Logo

კულტურა

"თვალები, სადაც ეშმაკუნები დახტოდნენ, პარალელურად, სულ ცრემლით ჰქონდა სველი" - ნოდარ დუმბაძე 98 წლის გახდებოდა

"თვალები, სადაც ეშმაკუნები დახტოდნენ, პარალელურად, სულ ცრემლით ჰქონდა სველი" - ნოდარ დუმბაძე 98 წლის გახდებოდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

14 ივლისს ნოდარ დუმბაძე 98 წლის გახდებოდა...

მარადიული ზურიკელა, სოსოია, კუკარაჩა, ნაკაშიძე... მზით და სიკეთით გამთბარი ყველა მისი პერსონაჟი თვითონ არის.

ნოდარ დუმბაძე ერთ-ერთი ყველაზე ქართველი მწერალია, რომლის სრულყოფილი თარგმნა, სხვა ენაზე, შეუძლებელია. აბა, თარგმნეთ - ღვთის პირიდან გადავარდნილი, სულძაღლიანი. რომელ ენაში იპოვით შესატყვის სიტყვებს?!

ნოდარი ჩვენი იუმორია, სულია, სისხლის ფორმულის განუყოფელი ნაწილია...

ბავშვობა რომ ტკივილიანი ჰქონდა, ამიტომ იყო მის სულში მზის სხივები და სიკეთის დიდი გორგალი რომ ბრუნავდა დაუსრულებლად. 9 წლის ასაკში მარტო დარჩა, მამიდასთან. მამა დაუხვრიტეს, დედა გადაუსახლეს. მერე, დას დააშორეს და სოხუმში დეიდა ნინასთან იზრდებოდა. შემდეგ ჩაიყვანეს გურიაში - ოლღა ბებიასთან, ილიკოსთან და ილარიონთან. სულ ხუთი წელი გაატარა გურიაში, მაგრამ ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება გურიაზე ეწერა...

ნოდარ დუმბაძე

ქეთი დუმბაძე: მას ერთი სიტყვა არ აქვს ისე დაწერილი, რაც ნაგრძნობი და გულზე არ აქვს გატარებული. მის თვალებში, სადაც ეშმაკუნები დახტოდა, პარალელურად სულ ცრემლით ჰქონდა სველი.

მერვე კლასში ვიყავი. ბათუმში ქუჩაში შეგვხდა ილიკოს შვილი. დედას უთხრა, ილიკოს ქეთინოს გაცნობა უნდა, საღამოს ჩვენთან მოდითო. მივედი და ილიკოს ცალი თვალი არ ჰქონდა ახვეული, იარა უჩანდა და რომ მნახა, იარიდან გადმოუგორდა ცრემლი, ჩამეხუტა, მომეფერა და მითხრა: შენ რა გგონია, მამაშენი რასაც წერს ყველაფერი მართალიაო? მე რევოლუციას რომ ვაჩერებდი, ილარიონა სიმინდებში იმალებოდაო.

მამასთან დაკავშირებით ყველაფერი ბედნიერი მახსენდება. ხშირად მაგონდება ზღვა, აფხაზეთი, გულრიფში... ორივე დაკარგული მყავს და ამ დროს, არც ერთი არ დამიკარგავს. 

ჩვენ გულრიფშში სახლი გვქონდა, სკოლა როგორც კი მთავრდებოდა, ჩავდიოდით და მთელ სამ თვეს იქ ვატარებდით...

მამაზე აფხაზეთი მახსენდება, იქაური სურნელით...

ქეთი დუმბაძე

მე გავიზარდე როგორც ბიჭი. ის, რაც მამამ ზაზაზე (ჩემი ძმა, რომელიც გარდაიცვალა) ვერ დახარჯა, ჩემზე გადმოვიდა. ფეხბურთსაც ვთამაშობდით. თევზაობა ჩვენთვის რიტუალი იყო. გულრიფშში რომ ვისვენებდით, მამა დილით გადიოდა ზღვაზე, წყალში მუხლებამდე დგებოდა ანკესით. ასე მაჩვევდა წყალს. სადილზე ღორჯოები უნდა გვქონოდა. მერე მოვიდა ისეთი ასაკი, კოდორზე თავის სოხუმელ ძმაკაცებთან ერთად სათევზაოთ დავყავდი. მეთევზე ძმაკაცები ჰყავდა, მათ შორის, ხშირად იყო რეზო ლაღიძე. ბევჯერ მახსოვს ძია რეზო... მერე სუფრა იშლებოდა. ნოდარი კი მასწავლიდა ბადის გაშლას...

***

ნოდარ დუმბაძე

დედამ თქვა, ნოდარმა პირველად რომ მაკოცა, გავსკდი ტირილითო. ნანული დღესაც შეყვარებული ცოლია. დღესაც პირველ ადგილზე ნოდარია. დღესაც გვეუბნება მე და მანანას, ჯერ ნოდარი მიყვარს და მერე თქვენო.

