Logo

კულტურა

"მისი ცხოვრება ერთგვარად ჰგავს საათის იმ ულამაზეს კოშკს, რომელიც თვითონ შექმნა" - რეზო გაბრიაძე 90 წლის გახდებოდა

"მისი ცხოვრება ერთგვარად ჰგავს საათის იმ ულამაზეს კოშკს, რომელიც თვითონ შექმნა" - რეზო გაბრიაძე 90 წლის გახდებოდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

რეზო გაბრიაძე 29 ივნისს 90 წლის გახდებოდა. ივნისში დაბადებული ივნისშივე შეერთო მარადისობას. ესეც მის გამორჩეულობაზე მეტყველებს თითქოს. მისმა წასვლამ განსაკუთრებული სევდა დატოვა... თითქოს "შერეკილების" ფინალური მუსიკით გადაგვიფრინა და შეგვახსენა, რომ სიყვარული და არაფერი სიყვარულის გარდა.

გენიალური რეზო გაბრიაძე დაგვრჩა კინო შედევრებში, ქუთაისურ, ცხელ ქარებიან ქუჩებში, მარიონეტების თეატრში, პოეტურ საათის კოშკში... შეგხვდებათ ყველგან, რაც მის ასოციაციას მოგიტანთ.

და რა ამაყები ვიყავით, როდესაც რამდენიმე წლის წინ "ნეთფლიქსზე" "ჰარი ჰარალე დედაო" გავიდა. ფილმი რეზო გაბრიაძის მოგონებების მიხედვით შეიქმნა. ანიმაციურ სურათში სწორედ მხატვრის ილუსტრაციებია გამოყენებული. „ნეტფლიქსზე“ განთავსების შემდეგ ქართველი რეჟისორის ნამუშევარი მსოფლიოს უმსხვილესი ინტერნეტ ტელევიზიის 70 მილიონამდე მომხმარებელმა ნახა.

***

1936 წელს ქუთაისში დაიბადა. ერთდროულად იყო მწერალი, მოქანდაკე, მხატვარი, რეჟისორი... არის 35-ზე მეტი ფილმის ავტორი. მისი სცენარებითაა გადაღებული დაუვიწყარი ფილმები: „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968), „არ იდარდო“ (1968), „ფეოლა“, „ქვევრი“ (1970), „თეთრი ქარავანი“ (1972), „შერეკილები“ (1973), „მიმინო“ (1977), „ქინ-ძაძა“ (1986) და სხვ. დაწერილი აქვს მოთხრობები და რომანი „ქუთაისი ქალაქია“. 

წერდა ქუთაისზე, თბილისზე, თუმცა ისეთ ჭრილში, რომ მის პერსონაჟებს ჩვენი პლანეტის ნებისმიერ წერტილში აცხოვრებ და იქაურიც გეგონება. 

რეზო გაბრიაძე

"მე თბილისის ყველაზე კოლორიტული ფიგურები ამოვარჩიე და იმ დროისათვის ჩემთვის უცნობ პარიზში გადავასახლე. ზოგი პერსონაჟი პირდაპირ ვირის ბაზრიდან აღმოჩნდა პარიზში და საკუთარი ინტრიგები ჩაიტანა", - ასე წერდა თავად.

მისი მარიონეტების თეატრის სცენიდან გმირები - თოჯინები დიდების სათქმელს ამბობენ. 80 კაცზე განკუთვნილი თეატრი ძველ თბილისში 1981 წელს დააარსა. მარიონეტულ სპექტაკლებში როლებს ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავები ახმოვანებენ: ვერიკო ანჯაფარიძე, მედეა ჯაფარიძე, რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი, და სხვა.

ო, რა მარტივი ჭეშმარიტება და გენიალურია ფილმებში მიმობნეული მისი ფრაზები... წლები გადის, ჩვენ კი ამ შესისხლხორცებულ ფრაზებს, ვიმეორებთ და არ გვბეზრდება. გაბრიაძე ჩვენი ესთეტიკაა... ჩვენი სული, გული და  არსია.

მარიონეტების თეატრი

ბედნიერებაა გყავდეს გაბრიაძე. 

"ასეთი მრავალმხრივი და უნიკალური ნიჭის ესთეტი არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც იშვიათად იქნება: რეჟისორი, მხატვარი, მუსიკალური გამფორმებელი, გრაფიკოსი, კერამიკოსი, სკულპტორი, წიგნების ილუსტრაციათა ავტორი, მარიონეტების თეატრის ხელმძღვანელი... მისი ცხოვრება ერთგვარად ჰგავს საათის იმ ულამაზეს კოშკს, რომელიც თვითონ შექმნა მარიონეტების თეატრის გვერდით. ეს საათი მარადისობის მკვიდრი ბატონი რეზოსთვის უკვე სამუდამოდ გაჩერდა" - ამბობდა ამ გენიაზე პატრიარქი. 

ავტორი: თამარ გონგაძე

06/26/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024