Logo

კულტურა

"მიყვარხარ, ლევან! შენ ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქეცი" - გაიცანით პატარა ბიჭი, რომელიც ლევან აბაშიძეზე წიგნს წერს

"მიყვარხარ, ლევან! შენ ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქეცი" - გაიცანით პატარა ბიჭი, რომელიც ლევან აბაშიძეზე წიგნს წერს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ლევან აბაშიძის ხსენებისას თვალწინ - სიმპათიური, პრინციპული და სამშობლოზე შეყვარებული მსახიობი დგას; მუდამ რომ 29 წლისაა, წასვლიდან 34 წლის შემდეგაც...

ახლა ლევანზე წიგნი მზადდება. საოცარი კი ამ ფაქტში ის არის, რომ მას არა მისი თანამედროვე, არამედ 18 წლის ზურაბ ხალვაში წერს.

ფიქრობ, რა ქარიზმა და მიმზიდველობა ჰქონდა ლევანს ასეთი... როგორ უნდა მოახერხო იმდენი, რომ სრულიად ახალი თაობის ადამიანს, შენზე წიგნის გაკეთების სურვილი გაუჩინო? თან მარადისობაში ამდენხიანი წასვლის შემდეგ... ამ მისტიკის დატრიალება, რჩეულს თუ შეუძლია. ლევანი რჩეული ნამდვილად იყო...

"ზმნა"გაგაცნობთ ზურაბ ხალვაშს, რომელიც ჩვენმა დაინტერესებამ ძალიან გააბედნიერა.

ზურაბს კი გიო მგელაძის ამ პოსტით მივაგენი: "ეს ფოტო გამომიგზავნა ზურაბ ხალვაშმა, რომელიც ლევანზე აკეთებს სრულიად ფანტასტიკურ წიგნს."

გიო მგელაძე

ჰოდა, სიტყვა "ფანტასტიკურს" მაგრად მოვეჭიდე და ეს ბიჭი ვიპოვე.

ზურაბ ხალვაში: მე ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, რომელიც ახლა იწყებს საკუთარი გზის ძიებას ხელოვნებასა და ცხოვრებაში. ჩემთვის ხელოვნება — პოეზია, კინო თუ მუსიკა, ერთგვარი სამოთხეა, სადაც თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ.

ხშირად მეკითხებიან: „ვინ არის ზურაბ ხალვაში?“ სიმართლე გითხრათ, ამაზე პასუხისას სულ მეღიმება. საკუთარ თავზე საუბარი რთულია. ყოველ დილით, მეც ამ კითხვას ვუსვამ ჩემს თავს.

ალბათ, პირველ რიგში, ვარ ადამიანი, რომელსაც უსაზღვროდ უყვარს თავისი ქვეყანა და ხალხი. დღეს, 18 წლის ასაკში, მე ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი ქალაქისა და იმ გარემოს შედეგი, სადაც გავიზარდე. ჯერ კიდევ თვითგანვითარების გზაზე ვდგავარ და საკუთარ თავთან უამრავი შეკითხვა და შენიშვნა მაქვს.

ვფიქრობ, არაფრით ვარ გამორჩეული, გარდა იმისა, რომ სიგიჟემდე მიყვარს ჩემი მომავალი პროფესია. მჯერა, რომ როდესაც ხელოვნებაში ჩემს ადგილს ვიპოვი, ხალხი თავად იტყვის, ვინ ვარ.

მჯერა, რომ მთავარი შრომაა. ნიჭი კარგია, მაგრამ შრომის გარეშე, ის ვერაფერს გახდება — ეს ორი რამ მუდამ ერთად უნდა მოდიოდეს. თუ საკუთარ თავზე მუშაობას არ შეწყვეტ, ყველაფერი გამოგივა. ჩემთვის ამ ძიებისა და შრომის გარეშე ცხოვრება უბრალოდ აზრს კარგავს.

