Logo

საზოგადოება

"მის ხელს დავიკავებ ხელში, არ ვაგრძნობინებ მარტოობას" - ექიმ მარინე ძაგნიძის ემოციური ვიდეო მიმართვა

"მის ხელს დავიკავებ ხელში, არ ვაგრძნობინებ მარტოობას" - ექიმ მარინე ძაგნიძის ემოციური ვიდეო მიმართვა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"საუბრები მარადიულ თემებზე" - ამ სათაურით, ამერიკაში მოღვაწე ექიმი - მარინე ძაგნიძე ვიდეო ბლოგს აქვეყნებს და სხვადასხვა თემას ეხება. ექიმი ამბობს, რომ ხშირად ფიქრობს სიბერეში სიმარტოვეზე, არ სურს შვილებს ტვირთად დააწვეს. ყველას ურჩევს, რომ სიბერეში იქონიონ რაიმე საქმე...

"მე და ჩემ დას გვყავს 94 წლის დედა, რომელიც დედობას კიდევ გვიწევს. ჩვენ ვალდებული ვართ ვიყოთ საუკეთესო შვილები.

ხშირად ვფიქრობ, სიბერეში რა უნდა გავაკეთო, რომ მარტო არ ვიყო. ჩემს შვილებს, ორივეს თავისი ცხოვრება აქვს და ჩემთან 24 საათი ვერავინ იქნება. როგორ უნდა ვიცხოვრო ისე, ბოლომდე ვიყო დამოუკიდებელი?..

ყველაზე მეტად, რაც ყველასთვის სანატრელია, არ გახდეს არავის მოსავლელი და ისე წავიდეს ამქვეყნიდან, ჩუმად, წყნარად და ნაზად საწოლში, თუნდაც ძილში. ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი.

სანამ ცოცხლობთ, იცოდეთ, უნდა შექმნათ თქვენი დამოუკიდებლობა და სიმტკიცე. რაც თქვენ ცხოვრების მანძილზე შექმენით, თუნდაც დანაზოგით შეიძინეთ სახლი თუ პატარა ოთახი, სიცოცხლის ბილომდე არ შეელიოთ. ეს არის თქვენი ნავსაყუდელი. შეიძლება სახურავიდან წყალი ჩამოდიოდეს, მაგრამ სახურავი გაქვთ თავზე. იცით, სადაც არ უნდა წახვიდეთ, მაინც დაბრუნდებით.

ბოლომდე იქონიეთ ურთიერთობა არა მილიონ, არამედ ერთ-ორ მეგობართან, რომელთაც ყოველთვის დაურეკავთ და დაელაპარაკებით. ჩვენ შვილებს ხშირად ჩვენი სისულელეების მოსმენა არ აინტერესებთ. მათ უამრავი თავისი პრობლემები აქვთ. მე, დედა, როგორ უნდა დავაწვე მათ კისერზე. არადა, ვიცი, კარგი დედა ვიყავი და ვარ. მე როგორიც ვარ ჩემი დედისთვის, ლოგიკურად უნდა მოვითხოვო, იგივე მივიღო ჩემი შვილებისგან, მაგრამ ვიცი, ეს ასე არ იქნება. ამიტომ მე ვცდილობ, ისე დავალაგო, რომ კომფორტულად ვიცხოვრო ჩემი ცხოვრების ბოლო სტადიაში და კომფორტულად წავიდე ამ ქვეყნიდან.

არ გამოილიოთ გასაკეთებელი საქმე. მე როცა მუშაობა აღარ შემეძლება, იმას მაინც გავაკეთებ, ვიარო საავადმყოფოში და ჩამოვუჯდე იმ პაციენტს, ვისაც ოჯახი არ ჰყავს, მის ხელს დავიკავებ ხელში, არ ვაგრძნობინებ მარტოობას. ვიცი, რომ უფრო ადვილია იყო კეთილი, ვიდრე ბოროტი" - ამბობს ექიმი ვიდეოში.

ავტორი: ზმნა

03/13/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024