Logo

საზოგადოება

"მითხრეს, რომ სასტიკად დავისჯებოდით" - ამირან არაბული 1978 წლის 14 აპრილს იხსენებს

"მითხრეს, რომ სასტიკად დავისჯებოდით" - ამირან არაბული 1978 წლის 14 აპრილს იხსენებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

14 აპრილს საქართველო დედა ენის დღეს აღნიშნავს. 48 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი, წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციაში შესულიყო ცვლილება, რომლის მიხედვით, ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს. უნივერსიტეტიდან დაძრული სტუდენტების (და არა მხოლოდ მათმა) პროტესტმა, საბჭოთა რეჟიმს უკან დაახევინა.

ამირან არაბული "ზმნას"-თან 1978 წლის 14 აპრილს იხსენებს.

ამირან არაბული: ეს, ქართული ენის ისტორიაში, იყო ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი დღე. როცა საკითხი მამულსა და ენას ეხება, იქ ყოველი გონიერი გავგადადებული მამულიშვილი ხდება.

იმ დღის პერიპეტიები ბევრისთვის ცნობილია, ვინც ამაში მონაწილეობდა ან ასაკი უწყობდა ხელს. მთელი სტუდენტობა, ახალგაზრდობა ამ მოვლენის ეპიცენტრში აღმოჩნდა. მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ მონაწილეობდა ამაში. სტუდენტები მოდიოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტიდან, სამედიცინო ინსტიტუტიდან, ვინ საიდან, ამის გარკვევა ძნელი იყო. ზვირთდებოდა სტუდენტთა ტალღა.

მე მაშინ ვამთავრებდი უნივერსიტეტს, ფილოლოგიის ფაკულტეტს. რვა წელი სტუდქალაქში ვცხოვრობდი. სტაჟიანი სტუდქალაქელი ვარ. მთელი საქართველოს მიკროხატი იყო მაშინდელი სტუდქალაქი. იქედან მთელი სტუდენტობა, როგორც ნაკადული, ისე დაიძრა. შეგროვდა ვარაზისხევში, უნივერსიტეტთან.

ქართული ენის სტატუსის დაკარგვა დიდ ტრაგედიად დააჩნდებოდა საქართველოს ისტორიას. საკითხი იხილებოდა ცეკავშირში, მოსკოვიდან ელოდებოდნენ პასუხს. სრულიად საპირისპირო პოზიციაზე იდგნენ ხელისუფალი და სტუდენტები. თუმცა უმეტესობა თანაგანცდით იყვნენ ჩვენს მიმართ გამსჭვალულნი.

გავიარეთ მელიქიშვილი, რუსთაველი და ვუახლოვდებოდით სასტუმრო "თბილისს". სტუდენტების დინება ძალას იკრებდა და მთიდან დაშვებულ ზვავს ემსგავსებოდა.

მე წინა რიგებში ვიდექი. მოვიდა უშიშროების სამსახურის უფროსი ალექსი ინაური და კულტურის მინისტრი ოთარ თაქთაქიშვილი და არ ვიცი, მე რატომ გამომარჩიეს, მეუბნებოდნენ, რომ არ გამოვიდოდა ჩვენი მიზნების განხორციელება და რომ სასტიკად დავისჯებოდით. არ შევეპუე. უკან ხალხის ნაკადი იყო მომწყდარი. ჩვენგან გამორიცხული იყო ქართული ენის სტატუსის დათმობა. გავიდა ორი საათი და მოსკოვიდან მოვიდა ბრძანება, რომ ქართული ენა ისევ დარჩებოდა სახელმწიფო ენის სტატუსით.

- არ შეშინდით მთის ადამიანი.

- ალბათ, ესეც არის. გულუბრყვილო დამოკიდებულება მქონდა ამ ამბებისადმი, მეგონა, არაფერი მოხდებოდა.

ამ ამბიდან ერთი კვირის თავზე აღდგომა იყო. ლიტანიობის ღამეს სიონის ტაძარში ვათენებდი. შუაღამის სამ საათზე მე და ჩემი ბიძაშვილი, მსახიობი მზია არაბული ტაძრის ეზოში გამოვედით და ვსაუბრობდით ორი შავქურთუკიანი რომ მოვიდა, ხელი მომკიდეს და წამიყვანეს. სად წამიყვანეს დღემდე არ ვიცი, რა შენობა იყო.

ისინი სულ აკვირდებოდნენ ხალხს, ვინ შედიოდა და ვინ გამოდიოდა ტაძრიდან.

თბილისის მილიციის სამმართველოს უფროსი ჯიმი მიქელაძე იყო. თავის კაბინეტში შემიყვნა და დაკითხვა, დამუნათება და დაშინება დამიწყო. სტუდენტები გზას ხართ აცდენილი, არ უნდა ესწრებოდეთ მიტინგებს და ასეთ გამოსვლებს, თორემ ინანებთო. კაბინეტში ედო უნივერსიტეტის გაზეთი, რომელიც გადაშლილი იყო ტარიელ ხარხელაურის ფოტოიან გვერდზე (კარგი ფოტოა, შავთეთრი, სანთლით ხელშია ტარიელი). აი, რა თემაზე ელაპარაკებიან მკითხველსო. ჩამოეთრევიან თქვენისთანები და ქალაქს აფუჭებენო, მითხრა. მაშინ უნივერსიტეტის მდივანი იყო ვაჟა ლორთქიფანიძე, რომელიც მოვიდა დილის 6-7 საათზე და ჩემი თავი დადებითად დაუხასიათა მიქელაძეს. ვაჟა რომ არ მოსულიყო, მკაცრ სასჯელს მივიღებდი. და ამ საუბრის შემდეგ, თავისი მანქანით სახლში მიმიყვანეს.

- ამ ფაქტის შემდეგ ტაძარში სიარულს ერიდებოდით?

- არა, ისეთივე ინტენსივობით ვაგრძელებდი ტაძრებში და მონასტრებში სიარულს, როგორც მანამდე. დიდად არ შევუშინებივარ მათ მუქარას. აი, რა მდგომარეობაში ვიყავით - იქით მთვარობა და აქეთ ჩვენ, ჩვენი ღირსებისა და ნიჭის ამარა.

- დღევანდელ ქართულ ენაში ბევრი სლენგი და ბარბარიზმია. ამას მწვავედ განიცდით, ალბათ.

- ძალიან ბევრი ბარბარიზმია ენაში. ზომაზე მეტად ბევრი. მე ორი წიგნი გამოვეცი ენის სამყაროზე, სადაც ამ პრობლემას ვეხები. ცუდ დღეშია ქართული ენა. კვალიფიციური სპეციალისტები მისი ბალასტისგან გაწმენდას ვერ აუდიან. ლამის დაკანონდა ბევრი ნეგატიური რამ ჩვენს ენაში. ამგვარი გამოვლიბების წინააღმდეგ ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. ჩვენს საქმეს ვერავინ გააკეთებს.

მიხეილ ჯავახიშვილი ამბობდა, მე ჩემი ქცევით ქართული ენა დავაგონჯე, მაგრამ მერე ეს ყველაფერი გამოვასწორეო. ასეთი რანგის მწერალი რომ საკუთარ თავს დაადანაშაულებს და აღიარებს იმას, რაშიც ბრალი სულაც არ ედო, ეს ბევრ რამეზე მიანიშნებს.

ავტორი: თამარ გონგაძე

04/14/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024