ჩემი ყველაზე დიდი ოცნება კი ისაა, რომ წლების შემდეგ, როცა დამინახავენ ან დამელაპარაკებიან, უბრალოდ თქვან: „შეხედეთ, ეს ნამდვილი ქართველია“.

თუ ამას მივაღწევ, ჩემთვის ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი იქნება.

- ზურაბ, ახლა შეჭიდებული ხარ ერთ საინტერესო საქმეს, პროექტს — ეს არის წიგნი ლევან აბაშიძეზე. როგორ და რატომ გადაწყვიტე ამ პატრიოტ მსახიობზე წიგნის გაკეთება?

- ლევან აბაშიძეს ხშირად „ქართველ ჟერარ ფილიპს“ უწოდებენ, თუმცა ჩემთვის ის გაცილებით მეტია. ბედნიერებაა, რომ ჩვენს ქვეყანას ასეთი ადამიანი ჰყავდა და, რაც მთავარია, კვლავ ჰყავს. ლევანზე წარსულ დროში საუბარი არ შემიძლია; ის დღესაც ჩვენთანაა თავისი ვაჟკაცობით, ღირსებითა და იმ საოცარი სინათლით, რომელსაც ასხივებდა.

მან სულ რაღაც 29 წელი იცხოვრა, მაგრამ ეს წლები ქართული კინოსთვის და მთელი ქვეყნისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა. ლევანი ჩემთვის სითბოსა და სიკეთის განსახიერებაა — ადამიანი, რომელმაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირა საქართველოს თავისუფლებას.

ლევან აბაშიძე

სწორედ ამ დიდმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა, დამეწერა წიგნი — „მოგონებები ლევანზე“. მინდოდა, ჩემს თაობას უკეთ გაეცნო ბიჭი, რომელიც აფხაზეთის ომში გმირულად დაეცა. სანამ იარსებებს საქართველო და ქართული კინო, ლევან აბაშიძის სახელიც მუდამ იცოცხლებს.

ეს წიგნი სამშობლოს სიყვარულზეა, იმ მეომრების თავდადებაზეა, ვინც იბრძოდა, და ყველაზე მეტად — თავად ლევანზეა, რომელიც ჩემთვის მუდამ დარჩება სილამაზისა და ერთგულების მაგალითად.

ლევან აბაშიძე ნამდვილი ეროვნული გმირია, მისი კინემატოგრაფია კი — სრულიად გამორჩეული სამყარო. როცა ამ წიგნზე მუშაობა დავიწყე, სწორედ მისი როლები დამეხმარა: „ანემია“, „ფესვები“, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“...

ლევან აბაშიძე

განსაკუთრებით მიყვარს „ფესვები“. ის კადრი, სადაც ლევანის გმირს, პაპის ფერფლი საქართველოში ჩამოაქვს და ბაქანზე მდგარ ხალხს გადაჰყურებს, ჩემთვის დაუვიწყარია. იმ მომენტში მის სახეზე რაღაც მზიური და არამიწიერი სინათლე ჩანს.

თუმცა, ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება გიო მგელაძის ფილმმა — „არა, მეგობარომ“ მოახდინა. იქ არის ერთი გენიალური სცენა, სადაც პატარა ნუცა ლევანს ეუბნება: „გუშინ პატარა პრინცი დამესიზმრაო“. ლევანიც სწორედ ასეთი იყო — შინაგანად სუფთა და ნათელი. ფილმის ფინალში, როცა ის ნუცას ეუბნება: „მე შენს გარდა ვერავინ მხედავსო“, მთელი მათი მეგობრობის არსი ჩანს.

ეს ფილმი ლევანის ცხოვრების ერთგვარი პროტოტიპია. ყველაფერთან ერთად, სწორედ ამ შედევრმა და გიო მგელაძის შემოქმედებამ მიბიძგა, დამეწერა ეს წიგნი. მადლობელი ვარ გიოსი იმისთვის, რომ შექმნა ეპოქალური კინო, რომელმაც ჩემს გადაწყვეტილებაზე ასეთი დიდი გავლენა მოახდინა.

