კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ზურა ბურჯანაძე, რომელიც ფართე საზოგადოებამ ნეკა დოროყაშვილის ვიდეო კლიპით (Lick Me) გაიცნო, კანის კინოფესტივალზე ქართული დელეგაციის წევრი გახლდათ. ფოტოხელოვანი და ვიდეოგრაფი შეხვდა აგენტებს, არტისტებს. წითელ ხალიჩაზე ქართული ბრენდის სმოკინგებით იწონებდა თავს. ეჭირა ქლაჩი რომელიც როგორც "ზმნასთან" ინტერვიუში თქვა, სპეციალურად მისთვის შეიქმნა.
ყველაზე დასამახსოვრებელი მისთვის მაინც შონტლანდიელ მსახიობთან და მოდელთან, ტილდა სუინტონთან შეხვედრა იყო. 65 წლის ტილდა 79-ე კანის კინოფესტივალის "ოქროს პალმის რტოს" წამყვანი იყო.




ზურა ბურჯანაძე: კანის 79-ე კინოფესტივალის დელეგატებს შორის მსახიობმა გვანცა მხეიძემ ჩამსვა. ამერიკაში მცხოვრები მსახიობი მრავალი წელია ამ ფესტივალის დელეგატია. მისი წყალობით მქონდა პრივილეგია, რომ თამამად მემუშავა წითელ ხალიჩაზე და სხვადასხვა ღონისძიებებზე, პავილიონებსა და დახურულ ღონისძიებებზე, სადაც "გადავეყარე" - ენდი გარსიას, ლეონარდო დი კაპრიოს, ბელა ჰადიდის... შეხვედრა მქონდა კამერონ დიასთან, ვუდი ჰარელსონთან, კრისტენ სტიუარტთან, მარგო რობისთან...


მქონდა შეხვედრა ტილდა სუინტონთან. ძალიან მოულოდნელი იყო ეს შეხვედრა და ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. როცა ვუთხარი, რომ საქართველოდან ვარ, მაშინვე დაიწყო მოყოლა, თუ რა კარგი მოგონებები აკავშირებს საქართველოსთან, რომ უყვარს ჩვენი ხალხი, ქართული კულტურა, სამზარეულო. რახან გაიგო, რომ საქართველოდან ვიყავი, ვიგრძენი, რომ სიმპათიით განეწყო და ინტერესი გამოხატა.

უშუალო და პოზიტიური დიალოგი წარიმართა ჩვენს შორის. საოცრად მიმზიდველი ენერგეტიკა აქვს. მეტი დრო რომ გვქონოდა, უკეთ გავიცნობდით ერთმანეთს. თუმცა ყველაფერი წინ არის.
მოკითხვა დამაბარა ლანა ღოღობერიძესთან. კარგად იცნობს ქალბატონ ლანას. მათ სხვადასხვა პროექტზე უმუშავიათ. ჩვენთანაც ნამყოფია.
ჩაცმულობასთან დაკავშირებით მისგან კომპლიმენტი დავიმსახურე.

დიდი ხანია ასეთი დადებითი ემოცია არ მიმიღია.
ჩვენ აუცილებლად გვექნება თანამშრომლობა ახლო მომავალში. ის ძალიან დადებითად განეწყო ჩემს მიმართ. გავცვალეთ კონტაქტები.
ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა. ეს დღეები უამრავი სიურპრიზით იყო სავსე.

05/25/2026