად დასუსტებული იყო. მძიმე მდგომარეობის გამო, ავიაკომპანიებმა, ჩვეულებრივი სამგზავრო რეისით მის გადაყვანაზე, უარი თქვეს. ოდრის კი მთელი სულით სურდა თავის უკანასკნელ თავშესაფარში, შვეიცარიის სოფელ ტოლოშენაზში, საკუთარ სახლში დაბრუნება, რათა სიცოცხლის ბოლო დღეები მშვიდად გაეტარებინა.
როდესაც ეს ამბავი ჟივანშიმ შეიტყო, მან თავის ამერიკელ მეგობარს, ცნობილ მეცენატ ბანი მელონს სთხოვა კერძო თვითმფრინავი, ბორტი მედპერსონალით აღჭურვა, ხოლო თვითმფრინავის მთელი სალონი, იატაკიდან ჭერამდე, ცოცხალი თეთრი ყვავილებით, ოდრის საყვარელი ხეობის შროშანებითა და ვარდებით აავსო.
როდესაც საკაცით აყვანილმა მომაკვდავმა ოდრიმ ეს ზღაპრული სილამაზე დაინახა, თავის პარტნიორ რობერტ ვოლდერსს ჩასჩურჩულა: „აქ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს უკვე სამოთხეში ვარ“.

ოდრი და მისი ოჯახი შვეიცარიაში დაბრუნდნენ და 1992 წლის შობას სახლში შეხვდნენ. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, მას სურდა, ეს უკანასკნელი შობა ჩვეულებრივი ოჯახის დღესასწაულს დამსგავსებოდა. იგი იმდენად იყო დასუსტებული, რომ ქვემოთ ჩამოსვლა უჭირდა, თუმცა მაინც მოახერხა ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა და მათთვის პატარა საჩუქრების გადაცემა. მისი უკანასკნელი შობა იქცა არა მხოლოდ ოჯახის მოგონებად, არამედ ოდრი ჰეპბერნის ცხოვრების ერთგვარ სიმბოლურ ეპილოგად. ქალი, რომელსაც მთელი მსოფლიო გარეგნული სილამაზისთვის იცნობდა, სიცოცხლის ბოლოს კვლავ იმაზე საუბრობდა, რაც მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო - სიკეთეზე, სიყვარულზე, ადამიანურ ღირსებასა და ერთმანეთის დახმარებაზე. ოდრი სიცოცხლის ბოლო წლებშიც საკუთარ საქციელით ამტკიცებდა: ნამდვილი სილამაზე სიკეთეში, თანაგრძნობასა და სხვებისთვის გაწეულ დახმარებაში უნდა ეძებო.

საინტერესოა ის დეტალიც, რომ როდესაც ოდრი უკვე ლოგინად იყო ჩავარდნილი, მან ჟივანშის გადასცა თავისი საყვარელი 25 ლურჯი შალის პალტო (რომლებიც თავის დროზე უბერმა შეუკერა) და უთხრა, რომ ეს პალტოები მის ყველაზე ახლო მეგობრებსა და ახლობლებზე დაერიგებინა.

1993 წელს ოდრი ჰეპბერნი გარდაიცვალა. ტოლოშენაზის თოვლიან სასაფლაოზე, სამგლოვიარო პროცესიის დროს, მისი თეთრი ყვავილებით დაფარული კუბო 66 წლის იუბერ დე ჟივანშის მიჰქონდა, კაცს, რომლის თვალებშიც მთელი ეპოქის ცრემლი იდგა.

24 იანვარს, ტოლოშენაზის პატარა სოფლის ეკლესიაში დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. იქ იყვნენ ოდრის შვილები, მეგობარი - რობერტ ვოლდერსი, ყოფილი მეუღლეები მელ ფერერი და ანდრეა დოტი, უბერ დე ჟივანში, "იუნისეფის" წარმომადგენლები და მისი ძველი მეგობრები. ოდრი ჰეპბერნი იმავე დღეს ტოლოშენაზის პატარა სასაფლაოზე დაკრძალეს.
ჟივანშიმ მას შემდეგ კიდევ ოცდახუთი წელი იცოცხლა და 2018 წლამდე, საკუთარ გარდაცვალებამდე, სამუშაო მაგიდაზე მუდამ ედო ოდრის პატარა ესკიზები.
იგი ხშირად იმეორებდა: „ჩვენ შორის იყო ისეთი სიყვარული, რომელსაც სახელი არ აქვს. ეს იყო სასწაული, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება“.

ოდრი ჰეპბერნისა და იუბერ დე ჟივანშის ისტორია დარჩა კაცობრიობის მეხსიერებაში, როგორც სილამაზის, უანგარო ერთგულებისა და სულიერი ჰარმონიის სიმბოლო. ეს კი იმის დასტურია, რომ მოდა წარმავალია, მაგრამ ორ შემოქმედ სულს შორის დაბადებული ჭეშმარიტი მეგობრობა მარადისობას ეკუთვნის.

გააზიარე სტატია