ამ წიგნს მხოლოდ მე არ ვწერ — მას ვწერთ ყველანი, ვისაც ლევანი გვიყვარს.

წიგნში „მოგონებები ლევანზე“ თავმოყრილია ყველა ის ძვირფასი ამბავი, რაც მას უკვდავყოფს. აქ შეხვდებით მისი მეგობრების, კლასელების, მსახიობებისა და რეჟისორების ემოციურ ნაამბობს. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დედის, ქალბატონი მანანა ხიდაშელის გულახდილ საუბარს და მიკაელა სტრიმბეანუს მოგონებებს — ქალის, რომელიც ლევანს ასე ძალიან უყვარდა.

ლევან აბაშიძე

წიგნში იხილავთ კინომცოდნეების ანალიზს, ლევანის ინტერვიუებსა და მონოლოგებს ფილმებიდან. მკითხველი აღმოაჩენს უამრავ ახალ, სახალისო თუ სევდიან თავგადასავალს, რაც აქამდე არსად თქმულა.

ამ წიგნზე მუშაობისას ხშირად ცრემლებს ვერ ვიკავებდი. მეგობრების მონათხრობიდან კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ლევანი ყველგან ვაჟკაცი იყო — ეკრანზეც და ცხოვრებაშიც. მან გვასწავლა მთავარი: როგორ შევინარჩუნოთ ღირსება და როგორ გვიყვარდეს სამშობლო თავგანწირვამდე.

მისი ცხოვრება ჰგავდა სცენარს, სადაც მთავარი გმირი არასოდეს მარცხდება, რადგან სიყვარული სიკვდილზე ძლიერია. სანამ იარსებებს კინო და სანამ ადამიანებს მეგობრობის ფასი ეცოდინებათ, ლევან აბაშიძე მუდამ ჩვენთან იქნება.

ლევან აბაშიძე

ჩემს წიგნში შეხვდებით ნამდვილ ცოცხალ ლეგენდებს — ადამიანებს, ვის თვალწინაც ლევანი გაიზარდა და ვისაც ის საოცრად უყვარდა. რა თქმა უნდა ბევრი ცნობილი მსახიობი და რეჟისორია, თუმცა მათ ვინაობას ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ. მინდა, ეს მკითხველისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყოს. ასე რომ, წინ ბევრი სიახლე გველოდება!

- მის უკანასკნელ სიყვარულთან - მიკასთანაც ხომ არ ჩაგიწერია ინტერვიუ?

- წიგნში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა მიკაელა სტრიმბეანუსთან ინტერვიუს. მოლდოველი გოგონა, რომელიც თბილისში ჩამოვიდა, თეატრალურში ჩააბარა და ლევანის გული მოიგო. მაშინ ამბობდნენ, რომ ყველა ქართველ გოგოს უყვარდა ლევანი და უცებ გამოჩნდა მიკა, რომელმაც ის ყველას „ააცალა“. ამის გამო ბევრს შურდა მისი, მაგრამ მათი სიყვარული იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ყველანაირი დაბრკოლება გადალახეს.

ლევანს ხშირად „ვეფხისტყაოსნის“ გმირებს ვადარებ — მასში იყო ტარიელისა და ავთანდილის ისეთივე რაინდობა და თავდადება. მასაც ისე გამორჩეულად და თავდავიწყებით უყვარდა თავისი მიკა, როგორც რუსთაველის პერსონაჟებს. მათი გრძნობა მოწმენდილ ცაზე მზისა და მთვარის ერთად ამოსვლას ჰგავდა — ასეთივე ნათელი და სუფთა იყო.

