საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ქართველი ენათმეცნიერი და ფილოლოგი - მზექალა შანიძე 100 წლის გახდა! საუკუნე იცხოვრო და ბოლომდე ასე საღად და თანამედროვედ იაზროვნო, აღტაცების მომგვრელია.
იყო გამოჩენილი მეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი - ერთი ქალის ბიოგრაფიისთვის საკმაო წონიანი ჩამონათვალია.
1952-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს შემდეგ სპეციალობებში: ძველი ებრაული ენა, სემიტურ ენათა შედარებითი გრამატიკა, ქართული ენა, ქართული სალიტერატურო ენის ისტორია. 1952-1958 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიტოლოგიისა და ძველი ქართული ენის კათედრების თანამშრომელი; მოგვიანებით კი დოცენტი (1958-1981); 1981-2006 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრის პროფესორი,
გამოქვეყნებული აქვს 200-მდე ნაშრომი ქართული მორფოლოგიის, ლექსიკოლოგიის, ტექსტუალური კრიტიკის დარგში. ნაწილი მისი ნაშრომებისა გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ (საფრანგეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში და სხვა).

ქალბატონ მზექალას 1953 წლიდან დღემდე არ გაუწყვეტია აქტიური კავშირი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. აღზარდა და გზა გაუკვალა უამრავ ახალგაზრდას. მრავალწლიანი გამორჩეული სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობით ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში. მზექალა შანიძე მისი მამის - აკაკი შანიძის საქმის ღირსეული გამგრძელებელია.
გოგი გვახარიასთან გადაცემაში "შვილი" არაერთ თემაზე მოუწია საუბარი. გთავაზობთ ამონარიდს:
მზექალა შანიძე: მამა არ მაქებდა, თუ რამე მოეწონებოდა იტყოდა, ურიგო არ არისო. თუ არ მოეწონებოდა, ვაი, ჩემი ბრალი. უნებურად, მეც მისი მსგავსი შემფასებელი გავხდი, მაგრამ ჩემზე რა ანეკდოტებსაც ავრცელებენ, არც ერთი მართალი არ არის.
ხალხში ხომ იცით, როგორ არის, თან ვიღაც რომ გაიმეორებს, ისეთი დაბეჯითებით გეტყვის, მე თვითონ გავიგონე რომ თქვაო, ამ დროს - ტყუილი! არასოდეს არ მითქვამს გამოსაცდელისთვის, ხუთი აკაკის ეკუთვნის, ოთხი - მე და სამიანი - თქვენ-მეთქი. არასოდეს მითქვამს! ჩვენი საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი, მოიგონებენ რაღაცას და მერე თვითონაც სჯერათ. საწყენია, როდესაც შენზე ისეთ რამეს ამბობენ, რაც არ არის მართალი.
ყველას ვუმტკიცებ ხოლმე, როცა სიტყვა ჩამოვარდება, რომ მე ასეთი აბსურდი არასოდეს არ მითქვამს. პირიქით, ყოველთვის ვცდილობდი სტუდენტებთან კარგი ურთიერთობა მქონოდა, რაც შეიძლებოდა ვეხმარებოდი. ლექტორმა სამართლიანობა უნდა დაიცვას; თუ ხედავ, რომ სტუდენტი კარგად ფლობს საგანს, თუ იცის კარგად, რა უფლება გაქვს დაუკლო ნიშანი? ეს ისეთივე დანაშაულია, როგორც როცა არ იცის და მოუმატებ ნიშანს.
მკაცრი არ ვიყავი, ბატონო, არა. ვთხოვდი მარტო იმას, რაც სტუდენტს მოეთხოვება. პირიქით, იმ სტრესისგან უნდა გაათავისუფლო, რაც შენთან მოსვლისას აქვს, თავი თავისუფლად უნდა იგრძნოს, რომ რაც იცის, გითხრას.
ქრთამი არასდროს ამიღია. მართალია, ამის გამო გიჟის სახელი გამივარდა, მაგრამ პირადად ამ თემაზე აღარ მაწუხებდნენ. ნეპოტიზმს ადვილად დავაღწიე თავი.
აკაკი შანიძის ავტორიტეტი არაფერში გამომიყენებია. რაში მჭირდებოდა? ადვილად ვსწავლობდი.

- მამას და ივანე ჯავახოშვილის ურთიერთობაზე რას იტყვით?
მამაჩემს ივანე ჯავახიშვილთან ყოველთვის ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა და ძალიან დიდი პატივისცემით იხსენიებდა მას. ყოველთვის ასე მიმართავდა: ბატონო ჩემო, დიდო მოძღვარო, ბატონო ივანე. მაგრამ, უნდა მოგახსენოთ, რომ ეს ხელს არ უშლიდა, თავისი საკუთარი, თუნდაც განსხვავებული აზრი გამოეთქვა ამა თუ იმ სამეცნიერო საკითხის შესახებ.
- ქართული ენის ცვლილებებზე რა აზრის ხართ?
- თანამედროვე ქართული ენის ცვლილებების ასე ერთბაშად შეფასება რთულია. ინგლისური ენა, პრაქტიკულად საერთაშორისო ენად იქცა და ჩვენს ენაში, ბევრი ინგლისური სიტყვის შემოსვლა, კარგია თუ ცუდია, რთულია განსაზღვრო. ზოგ შემთხვევაში აუციელბელია, ზოგ შემთხვევაში ზედმეტია. ზოგი სიტყვა დარჩება, ზოგი - არა. ეს ენაში თავისთავად ხდება, ჩვენს გარეშე.
- სინას მთაზე მონასტერში ხელნაწერებს ეცნობოდით. როგორ დაგამახსოვრდათ იქაურობა?
- სინას მთაზე სამჯერ მოვხვდი, თითო-თითო თვე. ძალიან საინტერესო ადგილია, მონასტერი კლდეებშია აშენებული, ისე რომ გარშემო სულ კლდეს ხედავ. იქ აღმოჩნდა ზოგი ნაფლეთი ცალ-ცალკე ხელნაწერისა და ზოგიერთი წიგნი აღმოჩნდა მთელი. სინას მთა მახსოვს ყველაზე უფრო გრძელ და ყველაზე უფრო სასიამოვნო მოგზაურობად. იქ დღისით ძალიან ცხელა, საღამოს რომ გამოხვალ, შეიძლება შეგცივდეს კიდეც, ჰაერი არის ძალიან სუფთა და ზევით რომ აიხედავ, ისეთი ცაა, ასე გგონია, ხელი რომ გაუწოდო, მოწყვეტ იმ ვარსკვლავს და დაიჭერ ხელში.
01/15/2026