კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
10 თებერვალი მხატვარ თენგიზ მირზაშვილის დაბადების დღეა. ჩუბჩიკა 92 წლის გახდებოდა...
ადრე წავიდა, 74 წლის, თანაც 1 იანვარს...
ასეთი ადამიანები არასდროს არიან საკმარისნი. თავიანთი შემოქმედებით, სულ გინდა იმედად და ნუგეშად იყვნენ. მაგრამ სამყაროს "კანონი" ასეთია - რაც კარგი და ძვირფასია - ცოტაა...
ძვირფას მხატვარს მეორე ძვირფასი ადამიანი, ფოლკლორისტი - ეთერ თათარაიძე იგონებს. მათი მეგობრობა ერთი ფერადი ზღაპარი იყო... ეთერო ლექსებს წერდა, ჩუბჩიკა ხატავდა, სახელოსნოში ჩაიდანი შიშინებდა და მხატვრის საფირმო მურაბის სურნელი იდგა... ამ მკაცრ სამყაროში ადამიანის გადარჩენა თუ რაიმეს შეუძლია, ეს მხატვრობა, პოეზია (ლიტერატურა) და მუსიკაა...
ეთერ თათარაიძე: - ჩუბჩიკას ხსენებაზე სინათლე მახსენდება. ძალიან თბილი მზე და სინათლე. არ არის დღე, მე ის არ გამახსენდეს. არც მჯერა, რომ აღარ არის. მგონია, რომ სადღაც არის წასული და შევხვდები. ასეთი შეგრძნება მაქვს გოდერძი ჩოხელზე. სულ მგონია, მოვა და შემოიჭყივლებს რაღაცას. ვახუშტი კოტეტიშვილის ხმა სულ ყურში მაქვს, მგონია, რომ რაღაცას ამოთქვამს. ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თურმე იმას, ვერ ივიწყებს ადამიანი.
ჩემი და ჩუბჩიკას მეგობრობა ჩემი პირველი შემოქმედებითი საღამოდან - 1979 წლის 14 აპრილიდან იწყება. სანამ ეს საღამო დაიწყებოდა ის და ვახუშტი კოტეტიშვილი ვნახე და გავიცანი. მას შემდეგ ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა. თავის ინტერვიუში ამბობდა, არც ერთი დღე არ არის ეთერის ლექსებზე არ ვიფიქროო. შენი ლექსების შემდეგ მე სულ სხვა ადამიანი გავხდიო... მე რატომ არ მომცა ღმერთმა ხატვის ნიჭი-მეთქი, ვეტყოდი და რას მპასუხობდა?! შენ ლექსებში ხატავო. მე ბევრ რამეს შენი ლექსებიდან ვიხატავო. რა ხარბი გამოდექი, ხატვაც მოგინდაო, მეტყოდა...

ბევრი ლექსი მაქვს მისადმი და მის ნახატების ინსპირაციით დაწერილი. მერე და მერე, მის ნახატებზე ფიქრი დავიწყე, სულ სხვანაირად ჩავუღრმავდი.
ისეთი სურნელი ტრიალებდა მის სახელსონოში, როგორი ოხშივარიც აღმოსავლური ბაზრების ნახატებიდან შეიგრძნობა. ვიხსენებ ხოლმე, რას ურევდა ერთმანეთში და ხანდახან სახლში ვამბობ, ჩუბჩიკას მურაბა უნდა მოგიხარშოთ-მეთქი. მისი მურაბები არავის მსგავსი არ იყო, ნახატს გავდა. სხვადასხვა ხილს ურევდა. კომშს და ატამს ერთმანეთში ურევდა. ლიმონის და ფორთოხლის გარეშე მურაბას არ მოხარშავდა. ციტრუსს სულ ურევდა. ყურძენს ჩააწურავდა... სქელ სიროფს იღებდა. ისეთი არომატი ჰქონდა, ვერავინ მსგავსს ვერ გააკეთებს. არც უნდა სცადოს.
როგორი უბედნიერესი დღეები მახსოვს... სახელოსნოში თავის აივანზე ხატავდა, ქვევით მე ჩემი ლექსები უნდა წამეკითხა, ამირანსაც დავალება ჰქონდა. ღუმელი ენთო... დაიძახებდა, წამევიდააა და ფრიალით ჩამოაგდებდა სველ ნახატს. ჩვენ ვიჭერდით და ვფენდით გასაშრობად.

არ ვითვლი, მაგრამ ბევრი ნახატი მაქვს მისგან. გეტყვით, რატომ არ მჯერა, რომ აღარ არის. როდესაც ძალიან ვიღლები და ცუდ ხასიათზე ვარ, ვჩქარობ, რომ მივიდე სახლში და შევხედო ჩუბჩიკას ნახატებს, მაშინვე ვწონასწორდები. ვხდები მისნაირი - არც დარდს იმჩნევდა, არც წუხილს.
ჩვეულებრივი მოკვდავი არ იყო.
მის საფლავზე როცა კი მივდივარ, მიმაქვს მისი საყვარელი კალენდულები.
თებერვალი და მისი დაბადების დღე რომ მოდის, არ მსიამოვნებს. მათ დაბადების დღის თარიღებს ვერ ვიტან, ვინც აღარ არიან, ძალიან მეძნელება. ეს დღეები სულ სხვა განწყობა მაქვს, სხვა რამეებზე ვფიქრობ.
ასევე დაგაინტერესებთ:
02/10/2026