არ შემიძლია, განსაკუთრებული სიტყვებით არ შევამკო მიკა. ის არის ადამიანი, რომლის გაცნობაც ერთი დიდი საჩუქარია. მიკა ჩემთვის ნამდვილი ლეგენდაა — საოცრად ძლიერი, მტკიცე და, ამავდროულად, საოცარი ადამიანი. მასში არის ისეთი შინაგანი კეთილშობილება, რომ შეუძლებელია, ერთხელ მაინც დაელაპარაკო და არ მოიხიბლო.

ის თავად არის პიროვნება, რომელმაც შეძლო და უცხო ქვეყანაში, სრულიად ახალ გარემოში, საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა. მისი პროფესიონალიზმი და ხელოვნებისადმი დამოკიდებულება სამაგალითოა. ის დღემდე ისეთივე ერთგულებითა და სითბოთი ინახავს ლევანის ხსოვნას, როგორც ეს მხოლოდ ნამდვილ, თავდადებულ ადამიანებს შეუძლიათ.

ლევან აბაშიძე

როცა მიკას ვესაუბრები, ყოველთვის ვგრძნობ მის კეთილშობილებას. ის ისეთი საოცარი ადამიანია, რომ გასაკვირი სულაც არ არის, რატომ შეუყვარდა ლევანს ასე გამორჩეულად. მიკა არის ქალი, რომელმაც იცის სიყვარულისა და მეგობრობის ფასი, და სწორედ ამიტომ, ის მუდამ დარჩება ჩემს თვალში სიძლიერისა და მშვენიერების განსახიერებად.

მკითხველი მათ სიყვარულზე ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებს. ეს იქნება მოგონებები, სადაც სევდა და სიხარული ერთმანეთშია არეული — ისევე, როგორც თავად ცხოვრებაში.

- ლევანის დედამ, ქალბატონმა მანანამ ლევანზე დაწერილი წიგნი გაჩუქა, მგონი, არა?

- ჩემთვის უდიდესი ჯილდოა ქალბატონ მანანა ხიდაშელის, ლევანის დედის გაცნობა. იშვიათად შემხვედრია ასეთი ძლიერი და ღირსეული ქალი. სწორედ მანაც უდიდესი გავლენა იქონია იმაზე, რომ დღეს ლევან აბაშიძეზე ვწერ. მინდა, დიდხანს და ჯანმრთელად გვყავდეს.

ქალბატონი მანანა ჩემთვის მხოლოდ ლევანის დედა არ არის — ის არის მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქართველი ქალი. მასში საოცრად არის შერწყმული უდიდესი ტკივილი და ამავდროულად, საოცარი სიმტკიცე. როდესაც მას ვუყურებ, ვხვდები, საიდან ჰქონდა ლევანს ის გამორჩეული რაინდობა და სულის სისუფთავე — ის ხომ სწორედ ამ ქალბატონის გაზრდილია.

ლევან აბაშიძე

2020 წელს გამოცემული ლევანის ფოტოალბომი ჩემთვის ნამდვილი რელიქვიაა. მასთან ერთად მან სხვა ძვირფასი გამოცემებიც გადმომცა, რომლებიც ჩემს ბიბლიოთეკაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ქალბატონი მანანას ამაგს ვერასდროს გადავიხდი, ის ჩემთვის სიკეთის ამოუწურავი წყაროა.

მისი მონაყოლიდან ერთი ეპიზოდი მუდამ მემახსოვრება. როცა ომში მიდიოდა, ლევანს დედისთვის უთქვამს: „დედა, რა დროს კინოა, იქ ბიჭებს დედები არ ჰყავთ? მთელი ჩემი სამეგობრო იქაა და მეც მათთან უნდა ვიყოო“. ადგა და წავიდა... წავიდა და სამშობლოს შესწირა თავი.

მისი თვალებიდან მხოლოდ სიკეთე იღვრება. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებამ უმძიმესი გამოცდა არგუნა, მან შეძლო, გულში ბოღმა კი არ ჩაედო, არამედ მთელი თავისი სიყვარული გარშემომყოფებისთვის დაერიგებინა. ის არის ადამიანი-სინათლე, რომელიც ჩემს ცხოვრებაში სრულიად უანგაროდ შემოვიდა და გზა დამილოცა.