ნოდარ დუმბაძე

სასურველი სასიძო საიდან იქნებოდა, დაშტოფილი შარვალი ეცვა. ნანული იყო ძალიან ლამაზი, განებივრებული, ბაფთიანი, ყვავილებიანი გოგო. მამას, თავად პეტრე გუგუნავას, ეს გლეხი დუმბაძე რომ გააცნო დედაჩემმა, ბაბუას უკითხავს - გიფიქრია იმაზე, ნოდართან როგორ გაგიჭირდებაო? კი, ნოდართან ერთად შავ პურს შევჭამო და ჩაალაგა ჩემოდანი და წავიდა.

ნოდარ დუმბაძენოდარ დუმბაძე

***

"სოფლელი ბიჭი" ასე ერქვა თავდაპირველად მის უკვდავ "მე ბებია, ილიკო და ილარიონს". შემდეგ ტარიელ ჭანტურიას ურჩევია მისთვის - მოდი, ასე დაარქვიო.

ტარიელ ჭანტურია: მე "ცისკარში" ვმუშაობდი. ნოდარმა მოიტანა მოთხრობა - "სოფლელი ბიჭი". იმ დროს გადიოდა ფილმი - "მე, დედა, მამა და მოსამსახურე". ნოდარ, რა არის ეს "სოფლელი ბიჭი"? დავარქვათ "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი". არაფრით არ ქნა. არა, ძამა, ქურდობას დამაბრალებენო. მაშინ ასე ვქნათ, შენ წიგნში დაბეჭდე ისე, როგორც შენ გინდა, მე ჟურნალში ასე დავბეჭდავ-მეთქი. საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა, მოვიდა და მითხრა, მართალი ყოფილხარ, ძამაო.

ნოდარ დუმბაძე

***

ნოდარ თოფურიძე, შვილიშვილი: "მე, ბებია, ილიკო და ლარიონის" ჰონორარი - 3500 მანეთი რომ აიღო, გულრიფში სახლი იყიდა. ზაფხულობით იქ ვისვენებდით. მე ვერ ვცურავდი. ერთხელ სანაპიროზე ვარ. მანანა მაძალებს რომ შევიდე, ვერ შევდივარ, ტალღებია. ამ დროს ჩამოვიდა პლაჟზე ნოდარი. აცვია ჯინსის კურტკა და ე.წ. ავღანური პანამა. ამიყვანა ხელში და ტანსაცმლიანი, როგორიც იყო, ასე პირდაპირ შემიყვანა წყალში. ფეხები დამიჭირა და კროლის მოძრაობა ამიხსნა. მეხუთე-მეექვსე მოსმაზე აღმოვაჩინე, რომ ფეხები თავისუფალი მაქვს, აღარ მკიდებს ხელს ბაბუა და გავცურე და გავცურე... ერთად ასეთი ოცნება გვქონდა, გვქონოდა აფრიანი ნავი და გვემოგზაურა. მან ვერ ამისრულა ეს ოცნება, თუმცა ილიკო ფერაძემ, აფროსნობის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, წამიყვანა და იუნგობიდან მესაჭემდე გამზარდა. ბაბუს და ჩემი ოცნება ამისრულა.

ნოდარ დუმბაძე

***

რობერტ სტურუა: მასთან ურთიერთობა არ იყო უბრალო ურთიერთობა. "ნიანგის" რედაქტორი რომ იყო, ხშირად დავდიოდი რედაქციაში. რამდენიმე კარიკატურაც მივაწოდე ბატონ ნოდარს. დაიბეჭდა. მამაჩემსაც რობერტი ერქვა. ჰონორარის ასაღებად რომ მივიდოდი, არ მხვდებოდა ჰონორარი. თურმე მამაჩემს გაჰქონდა, მასაც უყვარდა ქეიფი.

მოვახერხე და "მზიანი ღამე" ხელში ჩავიგდე. მანამდე გიგა ლორთქიფანიძე მასწრებდა მისი ნაწარმობების დადგმას. "მზიანი ღამე" ჩავიგდე არც ისე წესიერი ხერხებით. რედაქტორმა გამოქვეყნებამდე მომცა ეს რომანი, შავი მასალა. მივედი და ვუთხარი, ეს მაქვს და უკვე ვდგამ-მეთქი. ჩვენს ურთიერთობაში გიგა არ ჩაერიოს-მეთქი. მოგვცა და დავდგი. თამაშობდნენ - კახი, ბელა, ეროსი, გოგი გეგეჭკორი, გოგი ქავთარაძე. სპექტაკლსაც არა უშავდა, მე მაშინ მომწონდა.