ლევანი ჩემთვის ლადო ასათიანის პოეზიასავითაა — ვაჟკაცური, მართალი და უკვდავი. ქალბატონმა მანანამ საქართველო დალოცა, როცა ასეთი შვილი გაუზარდა ქვეყანას. ლევანი არსად წასულა, ის ჩვენთანაა.

მადლობა მას, რომ ასეთი გმირი შვილი აჩუქა ქვეყანას და მადლობა იმისთვის, რომ დღეს მეც ისეთივე სითბოთი მიმიღო, როგორც საკუთარი შვილი. მისი სიყვარული ჩემი ყველაზე დიდი ჯილდოა, რომ ეს წიგნი ბოლომდე მივიყვანო.

- დაუსრულებლად საუბრობ ლევანზე...

- ასეა, რადგან მან შეძლო გამხდარიყო საკუთარი ქვეყნის ერთგულების სიმბოლო.

ამბობენ, რომ „სიკვდილი მხოლოდ მაშინ არის საშიში, როცა შენს შემდეგ არაფერი რჩებაო“. ლევანმა კი დატოვა ყველაზე მთავარი — სიყვარული და თავგანწირვის მაგალითი. მისი ცხოვრება გვახსენებს, რომ ნამდვილი უკვდავება არა ფიზიკურ არსებობაში, არამედ იმ სინათლეშია, რომელიც ადამიანის წასვლის შემდეგაც ათბობს სხვებს. მან იცხოვრა მცირე ხანს, მაგრამ იცხოვრა „მაღლა და სრულად“, როგორც ნამდვილ ხელოვანსა და მეომარს შეეფერებოდა.

ლევან აბაშიძე

ამ წიგნს, რა თქმა უნდა, ყველანი ერთად ვქმნით: ლევანის მეგობრები, დედა, მე და ყველა ის ადამიანი, ვისაც ის უყვარდა. სწორედ მათი დახმარებით ვაცოცხლებთ იმ ტკბილ თუ სევდიან ისტორიებს, რომლებიც ლევანის სახელს უკავშირდება. მჯერა, რომ ყველაფერი ძალიან საინტერესოდ გამოვა და მკითხველი ჩვენთან ერთად იმოგზაურებს ლევანის დაუვიწყარ და თავგადასავლებით სავსე ცხოვრებაში.

- ზურაბ, დიდ ხელოვანებთან ვურთიერთობო, თქვი და ამ კავშირს მეგობრობასაც კი უწოდებ. შენს ასაკში, რა გზით მოახერხე არტისტებთან დაახლოება?

- ხელოვნების სიყვარულით ბავშვობიდანვე „ვიკვებები“. მახსოვს, სხვანაირი ბავშვი ვიყავი - არა ვინმეზე უკეთესი, უბრალოდ, სულ სხვა ინტერესები მქონდა.

მაშინ, როცა ჩემს თანატოლებს კომპიუტერები ჰქონდათ, მე ეს „ბედნიერება“ არ მქონია. მაშინ ამას განვიცდიდი, მაგრამ დღეს ვხვდები, რომ ყველაზე იღბლიანი სწორედ მე ვიყავი. კომპიუტერის ნაცვლად, ტელევიზორი და DVD-საკრავი მქონდა. მთელ დღეებს ქართული ფილმების ყურებაში ვატარებდი: „მაგდანას ლურჯა“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „ფესვები“, „დათა თუთაშხია“… „როცა აყვავდა ნუში“, „დიდი მწვანე ველი“, „გიორგობის თვე“, „შერეკილები “, „იყო შაშვი მგალობელი“ — ეს არასრული ჩამონათვალია, იმ ფილმებისა.

ჩემი ურთიერთობა დიდ ხელოვანებთან მაშინ დაიწყო — ეკრანიდან, თვალებით. ამ ჯადოსნურ სამყაროში გავიზარდე.

მოგვიანებით კი, როცა წამოვიზარდე, ბავშვობის ოცნებები რეალობად იქცა: ის ადამიანები, ვისაც ეკრანიდან შევციცინებდი, ჩემი ცხოვრების მეგობრები და მასწავლებლები გახდნენ. დღეს მაქვს ბედნიერება, ახლო ურთიერთობა მქონდეს რეჟისორებთან, მსახიობებთან, მწერლებთან და კომპოზიტორებთან — ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრეა.

მინდა გიამბოთ ერთ შეხვედრაზე, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. 17 წლის ვიყავი, როცა ჩემი რუბრიკა - „შეხვედრა ხელოვანებთან“ დავაარსე. მაშინ ყველაფერს თავიდან ვიწყებდი: ვიყავი ბიჭი, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა ჟურნალისტიკა და ხელოვნება.

ზურაბ ხალვაში

ჩემი ერთ-ერთი პირველი სტუმარი სწორედ ბატონი ელდარ შენგელაია გახდა. ის და მისი მეუღლე, ქალბატონი ნელი, ქობულეთში ისვენებდნენ. კარგად მახსოვს ის დღე, როცა მასთან შესახვედრად ჩავედი. სიხარულისგან ადგილს ვერ ვპოულობდი — ჩემ წინაშე იდგა ადამიანი, რომლის ფილმებზეც გავიზარდე.

91 წლის ლეგენდარულ რეჟისორს საათობით ვუსმენდი. ის მიყვებოდა თავის ცხოვრებაზე, იმაზე, თუ როგორ იქმნებოდა ქართული კინო. ეს იყო ჯადოსნური საუბარი, რომლის დასრულებაც არ მინდოდა.

არასდროს დამავიწყდება, როგორ მომილოცა 18 წლის იუბილე. მისგან გამოგზავნილ ბარათს, დღესაც განსაკუთრებული მოფერებით ვინახავ. მისი წასვლით დიდი ეპოქა დასრულდა, მაგრამ ჩემთვის ის შეხვედრა სამუდამო შთაგონებად დარჩება.

ელდარ შენგელაია

ჩემს ცხოვრებაში არაერთი ლეგენდარული ხელოვანი გამოჩნდა. ერთ-ერთი ასეთი რობერტ სტურუაა. პირველად ბათუმის თეატრში შევხვდი და მაშინვე გამიჩნდა ოცნება — მისი სპექტაკლი მენახა. ეს სურვილი მალევე ამიხდა: შემდეგ წელს ბათუმში რუსთაველის თეატრი ჩამოვიდა და „მიჯაჭვული პრომეთე“ ვნახე. დაუვიწყარი განცდა იყო კიდევ ერთხელ გასაუბრება რეჟისორთან, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა.

ზურაბ ხალვაში

ბედნიერმა შემთხვევამ ნანი ბრეგვაძე გამაცნო. ჩვენი პირველი შეხვედრა ბათუმში, თეატრში, რეპეტიციაზე მოხდა — ბიძინა კვერნაძის 90 წლის იუბილეზე, როდესაც მისი ხსოვნის საღამო იმართებოდა. ის კადრი, როცა ნანი დარბაზში შემოდის, ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება.

ზურაბ ხალვაში

ნანული აბესაძე, ჟანრი ლოლაშვილი, იმედა კახიანი, გიული ჩოხელი — ბედნიერი ვარ, რომ მათ შევხვდი და მათთან სამახსოვრო ინტერვიუებიც გავაკეთე;

ზურაბ ხალვაში

ეს ჩემთვის დიდი სიხარულია. სერგო ორჯონიკიძე — კაცი, რომელმაც ყველა ჩვენგანისთვის საყვარელი ზურიკელა გააცოცხლა.

ზურაბ ხალვაში

განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში კირა ანდრონიკაშვილს უჭირავს. ის ჩემი დედობილია — ქართული სილამაზის ნამდვილი სიმბოლო და ემბლემა. მასთან ყოველი ურთიერთობა ერთი დიდი სიამოვნებაა.