ნოდარი რომ არ ყოფილიყო, მე შეიძლება ცოლად სხვა შემერთო. ბათუმში ერთად აღმოვჩნდით. მაშინ მე ახალგაზრდა კაცი ვიყავი, ხელფასი პატარა მქონდა და ბატონი ნოდარი გვეპატიჟებდა მე და ჩემს მომავალ მეუღლეს რესტორნებში...

ძვირფასი კაცი იყო და ის სამუდამოდ დარჩა ჩემში.

კუკარაჩა

***

ნოდარ დუმბაძე მაინც, პირველ რიგში, უნდა წაიკითხო, იცინო, იტირო და ბევრი იფიქრო. თუმცა ეკრანიზაციებში მწერალს ნამდვილად გაუმართლა. 

"ჩემი "კუკარაჩა" ნანახი გაქვს?" - ფრაზას, რომლითაც ქეთი დოლიძეზე ხუმრობენ, რეჟისორი ასე პასუხობს:

"ეს ფრაზა ნამდვილად ვთქვი და ყოველთვის ყველას ვეტყვი. "კუკარაჩა", პირველ რიგში, ნოდარ დუმბაძის არის, მაგრამ ჩემიც არის."

ქეთი დოლიძე: - მამამ "კუკარაჩა" რომ წაიკითხა, ნოდარს დაურეკა: მომეცი უფლება, მე და ჩემმა ქალიშვილმა ერთად გადავიღოთ მასზე ფილმიო. ბატონი ნოდარი ფანტასტიკური ადამიანი იყო. ბატონო სიკო, თქვენ რამე ისურვეთ და რაზეა ლაპარაკიო, უპასუხა. 

მსახიობების არჩევა რომ დავიწყე, მამაც და ბატონი ნოდარიც ავად გახდნენ და ლოგინად ჩაწვნენ. დავიწყე გადაღებები; პირველად აფთიაქის ეპიზოდს ვიღებდით.

არის ასეთი ტრადიცია, გადაღებები რომ იწყება, შამპანური უნდა გაიხსნას და ბოთლი კამერაზე უნდა გატყდეს. მე, ზაზა კოლელიშვილმა და ლევან უჩანეიშვილმა ვიყიდეთ ორი ბოთლი შამპანური და მივედით მამასთანაც და ბატონ ნოდართანაც. მათ უკან დაგვიბრუნეს შამპანური, დაგვლოცეს და ეს ბოთლები კამერის ფეხზე გავტეხეთ. 

შავი მასალა დაახლოებით ოთხ საათიანი იყო. შევკარი თუ არა, ნოდარს და მამას ვაჩვენე. ბატონი ნოდარი ძალიან კმაყოფილი გადამეხვია და მამაჩემივით მომმართა - ქეთევანა, ეს არის ნამდვილი ნოდარ დუმბაძე.

მე ვამაყობ იმით, რომ იმ დროს "ლიტერატურნაია გაზეტასთვის" მიცემულ ინტერვიუში, ნოდარ დუმბაძემ თქვა: მე დიდ პატივს ვცემ ყველას, ვინც ჩემ ნაწარმოებებზე ეკრანიზაცია გადაიღო, მაგრამ თუ ლაპარაკია იმაზე, რომელია ნამდვილი დუმბაძე, მე ვიტყვი, რომ ეს არის ლეილა გორდელაძის "ძაღლი" და ქეთი დოლიძის "კუკარაჩა"-ო. ეს იყო ავტორისგან აბსოლუტური აღიარება. ამაზე მეტი რა უნდა მიმეღო...

"კუკარაჩა" რომ ეკრანებზე გამოვიდა, მეორე კვირას, ჩემს კარზე ზარი დაირეკა. მარტო ვიყავი სახლში. კარი გავაღე და უზარმაზარი ვარდების თაიგულით დგას ბიჭი. ალბათ, 200-მდე ვარდი მაინც იქნებოდა, თუ მეტი არა. ბავშვი ყვავილებში იყო ჩაკარგული. მომაწოდა თაიგული, რომელშიც იდო პატარა კონვერტი ბარათით - "ქეთი დოლიძეს მადლიერებით, საქართველოს ქურდებისგან"...

ქეთი დოლიძე

***

ქეთი დუმბაძე: ძალიან დიდი დრო დამჭირდა ერთმანეთისგან გამეცალკევებინა - მამა და ნოდარ დუმბაძე, რომელიც ყველასი იყო. საფლავზე ახვიდოდი და იქ ვიღაც სულ იყო, ჭირისუფალი გვხვდებოდა. ნოდარის ჭირუფალი იჯდა. გვხედავდა, მაგრამ არც ფიქრობდა ამდგარიყო და წასულიყო. მთაწმინდის პარკში როცა მარხია ადამიანი, რამდენი მიდის-მოდის. მაგრამ ამას შეჩვევა დაჭირდა...

ნოდარი ყველასია...

ნოდარ დუმბაძე

ავტორი: თამარ გონგაძე

07/14/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024