კირა ანდრონიკაშვილი

არ მინდა ვინმე გამომრჩეს, რადგან სწორედ ამ ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი კულტურა. მათი კვალი წარუშლელია და ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ამ ეპოქაში ვცხოვრობ.

ჩემთვის ეს პროცესი არ სრულდება — ყოველი დღე ახალი ხელოვანის გაცნობა და ახალი აღმოჩენაა. ეს არის გზა, რომელიც ჩემი ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდება, როგორც ერთი დიდი და ჯადოსნური ზღაპარი.

ზურაბ ხალვაში

- როგორც ვიცი, განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდა რეჟისორთან - მედეა კუჭუხიძესთან და უკანასკნელი ინტერვიუც შენ მოგცა. როგორ გაიხსენებ ამ შეხვედრას?

- დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ქალბატონი მედეა კუჭუხიძე ჩემთვის ის ძვირფასი ადამიანია, რომელმაც წარმატებისკენ მიმავალი გზა დამანახა.

ეს მოგონება ჩემთვის ჯადოსნურია, რადგან სწორედ მან მომცა ის მთავარი გასაღები, რომლითაც ხელოვნების სამყაროში პირველი ნაბიჯები გადავდგი.

ეს შეხვედრა 2025 წლის 4 იანვარს შედგა. ბედნიერი ვარ, რომ ეს დღე ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის დაბადების დღეს დაემთხვა, რამაც ჩემი ემოცია კიდევ უფრო გააბედნიერა. იმ დღეს ქალბატონმა მედეამ მართლაც ჯადოსნური და ისტორიული საუბარი მაჩუქა.

ჩვენი საუბარი ერთდროულად სიხარულითაც იყო სავსე და სევდითაც. მტკიოდა იმის გააზრება, რომ ის თავის საყვარელ პროფესიას ნაადრევად ჩამოაშორეს. მიყვებოდა თეატრზე, სპექტაკლებზე, ანა კარენინაზე...

ერთი რამ მითხრა, რაც გულში ჩამრჩა: „ბავშვობიდან თავის ტკივილი მაწუხებს და მხოლოდ სამ ადგილას მავიწყდებოდა ეს ტკივილი — ზღვაში ბანაობისას, თვითმფრინავით ფრენისას და თეატრში სპექტაკლის დადგმისას. დღეს კი არცერთი აღარ დამრჩაო.“ წარმოუდგენელია, ადამიანმა ასე დაკარგოს ყველაფერი, რაც უყვარს, მაგრამ ქალბატონი მედეა იყო ამ ყველაფრის განსახიერება.

ინტერვიუს ბოლოს ძალიან ბედნიერი იყო, რომ მისი სახელი გაიხსენა ბიჭმა, რომელმაც საოცრად აფასებდა მის შემოქმედებას. დამშვიდობებისას შევპირდი: „თბილისში რომ ჩამოვალ, აუცილებლად გინახულებთ-მეთქი.“

„ჩამოდით და ბევრ საინტერესო რამეს გაჩვენებთო,“ — მიპასუხა. სამწუხაროდ, ეს შეხვედრა აღარ შედგა. ამ ინტერვიუდან ერთი თვის თავზე, 87 წლის ასაკში, ქალბატონი მედეა კუჭუხიძე გარდაიცვალა. აღმოჩნდა, რომ ჩემი ინტერვიუ მისთვის უკანასკნელი იყო. მაშინვე ჩანაწერს მივაკითხე. სულ სხვანაირი სევდით ვუსმენდი... ადამიანს, რომელსაც მხოლოდ სიცოცხლეღა დარჩენოდა, ისიც წაერთვა. თუმცა, ასეთია წუთისოფელი — ყველანი მარადიულობისკენ მივდივართ და ალბათ, იქ ისევ შევხვდებით.

ამ ინტერვიუს საოცარი გამოხმაურება მოჰყვა. სწორედ ამ ამბავმა მიმიყვანა პირველად მარჯანიშვილის თეატრში. მახსოვს, ბატონმა გივი ჩუგუაშვილმა ხელი მომკიდა და მსახიობებს წარუდგინა ჩემი თავი: „ვიპოვეთ ახალგაზრდა ხელოვანი, ვისაც ბოლო ინტერვიუ ჩაპეკის დედის რეჟისორთან აქვსო“ — და ასე აღმოვჩნდი მარჯანიშვილის თეატრში.

ასე აღმოვჩნდი სცენაზე, ლეგენდარული დასის წინაშე: დათო დვალიშვილი, გია ბურჯანაძე, ია შუღლიაშვილი, ქეთი ჩხეიძე... ბატონმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა სიტყვით გამოსვლის საშუალება მომცა. ჩემი ჩანაწერი საჩუქრად გადავეცი თეატრის მუზეუმს.

ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი და, ამავდროულად, სევდიანი დღე. ბედნიერი იმიტომ, რომ თეატრის დიდი ოჯახის სტუმარი გავხდი; სევდიანი კი იმიტომ, რომ ვემშვიდობებოდი დიდ რეჟისორს, რომელმაც ჩემი ცხოვრების გზა დამილოცა.

ზურაბ ხალვაში

იმ დღეს კიდევ ერთი ოცნება ამიხდა: პირისპირ შევხვდი საუკუნის რეჟისორს, ბატონ მერაბ კოკოჩაშვილს. მანამდე მხოლოდ ტელეფონით ვიცნობდით ერთმანეთს. მისი სიტყვები დღემდე მახსოვს: „ბედნიერი ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს პირისპირ შევხვდით“. გადავეხვიეთ ერთმანეთს და ეს ჩემი ცხოვრების კიდევ ერთ დიდ თავგადასავლად იქცა.

სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა ვთქვი, რომ ჩემი ცხოვრება ძიებაა. ამ შეხვედრებისთვის და იმ წარმატებისთვის, რომელიც თეატრში დამხვდა, მადლობას ისევ ქალბატონ მედეას ვუხდი — მან მართლაც დიდი კარი გამიხსნა. მჯერა, რომ ადამიანი, მით უმეტეს ხელოვანი, უბრალო და თავმდაბალი უნდა იყოს. როგორც გურამ დოჩანაშვილი ამბობდა: „ყველაზე დიდი სილამაზე ამაღლებული უბრალოებაა“. არასდროს უნდა დაკმაყოფილდე მიღწეულით, მუდამ განვითარებისკენ უნდა ისწრაფოდე. ჯერ არ ვიცი, რას შევქმნი ან როგორ ვიცხოვრებ — ამას წლები და ხალხის შეფასება გამოაჩენს. მანამდე კი ჩემი დევიზი უცვლელია: შრომა და მოთმინება. სწორედ ეს არის გზა ნამდვილი ხელოვნებისკენ.

მედეა კუჭუხიძე

- რა შედის შენს სამომავლო გეგმებში?

- ლევანის წიგნის შემდეგ ქართველი ხალხი, ჩემგან, სხვა პროექტებსაც იხილავს, რომლებიც უკვე სხვა მსახიობებს მიეძღვნება. დარწმუნებული ვარ, ეს ჩანაფიქრებიც ძალიან მოეწონებათ.

გულწრფელი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემით დაინტერესებისთვის. ჩემთვის, როგორც ერთი პატარა და გამოუცდელი ბიჭისთვის, რომელიც ახლა იწყებს ცხოვრების გზას, თქვენი ყურადღება უდიდესი პატივია. წარმატებებს გისურვებთ.

და ბოლოს: მიყვარხარ, ლევან! შენ ჩემს საუკეთესო მეგობრად და ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქეცი.

ავტორი: თამარ გონგაძე

01/12/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024